"ჩვენი მუსიკოსები თავიანთი საქმის გენერლები არიან" - კვირის პალიტრა

"ჩვენი მუსიკოსები თავიანთი საქმის გენერლები არიან"

ის საგუნდო მუსიკასა და სამხედრო სასულე მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის ორი თვის წინ პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. კაპიტანი კობა მერმანიშვილი თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრს 2008 წლიდან ხელმძღვანელობს. მუსიკა ჩემთვის პირველი სიყვარულიაო, ამბობს ახალგაზრდა დირიჟორი.

- თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრი წელს არსებობის 25-ე წლისთავს აღნიშნავს. ორკესტრის დირიჟორად მუშაობა 2008 წელს დავიწყე. დედა მყავს მუსიკოსი და, ალბათ, მეც მისი გავლენით ავირჩიე პროფესია. მუსიკა ღვთის წყალობა და ჩემი პირველი სიყვარულია.

- ორკესტრში რა ჟანრის მუსიკას უკრავთ?

- სამხედრო ორკესტრი, უპირველესად, მარშებს ასრულებს. ყველა ქვეყნის მარშს ვუკრავთ, რაც აუცილებელია ოფიციალურ ცერემონიებზე. ვმართავთ კონცერტებსაც. ორჯერ მიგვიწვიეს შემოდგომის ფესტივალზე კახეთში ჯერ ლატვიელ, მერე კი ბრიტანელ კოლეგებთან ერთად. მანამდე ლექსო თორაძესა და ედიშერ სავიცკისთან ერთად დავუკარით პროკოფიევის კონცერტი - სასულე ორკესტრისთვის გადავაკეთეთ. ქართული და ბრიტანული სასულე ორკესტრები 2012 წლიდან ვთანამშრომლობთ, ვმართავთ ერთობლივ კონცერტებსა და მასტერკლასებს. გვაქვს ურთიერთობა თურქებთან, პოლონელებთან... ორკესტრში 60 მუსიკოსია. ეს პროფესიონალების კოლექტივია. ჩვენ ყველა ქვეყნის დელეგაციების წინაშე გვიწევს დგომა - ჩამოსვლისთანავე მათ შენი ქვეყანა უნდა წარუდგინო, ამიტომ ორკესტრი ძალიან კარგად უნდა უკრავდეს.

- ახლახან დამოუკიდებლობის მარშის კონკურსი ჩატარდა.

- ჯარს დამოუკიდებლობის მარში არა აქვს, თუ არის, ძველია და საბჭოური სურნელი ასდის, ამიტომ ახალი გვინდა.

ახალი მარშის გამოსავლენ კონკურსზე ბრიტანელი ჟიურის თავმჯდომარე გვყავდა - უელსის პრინცის დივიზიის ორკესტრის ხელმძღვანელი. ჩვენთან ჯერ არ არის მარშის წერის კულტურა. მას ისეთი სტრუქტურა უნდა ჰქონდეს, ლოგიკურიც იყოს, ლამაზიც, ყველა მსმენელისთვის დასამახსოვრებელი და ყველაფრისმთქმელი. ამიტომაც არის მისი დაწერა ურთულესი - ხუთ წუთში უნდა ჩაატიო ყველაფერი. კონკურსზე პირველ ადგილზე არავინ გასულა. მინდა ეს კონკურსი ყოველ ორ წელიწადში ჩატარდეს, იქნებ ვისწავლოთ მარშების წერა.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ გუნდის წევრებს?

- ალბათ, ისეთ ადამიანებთან ვერ ვიმუშავებ, ვისთანაც კარგი ურთიერთობა არა მაქვს. ზოგიერთი დავნათესავდით კიდეც - ერთმანეთს შვილები მოვუნათლეთ... ორკესტრში სამი გოგონა გვყავს, ერთი - ფლეიტაზე, მეორე - საქსოფონზე, მესამე კი ტუბაზე უკრავს. საქართველოში ტუბაზე ერთადერთი გოგონა უკრავს და ისიც ჩვენთანაა.

ორკესტრის ზოგიერთ ძველ წევრს საბრძოლო გამოცდილებაც ჰქონდა, სამწუხაროდ, რამდენიმე აფხაზეთის ომში დაიღუპა. ვინაიდან ჩვენი ორკესტრი სამხედროა, ყველას აქვს შესაბამისი წოდება. დროთა განმავლობაში მუსიკოსებს წოდება ემატებათ, მე, მაგალითად, კაპიტანი ვარ. ღირსების ორდენის გარდა, მაქვს გენერალ გიორგი კვინიტაძის თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი შეიარაღებულ ძალებში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენ სამხედრო მომზადებას არ გავდივართ. ხელმძღვანელობა გვიფრთხილდება.

- ამხელა ორკესტრის მართვა, ალბათ, იოლი არ არის.

- მართლაც ასეა... რთულია მუსიკალური ინსტრუმენტების ამეტყველება. მაგალითად, ტუბაზე დღეში ოთხი საათი უნდა ჩაბერო, მეტი არ შეიძლება და ეს ოთხი საათი მთელი კვირა მაღაროში მუშაობას უტოლდება. წარმოიდგინეთ, 14-კილოგრამიანი ტუბა ჯერ ასწიე, მერე დაუკარი. ზოგს მოძრაობისას უწევს დაკვრა და ფიზიკურადაც ძლიერი ხომ უნდა იყოს!

ჩვენი მუსიკოსები თავიანთი საქმის გენერლები არიან. ყველას მუსიკა აძლებინებს და აბედნიერებს. აქამდე ორკესტრს ალმაცერად უყურებდნენ - არც სამხედრო ხარ, არც მუსიკოსად აღგიქვამენ. დიდი შრომით გავტეხეთ ნავსი.

გვინდა ორკესტრი ჩვენშიც ისეთივე პოპულარული გახდეს, როგორიც ევროპაშია. თავდაცვის მინისტრი და სამინისტრო ბევრ რამეს აკეთებენ ჩვენთვის, ზრუნავენ მუსიკოსების ფორმებსა და ინსტრუმენტებზე, ამჟამად შენობაში რემონტსაც გვიკეთებენ.

- ოფიციალური ცერემონიების გარდა, კიდევ სად უკრავთ?

- ევროპულ ქვეყნებში სამხედრო ორკესტრები სხვაგანაც უკრავენ.

ჩვენ რაგბისა და ფეხბურთის მატჩებზეც კი დაგვიკრავს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ 4 იანვარს დავიბადე, პატრიარქის დაბადების დღეს. მინდა მას კონცერტი გავუმართოთ, ორკესტრთან ერთად გავაკეთო "კირიელეისონის" არანჟირება და მოწვეულ მომღერალთან ერთად შევასრულოთ.

- ხომ არ გიფიქრიათ, რომ ორკესტრი და მუსიკოსები ჩარჩოებში ხართ მოქცეული?

- მუსიკოსი ჩარჩოში არ უნდა მოაქციო, მაგრამ მუსიკა თავისთავად ჩარჩოშია მოქცეული. დირიჟორი აქცევს ჩარჩოში მუსიკას - ის რომ არა, ქაოსს მივიღებთ.

თავისუფალ დროს ოჯახსა და მეგობრებთან ვატარებ. იყო დრო, ფეხბურთს ვთამაშობდი, თანაც არცთუ ურიგოდ. ბევრისგან მსმენია, მუსიკა და სპორტი ერთმანეთს ვერ ეწყობაო. არ არის მართალი... ფეხბურთიც მუსიკალურია, მთავარია, როგორ შეასრულებ.

ნანა ფიცხელაური