იონაგუნი: წყალქვეშა ქალაქის საიდუმლო - კვირის პალიტრა

იონაგუნი: წყალქვეშა ქალაქის საიდუმლო

"ყველაზე დიდი ნაგებობა ძალიან ჰგავს მრავალსაფეხურიან მონოლითურ პირამიდას, რომლის სიმაღლეც ოცდახუთ მეტრს შეადგენს"

15 მეტრის სიღრმეზე არატაკე გადააწყდა სწორკუთხედებისა და რომბების ორნამენტებით დაფარულ უზარმაზარ ქვის პლატოს, რომელიც ფართო და ბრტყელ პლატფორმა-ტერასებად იყო დაყოფილი. უცნაური ნაგებობის კიდე ვერტიკალური კედლით მოწყვეტით ეშვებოდა ფსკერზე მთელი 27 მეტრის სიღრმეზე.

უნიკალური აღმოჩენის შესახებ მყვინთავმა რიუკიუს უნივერსიტეტის საზღვაო გეოლოგიისა და სეისმოლოგიის სპეციალისტ მასაკი კიმურას უამბო.

პროფესორი აღაფრთოვანა ახალმა აღმოჩენამ, მაგრამ კოლეგათა დიდი ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა მის ენთუზიაზმს. კიმურამ მაინც არ დაიხია უკან. დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა და ასზე მეტი წყალქვეშა ექსპედიცია ჩაატარა, პირადად შეისწავლა უჩვეულო ობიექტი და არაჩვეულებრივი აღმოჩენის მთავარ ექსპერტადაც იქცა. მოგვიანებით პრესკონფერენცია გამართა და თამამად აუწყა საზოგადოებას მეცნიერებისთვის აქამდე უცნობი უძველესი ქალაქის აღმოჩენის ამბავი, თანაც განცხადება ფოტოებით, სქემებითა და ნახაზებით დაადასტურა.

კიმურას კარგად ესმოდა, რომ წყალქვეშა ნაგებობების ხელოვნურად წარმოშობის თეორიის მხარდაჭერით ის ისტორიკოსთა მრავალწლიანი არმიის წინააღმდეგ ილაშქრებდა და საკუთარ რეპუტაციას სასწორზე დებდა, თუმცა მაინც ჯიუტად ამტკიცებდა, რომ უზარმაზარი კომპლექსი ციხესიმაგრეებს, სკულპტურებსა და სტადიონს, გზებისა და არხების ურთულეს სისტემას აერთიანებდა. მისი განცხადებით, მასიური ქვის ბლოკები წარმოადგენდა ვეებერთელა კომპლექსის ნაწილს, რომელიც პირდაპირ კლდის ქანებში იყო გამოკვეთილი. სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად წყალქვეშა ქალაქში კიმურამ უამრავ კიბესა და ტერასას, ჭასა და აუზსაც კი მიაგნო.

სხვათა შორის, იაპონური ნანგრევები ძალიან ჰგავს მსოფლიოში ცნობილ მეგალითურ ნაგებობებს, მათ შორის სტოუნჰენჯს (ბრიტანეთი) და მინოსის ცივილიზაციის დაღუპვის შემდეგ საბერძნეთში შემორჩენილ ძეგლებს, ეგვიპტის, მექსიკის პირამიდებსა და "მაჩუ-პიქჩუს" სატაძრო კომპლექსს პერუს ანდებში. სხვა დეტალებთან ერთად, იონაგუნის წყალქვეშა ქალაქს მაჩუ-პიქჩუსთან ტერასული ლანდშაფტი და უცნაური ქანდაკება ანათესავებს. ის ძალიან ჰგავს ადამიანის თავს ბუმბულით მორთულ თავსაბურავში, რომელსაც უძველესი ამერიკელები ატარებდნენ კოლუმბის გამოჩენამდე. წყალქვეშა კომპლექსის ნაგებობათა ტექნოლოგიური თავისებურებები კი, პრაქტიკულად, ზუსტად იმეორებს იმ კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებს, რომელთაც უძველესი ინკები იყენებდნენ ქალაქების მშენებლობისას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსაზრებას, თითქოს ახალი სამყაროს უძველესი მოსახლეობა, რომელმაც მაიას, ინკებისა და აცტეკების მაღალგანვითარებულ კულტურას ჩაუყარა საფუძველი, წარმოშობით სწორედ აზიიდან იყო.

მართალია, მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოება უამრავ საკითხზე ვერ თანხმდება, მაგრამ დავის ძირითადი მიზეზი მაინც იდუმალებით მოცული ქალაქის აგების სავარაუდო თარიღია, რომელიც არაფრით ერგება თანამედროვე ისტორიულ მონაცემებსა და თეორიებს.

