"იმდენად კარგად ვიცნობ მერაბ დარჩიას, რა დაარტყამს თავში, უკვე ვიცი" - კვირის პალიტრა

"იმდენად კარგად ვიცნობ მერაბ დარჩიას, რა დაარტყამს თავში, უკვე ვიცი"

"ქალბატონი დედა" არაჩვეულებრივი ქალია, მერაბსა და ეგონას რომ არეული ჰქონდათ ურთიერთობა, მე და ქალბატონი ლაურა მაშინაც ვმეგობრობდით"

კმაყოფილი ვარ ჩემი პროფესიული არჩევანით. მე სხვა საქმის გამკეთებელი კაცი არა ვარ. მსახიობობას მარტო პროფესიის არჩევა არ სჭირდება, უნარებსაც მოითხოვს, რასაც ან გიბოძებს ღმერთი, ან არა, - ამბობს მსახიობი ზურა ნიჟარაძე, რომლის სახელის გაგონებაზეც გონებაში საფირმო მიმართვა - "ქალბატონო დედა" გახსენდება. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი როლი აქვს განსახიერებული, მიაჩნია, რომ ყველაზე დიდი პოპულარობა მას მერაბ დარჩიას როლმა მოუტანა.

- შემოქმედი კაცი ყოველთვის ცდილობს მეტად გაიზარდოს პროფესიაში. როცა შენი თავით კმაყოფილი ხარ, მაშინ კვდები, როგორც შემოქმედი. ამიტომ, თუ გგონია, რომ კარგი არტისტი ხარ, ესე იგი, ან ვერა ხარ კარგად, ან ძალიან ნასვამი ხარ.

თუ რაიმე სპექტაკლი იყო სკოლაში, ვთამაშობდი. თითქმის ყველა პედაგოგის პაროდიას ვაკეთებდი. მაღალ კლასებში მან-სან-კანის გუნდში გავწევრდი. კომედიური ჟანრი უფრო ახლოს იყო ჩემთან, თუმცა, როცა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, გოგი ქავთარაძის, მზია მაღლაკელიძისა და გურამ საღარაძის ჯგუფში მოვხვდი, უკვე განსხვავებული როლები მქონდა და ნელ-ნელა ჩამოვყალიბდი არტისტად.

- თქვენს როლებს რომ გადავხედოთ, ალბათ, პოპულარობით რეკორდს მერაბ დარჩიას როლი ხსნის "ჩემი ცოლის დაქალებში".

- ალბათ, ასეა. სერიალამდე იყო ფილმი, თეატრი... გარდა იმისა, რომ ქეთი დევდარიანმა მოიგონა მერაბ დარჩია, მეც ვფიქრობდი, რომ მერაბის სახით კეთილი ადამიანი განმესახიერებინა. ცოტა შტერი, მაგრამ კეთილი. ხალხს ძალიან უყვარს მერაბ დარჩია. ამას ყველგან ვგრძნობ.

- თავიდანვე მოქეიფე და დარდიმანდი იყო, თუ ეს თვისებები თქვენ შესძინეთ მას?

- მერაბ დარჩია არ არის სუფრის ტრადიციების მოყვარული კაცი. ის უფრო მეგობრების წრეში ქეიფის მოყვარულია. რომელ სუფრის ტრადიციაზეა ლაპარაკი, მისი წაკითხული ლექსი არავის ახსოვს, სიმღერით კი მღერის, მაგრამ სმენა არა აქვს.

- ობიექტი თუ გყავთ, რომელსაც ჰბაძავთ მერაბ დარჩიას განსახიერებისას?

- უკვე იმდენად კარგად ვიცნობ მერაბ დარჩიას, დილით რომ ადგება, სად წავა, რას გააკეთებს და რა დაარტყამს თავში, უკვე ვიცი. თუმცა, თავიდან ერთ-ორ მეგობარს რაღაც-რაღაც თვისებებს ვპარავდი მერაბის გამოსაძერწად. სერიალს რომ ნახავდნენ, მეუბნებოდნენ, რაღაცას მაიმუნობ შენ, ის სცენა რომ გაითამაშე, ეგეთი ამა და ამ დროს მე დამემართაო...

- იმდენს შაყირობდა მერაბი "ქალბატონ დედაზე", არც კი მეგონა, ასე ძალიან რომ ჰყვარებია სიდედრი.

- მელას თავისი მახრჩობელა უყვარსო. გარდა ამისა, მერაბ დარჩია წყენას არ იდებს გულში, მალევე ავიწყდება.

- ამ ზაფხულს მედია აქტიურად განიხილავდა თქვენი დაოჯახების ამბავს. საინტერესოა, მერაბ დარჩიასგან რა ისწავლა ახალდაოჯახებულმა ზურა ნიჟარაძემ?

- მერაბი მე არ მგავს. მისგან განსხვავებით, მე პუნქტუალური კაცი ვარ. მეორე, მე და ჩემი მეუღლე მარტო ვცხოვრობთ. შეხმატკბილებული წყვილი ვართ. ყველა ოჯახურ დეტალს ერთად ვგეგმავთ.

- სიდედრს როგორ მიმართავთ?

- სახელით, რა თქმა უნდა. ძალიან მიყვარს და ვაფასებ.

- პარტნიორებზეც მიამბეთ.

- მე და ნატა ბერეჟიანს (მერაბ დარჩიას ცოლი) პირველი კურსიდან მოყოლებული ხშირად გვიწევდა პატნიორობა, ქალბატონ ლაურასთან (ეგონა) ერთად კი პირველად მომიწია მუშაობამ. არაჩვეულებრივი ქალია, კეთილგანწყობილი, მერაბსა და ეგონას რომ არეული ჰქონდათ ურთიერთობა, მე და ქალბატონი ლაურა მაშინაც ვმეგობრობდით და გვიყვარდა ერთმანეთი.

- თქვენი ფოტოები რომ დავათვალიერე, ისტორიული პერსონაჟებიც გითამაშიათ. განსაკუთრებით ის ფოტო დამამახსოვრდა, კეისრის ტოგაში რომ ხართ.

- ისტორიული სახეები კი მაქვს განსახიერებული, მაგრამ მაგ როლზე არ მიმუშავია - მეგობართან ვქეიფობდით კახეთში. საღამო ხანს აცივდა და პლედი მოვისხი. მერე პოზაც მივიღე და დაფნის გვირგვინიც მომართვეს. ასე განვასახიერე კეისარი და შესანიშნავი ფოტო დამრჩა მოსაგონებლად.

- მეუღლე რა პროფესიისაა?

- ექიმია, თუმცა არ უყვარს, მასზე რომ წერენ. ოჯახური ცხოვრება გამოვცადე, პროფესიული საქმიანობაც მიფასდება, თუმცა მიმაჩნია, რომ მთავარი ცხოვრებაში მაინც სიკეთე და სიყვარულია.

ეკა სალაღაია