ქართველი ჟურნალისტების უცნაური თავგადასავალი ბელგიაში - კვირის პალიტრა

ქართველი ჟურნალისტების უცნაური თავგადასავალი ბელგიაში

"ჩვენმა კიკინებიანმა კონსულმა ყველანი რუსეთის აგენტებად მოგვნათლა"

მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო ციებ-ცხელებით შეპყრობილი ჩვენი პოლიტიკოსები ნაირ-ნაირი დაპირებებითა და სლოგანებით თავს გვაწონებდნენ და ბედნიერ მომავალს გვპირდებოდნენ, ბელგიაში ჩასულ ჩვენს თანამემამულეებს უსიამოვნო ამბავი გადახდათ თავს. ამ ამბავზე ყველაზე უკეთ მისი "მთავარი გმირები" მოგვითხრობენ:

ნანა კაკაბაძე - უფლებადამცველი:

- მაისის ბოლოს ქართველი ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები პარიზსა და ბრიუსელში ჩავედით. ეს ვიზიტი ფრანგული ორგანიზაციის - "ჟურნალისტები ჟურნალისტებისათვის" - მიწვევითა და დაფინანსებით შედგა. მოეწყო ფოტოგამოფენა, სადაც ჩვენს ქვეყანაში ბოლო 6 წლის განმავლობაში მომხდარი ძალადობის ფაქტების ამსახველი მასალა იყო ნაჩვენები. იქვე იყო ნაჩვენები დოკუმენტური ფილმები, რომლებიც ბოლო წლებში შექმნეს ქართული საგამოძიებო ჟურნალისტიკის წარმომადგენლებმა.

სამწუხაროდ, ჩვენი საკონსულოდან შეტყობინებები დაეგზავნათ ქართული დიასპორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მათ აფრთხილებდნენ, რომ ბრიუსელში ჩამოსულია ხალხი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს რუსეთის საელჩოს დაფინანსებით. შეტყობინებების ავტორები ადრესატებს ურჩევდნენ, არ მიეღოთ მონაწილეობა მათ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.

ამ თემაზე საუბრისას აღელვება ვერ დამალა ჟურნალისტთა კავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმაც:

- ბელგიაში  ჩვენმა ფრანგმა კოლეგებმა ფოტოგამოფენისა და ფილმების სანახავად უამრავი ადამიანი მოიწვიეს: როდესაც ფილმების პრეზენტაცია დავიწყეთ, აღმოჩნდა, რომ სტუმრების დიდი ნაწილი არ მოვიდა. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ პრეზენტაციის დაწყებამდეც და მსვლელობის დროსაც კონსულმა - ქალბატონმა მაია ბართაიამ დაიწყო მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა ტელეფონით. შეტყობინების შინაარსი ამგვარი იყო:

"ბრიუსელში, სასტუმრო "ქროუნ პლაზაში", იმართება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება, რომელიც რუსეთის საელჩოს მიერაა დაფინანსებული და გთხოვთ თავი შეიკავოთ აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობისაგან. საქართველოს საელჩოსა და დიასპორის სახელით მაია ბართაია".

- როგორ დაადგინეთ ამ შეტყობინების შინაარსი?

- ამგვარი მესიჯი ათასამდე ქართველს გაუგზავნეს. სხვათა შორის, გზავნილიც და მაია ბართაიასთან ჩემი საუბარიც ვიდეოკამერით გადავიღე. მასალები განთავსებულია ჩვენი ჟურნალისტური კავშირის საიტზე - www.obiektivi.net შეგიძლიათ იხილოთ, როგორ გვეუბნება კონსული - საქართველოს ელჩმა დამავალა ამ მესიჯების გაგზავნაო. როგორც შევიტყვეთ, ბელგიაში აკრედიტებულ საელჩოებსაც მიუვიდათ იგივე ინფორმაცია, სადაც მოხსენიებული ვიყავით, როგორც ანტიქართული ძალა.

ძალიან შეურაცხყოფილად გრძნობდნენ თავს ჩვენი ფრანგი კოლეგებიც, რომლებმაც მაშინვე შეიტანეს საპროტესტო წერილი საქართველოს საკონსულოში. ამავე შინაარსის სარჩელის შეტანას აპირებენ ბრიუსელის სასამართლოშიც. თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრი მათგანი რუსეთში ვერც კი ჩადის, ისეა დაპირისპირებული ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან და უცებ ჩვენმა კიკინებიანმა კონსულმა რუსეთის აგენტად მონათლა ყველა.

- ამას წინათ ერთ-ერთმა უცხოურმა ორგანიზაციამ დადო დასკვნა, ქართული მედია ნაწილობრივ თავისუფალიაო.

- მაპატიეთ, მაგრამ ეს დასკვნა კი არა, სრული უაზრობაა! რას ნიშნავს "ნაწილობრივ თავისუფალი?" შეიძლება მაგალითად, ქალი იყოს ნაწილობრივ მეძავი? ის ან არის მეძავი, ან - არა. ასევეა მედიაც - ან არის თავისუფალი, ან - არა.

ჩვენთვის ცნობილია ბევრი უცხოური ორგანიზაცია, რომელიც სააკაშვილის მიერ არის მოსყიდული ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით. დასკვნა, რომელიც ახსენეთ, Freedom Hous-ს ეკუთვნის. ამ ორგანიზაციას კი ძალიან საეჭვო რეპუტაცია აქვს. სამწუხაროა, მაგრამ ქართულ მედიაში რამდენიმე გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველა ასრულებს ხელისუფლების დაკვეთას და გვაჩვენებს, თუ რა ლამაზ და ფერად საქართველოში ვცხოვრობთ.

- რას გვეტყვით ვახტანგ კომახიძეზე,  რომელმაც ცოტა ხნის წინ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, როგორ ცხოვრობს, რას საქმიანობს?

- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ახლა მიმდინარეობს მსჯელობა მისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. ის ნორმალურადაა, აპირებს განაგრძოს თავისი საქმიანობა და მომავალშიც გადაიღოს დოკუმენტური ფილმები. ბრიუსელში ყოფნისას მის შესახებ ვესაუბრეთ "ჰუმან რაითს ვოტჩისა" და ჰააგის სისხლის სამართლის კოლეგიის წარმომადგენლებს, დეტალურად მოვუყევით, თუ რამ აიძულა ვახტანგ კომახიძე, საქართველო მიეტოვებინა.

ვახტანგ კომახიძის შემთხვევა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებაზე ლაპარაკი სასაცილოა. ამას დამიდასტურებს ყველა ის ჟურნალისტი, რომელიც ვერ "მოერგო" სააკაშვილის რეჟიმს და ვერც "ნაციონალური მოძრაობა" შეიყვარა.

ხათუნა ჩიგოგიძე