სასიკვდილო თამაშები - კვირის პალიტრა

სასიკვდილო თამაშები

ფსიქოლოგები დიდი ხანია მშობლებს აფრთხილებენ, რომ ინტერნეტსივრცეში ვირტუალური თამაშები გაჩნდა, რომლებშიც აგრესიული ქცევებია ჩადებული - სისასტიკე, მკვლელობა... უამრავი მაგალითი არსებობს, მათ შორის საქართველოშიც, მოზარდთა დანაშაულებრივი ქმედებისა, როცა არასრულწლოვნები იოლად იმეტებენ ერთმანეთს სასიკვდილოდ - ფსიქოლოგები არ გამორიცხავენ, რომ მოზარდებზე ასეთ გავლენას სწორედ ვირტუალური თამაშები ახდენენ, მეტიც, საქმე იქამდე მივიდა, ინტერნეტსამყაროში ე.წ. სასიკვდილო თამაშები გაჩნდა, რომელსაც სავარაუდოდ, საქართველოში მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორ დავიცვათ შვილები იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში სოციალური ქსელის გასაკონტროლებლად რეგულაციები არ არსებობს, ან საერთოდ, იქნება თუ არა საგანგაშო სტატისტიკის თავიდან აცილების გარანტი სოციალური ქსელის კანონმდებლობით შეზღუდვა - ამ საკითხზე უკვე ერთი წელია პარლამენტში მსჯელობენ, გასულ კვირას კი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კიდევ ერთხელ გააქტიურდა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნის მოთხოვნით. `კვირის პალიტრასთან~ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე საუბრობს:

- ინტერნეტთამაშების მოზარდებისთვის შეზღუდვა რომ აუცილებელია, ამ დასკვნამდე ჯერ კიდევ შარშან მივედით. მაგალითად, მოზარდებს ასი ათასზე მეტ პორნოსაიტზე წვდომის შესაძლებლობა აქვთ, რაც ბავშვის მორალური თუ ფსიქიკური მდგომარეობისთვის საფრთხის შემცველია, თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ინტერნეტის მოხმარების ასაკმა საგრძნობლად დაიწია და უკვე 3-5 წლის ბავშვებსაც შეუძლიათ ფლობა. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ მსგავსი ტიპის საიტებს ბავშვები ინტერესით უყურებენ, რადგან მარტივი პრინციპია - ბავშვს რასაც უკრძალავ, მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო უმძაფრდება.

- როგორ წარმოგიდგენიათ ინტერნეტის შეზღუდვა 21-ე საუკუნეში? კონკრეტულად რას გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივა?

- მხოლოდ პორნოსაიტებზე არ გვაქვს აქცენტი, გასათვალისწინებელია მოზარდების მიერ პირადი ინფორმაციების განთავსების საკითხიც, რომელსაც ე.წ. ინტერნეტმოძალადეები მათ წინააღმდეგ იყენებენ. არსებობს ქსელური ტიპის თამაშებიც, რომლებსაც მოზარდები სიკვდილამდე მიჰყავს - ამიტომ როგორც სახელმწიფომ, ისე ოჯახმაც და ზოგადად, საზოგადოებამ პრვენციული ღონისძიებები უნდა განახორციელონ. პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ სახელმწიფო არ იქნება ცენზორი. ევროპაში, კერძოდ, საფრანგეთში, ჩეხეთსა თუ სხვა მაღალგანვითარებულ სახელმწიფოში აპრობირებული მეთოდია, რომ გარკვეული საიტები მოზარდებისთვის კოდიფიცირებული ხდება, ანუ საიტი იბლოკება, რომლის კოდი მხოლოდ მშობელმა იცის. მშობელზეა დამოკიდებული ბავშვს მისცემს თუ არა საიტის გახსნის შესაძლებლობას. არ მეგულება მშობელი, რომელიც მცირეწლოვან ბავშვს პორნოსაიტებსა თუ სასიკვდილო თამაშებზე წვდომის უფლებას მისცემს, თუმცა ესეც მის ნებაზე იქნება დამოკიდებული.

- სპეციალისტები ასაკობრივი დიფერენციაციის გათვალისწინებისკენ მოგიწოდებენ...

- რა თქმა უნდა, რაც დაუშვებელია 5 წლის ბავშვისთვის, შეიძლება მისაღები იყოს რვა წლის მოზარდისთვის. ამიტომ ფილტრაციის მექანიზმებს ვამუშავებთ - ინიციატივა პირველ ეტაპზე საკანონმდებლო ბაზის მომზადებას ითვალისწინებს, რათა მაქსიმალურად დავიცვათ მომავალი თაობა, ამ პროცესში კი გარკვეული რეგულაციები საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით დაიხვეწება. გადაწყვეტილება რომ მისაღებია, ეს ცალსახად იკვეთება!

რუსუდან შელია