"ტორტების ლეონარდო და ვინჩი" - კვირის პალიტრა

"ტორტების ლეონარდო და ვინჩი"

ცნობილი ვარსკვლავების, ქეთრინ ზეტა-ჯონსისა და მაიკლ დუგლასის ქორწილში სილვია ვინსტოკის ულამაზესი ტორტი გაიჭრა - ტრადიციისამებრ, პატარძალს "ტკბილი დედოფლის" "განადგურებამ" მაინც მოუწია და სინანულით მიმართა ავტორს: "ექსტრაორდინარული ტორტი გაგვიკეთეთ, ერთადერთი იმას ვნანობ, რომ გავჭერით"

სილვია ვინსტოკი, ანუ "ტორტების ლეონარდო და ვინჩი" - ასე უწოდებენ ამერიკაში ქალს, რომლის ტორტები ცნობილთა ქორწილების ატრიბუტია.

სილვია ვინსტოკი: - პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, მაგისტრის დიპლომი მაქვს ფსიქოლოგიაში. სანამ საკონდიტრო ბიზნესში ჩავებმებოდი, საბავშვო ბაღშიც ვმუშაობდი მასწავლებლად და კვირაში 40 დოლარს ვიღებდი. სახლშიც სულ ვდიასახლისობდი, ვტრიალებდი სამზარეულოში, ვამზადებდი ოჯახისთვის სადილს. ხშირად ვაცხობდი ნამცხვრებს. მაშინ ნიუ-იორკის გარეუბანში ვცხოვრობდით. შემდეგ ფრანგული, რუსული და ჩინური სამზარეულოს კურსები გავიარე. მალე ერთ-ერთ წვეულებაზე ცნობილი შეფმზარეული გავიცანი, მან შეგირდად ამიყვანა და დაიწყო ჩემი წინსვლა... შენი საქმე მომგებიან ბიზნესად რომ აქციო, საჭიროა იღბალი, საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნა, ამასთან, ხარისხიანი პროდუქტის შექმნა. საქორწილო ტორტს კარაქის კრემით, შოკოლადითა და ახალი ხილით ვაფორმებ. ლამაზთან ერთად გემრიელიც არის. არასდროს ვიყენებ მარციპანს, ყველა ტორტის დეკორი გაყინული კარაქისგან მზადდება.

- ინტერიერისა და ტორტის მორთულობის თანხვედრას თუ აქვს მნიშვნელობა?

- საქორწილო დარბაზს დიდი მნიშვნელობა აქვს, ტორტის დიზაინი მას ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს. თუ სანაპიროზე გაქვთ ქორწილი, ტორტისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ შაქრის ნიჟარები, რომელთა ფერი ზღვისა და ქვიშის ანარეკლი იქნება. განსხვავდება მოთხოვნა ეროვნების მიხედვითაც - მაგალითად, იტალიელებს შოკოლადი და ნუტელა უყვართ, ამიტომ ტორტს აუცილებლად ამ ორ კომპონენტს ვამატებთ. რუსებისთვის მთავარია, ტორტი დიდი და გემრიელი იყოს.

- თქვენი კლიენტების რიცხვში არიან ქეთრინ ზეტა-ჯონსი და მაიკლ დუგლასი, რობერტ დე ნირო, კენედები, ოპრა უინფრი, ჯენიფერ ლოპესი და ა.შ.

- ყველა მათგანს განსაკუთრებული მოთხოვნა ჰქონდა, თითოეული ტორტიც უნიკალურია, არასდროს მეორდება. კლიენტებთან საუბარი კონფიდენციალურია, ისევე როგორც ფასი. თქვენც ხომ არ ეუბნებით ყველას, რამდენი დახარჯეთ შოპინგის დროს? (იცინის). ვერ ვიტყვი, რომელი ტორტი იყო განსაკუთრებული, დედა ხომ ვერ გამოარჩევს შვილებს? ასეა ჩემი საქმეც.

ნინო წიფურია