"შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..." - კვირის პალიტრა

"შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."

თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში შევხვდით ერთმანეთს. მოსაუბრე ორმოცდაათ წელს გადაცილებული ქალბატონია. ვსხედვართ მრგვალ, ძველებურ მაგიდასთან, რომელიც მთლიანად მარმარილოსგანაა დამზადებული და ყველაზე კრიტიკული ადამიანის გემოვნებასაც დააკმაყოფილებს მისი დახვეწილობა. ვენურ სკამზე უხერხულად ჩამომჯდარი, პასიური მოსაუბრის პოზიციით, ჩაის ფინჯანს დროდადრო ლამბაქზე ვატრიალებ და მასპინძელს ვუსმენ.

"ეს სახლი ბოლშევიკების მოსვლამდე ერთმა ცნობილმა ექიმმა ააშენებინა. მეორე სართულზე ცხოვრობდა თვითონ 1921 წლამდე, პირველზე კი უფასო ლაზარეთი ჰქონია მოწყობილი უპოვართათვის. პეტერბურგში უსწავლია მედიცინა და ქართველების სიყვარულს გაჭირვებულთა მკურნალობით გამოხატავდაო, - გამიგონია. საქართველოს "გაწითლების" მოახლოებისას, ცოლ-შვილს მისთვის უთქვამს, - წავიდეთ საფრანგეთშიო. ექიმი არ დასთანხმებია, - თქვენ წადით, მე ასაკში ვარ, უსამშობლოდ ვერ გავძლებო. ოჯახი ემიგრაციის დიდ ტალღას გაჰყოლია, თავად კი ელოდებოდა ბოლშევიკების შემოსვლას - დასაკარგავი თითქოს არც არაფერი ჰქონდა, არც ეშინოდა და არც ერიდებოდა. თბილისის "რევკომმა" ერთ დღეს კარზე დაუკაკუნა და უთხრა: ამხანაგო ექიმო, თქვენი უფასო ლაზარეთი აღარაა საჭირო, უნდა გაათავისუფლოთ პირველი სართული და პროლეტარები შემოვასახლოთო! საწოლები მორიგეობით დაცალეს პაციენტებმა და მალე, ტომარააკიდებული მუშა წვრილშვილით მანამდე სიზმრად უნახავ კედლებს შეეხიზნა. ცოტა ხნის შემდეგ, მეორე სართულზეც მიაკითხეს ექიმს, - ერთ კაცს ერთი ოთახიც გეყოფაო და 270 კვადრატულ მეტრ ფართობში ერთი ნათელი ოთახი "დაუთმეს"...

ბაბუა აფხაზეთის სოციალისტური რევოლუციის აქტივისტი იყო. 1936 წელს მისთვის ნება დაურთავთ, ექიმის სახლზე ეს მესამე სართული დაეშენებინა. პირველი ორი სართულის არქიტექტურა მთლიანად გაუმეორებიათ მშენებლებს, ბუხრებიც კი ასლი იყო პირველი ორისა, ოღონდ მოსაპირკეთებლად იტალიური ფაიფურის ფილები გამოუყენებიათ. ალბათ, ისიც რომელიმე დიდგვაროვნის სახლიდან იყო მოტანილი, ისევე, როგორც სხვა არაერთი ნივთი. ამბობენ, მარტო მუხრან-ბატონების სახლიდან 30 ურემი ოქრო-ვერცხლისა და ფაიფურის ნივთები გამოზიდეს ბოლშევიკებმა, მერე ზოგი გადაადნობინეს, ზოგიც შინ სამშვენისებად წაიღესო. ეს მაგიდაც მაშინდელია, ალბათ, ნაძარცვია ესეც...

ერთ წელიწადში ბაბუას აუყვავებია მესამე სართული, თითქოს არც არაფერი აკლდა სრულ ბედნიერებამდე, ცოლი ჰყავდა, ორი ასული და გავლენიან პიროვნებადაც მიიჩნეოდა. 1937 წელს, ღამით, სამ ჩეკისტს მოუკაკუნებია კარზე და საწოლიდან წამოუგდიათ ამაგდარი ბოლშევიკი. თითქოს არც გაჰკვირვებია, აუჩქარებლად ჩაუცვამს ხამის პერანგი და გალიფე შარვალი. შვილებს მიხედეო, - დაუბარებია ცოლისთვის და სამუდამოდ დაკარგულა. მეორე დილით რამდენიმე ნათესავს მოუკითხავს ბებიასთვის, - სიფრთხილის მიზნით, საავადმყოფოში დაწექი, "ბრმა ნაწლავი" ამოიჭერიო. - რას ამბობთ, ჩემთან რაღად მოვლენ ან ჩემს ქმარს რას ერჩოდნენო? - ამოუკვნესია ქალს. სამი დღის მერე, ისევ ღამით, ისევ სამ ჩეკისტს უხეშად შეუგლეჯია კარი და უმწეო, დაფეთებული ქალისთვის უკან გაყოლა მოუთხოვიათ. ბავშვები ვის დავუტოვო, რა დავაშავეთო? - ათრთოლებულს უკითხავს. ერთ ჩეკისტს უთქვამს, სახელმწიფო მოღალატის ცოლი ხარ და თუ უდანაშაულობას დაამტკიცებ, გამოგიშვებთო. ბებია არ იყო ბრიყვი, იცოდა, რომ არავინ გამოუშვებდა და მხურვალედ ჩაჰკვრია მძინარე შვილებს. გოგონებს თვალები დაუჭყეტიათ, უცხო კაცების დანახვაზე ისტერიკული კივილი აუტეხავთ. ხმაურის გამო მთელი ქუჩა ფეხზე დამდგარა. ერთ ინტელიგენტს გაუბედავს და მეზობლები ნამუსზე აუგდია, - წავიდეთ, ვნახოთ, რა ხდება, ყველას ხომ არ დაგვიჭერენო?.. სახლი გავსებულა მეზობლებით, ჩეკისტებს დელიკატურად ბოდიში მოუხდიათ და გასულან. მეორე დილით უკვე ბებია საავადმყოფოში, ნაცნობი ექიმის ხელით "საჭირო" ოპერაციას იკეთებდა, ხოლო გოგონები (დედაჩემი და დეიდა) შორეულ ნათესავს მიაბარეს სამტრედიის მახლობელ სოფელში. გაგრძელება