კვლევამ ცხადყო, რომ კლდე, რომელშიც ქალაქია გამოჭრილი, სულ მცირე, ათი ათასი წლის წინ, ანუ ეგვიპტის პირამიდების, მინოსის ეპოქის ნაგებობებისა და მით უმეტეს, უძველესი ინდიელების ძეგლების აგებამდე ბევრად ადრე ჩაიძირა, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება თანამედროვე წარმოდგენებს იმ შორეულ ეპოქაზე, როცა ადამიანები გამოქვაბულში ცხოვრობდნენ და მცენარეულით ან ნანადირევით ირჩენდნენ თავს. გამოდის, სწორედ იმ პირველყოფილ ხანაში იონაგუნის ჰიპოთეზური შემქმნელები გამოქვაბულიდანაც დიდი ხნის გამოსულნი იყვნენ და ქვის დამუშავებაც ეხერხებოდათ, შესაბამისი ხელსაწყოებიც ჰქონდათ და გეომეტრიასაც ბრწყინვალედ ფლობდნენ.

რა თქმა უნდა, მსგავს მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფენ ტრადიციული ისტორიული მეცნიერების მიმდევრები, რადგან ცნობილია, რომ ტექნოლოგიური მიღწევები თუნდაც ეგვიპტელებს ხუთი ათასი წლის შემდეგ ჰქონდათ, მეორე მხრივ კი, პროფესორ კიმურას თეორიის ჭეშმარიტებად ცნობის შემთხვევაში კაცობრიობის მთელი ისტორიის თავიდან გადაწერა იქნება საჭირო, რაც აბსურდულია. სწორედ ამიტომ აკადემიური მეცნიერების წარმომადგენელთა უმრავლესობას ურჩევნია წყალქვეშა კლდის არაჩვეულებრივი რელიეფი იონაგუნის ნაპირებთან არა ადამიანის გენიოსობას, არამედ ბუნების ახირებას ან სტიქიას დააბრალოს.

მეტიც, სკეპტიკოსთა აზრით, ორიგინალური ქვის ლანდშაფტი ქანების სპეციფიკური ფიზიკური თვისებების წყალობით გაჩნდა. მათი მტკიცებით, წყალქვეშა ქალაქის მთავარი საშენი მასალის, ქვიშაქვის ერთ-ერთ ნაირსახეობას სიბრტყეზე დახეთქვა ახასიათებს და სწორედ ამით აიხსნება კომპლექსის ტერასული განლაგება და მასიური ქვის ბლოკების გეომეტრიული ფორმები, თუმცა ნაგებობის სიმეტრიულობას ჯერ ვერავინ მოუძებნა ახსნა.

პასუხგაუცემელი კითხვა კიდევ ბევრია. სწორედ ამიტომ იქცა წყალქვეშა ქალაქის ხელოვნური წარმოშობის თეორია ისტორიკოსთა და არქეოლოგთა განხეთქილების მიზეზად. ერთადერთი, რაზეც ორივე ბანაკის წარმომადგენლები თანხმდებიან, იაპონიის კუნძულებისთვის ჩვეული სტიქიური უბედურებაა, რომელმაც კლდოვანი კომპლექსი ოკეანეში ჩაძირა. ბუნებრივი კატასტროფები მართლაც ყოველთვის თან სდევდა იაპონიას. ყველაზე დიდი ცუნამი იონაგუნის კუნძულს 1771 წლის 24 აპრილს დაატყდა თავს, როცა ტალღების სიმაღლემ 40 მეტრს მიაღწია. მან ოთხი ათასამდე ნაგებობა შეიწირა და ცამეტი ათასზე მეტი კაცის სიცოცხლეც იმსხვერპლა, ამიტომ არც არის გასაკვირი, თუ სწორედ ამგვარმა კატასტროფამ დაღუპა უძველესი ცივილიზაცია, რომელმაც ქალაქი იონაგუნის ნაპირებთან გააშენა.

2007 წელს პროფესორმა კიმურამ წყალქვეშა ნანგრევების კომპიუტერული ვერსია წარმოადგინა, რომლის თანახმად, იონაგუნის კუნძულთან ახლოს ათი წყალქვეშა ნაგებობა არსებობს, კიდევ ხუთი მსგავსი კონსტრუქცია კი ყველაზე დიდ კუნძულ ოკინავასთანაა. კიმურას განცხადებით, მისი გამოთვლები ეფუძნება წყალქვეშა გამოქვაბულში აღმოჩენილი სტალაქტიტების ასაკს, რომლებიც, სავარაუდოდ, ქალაქთან ერთად ჩაიძირა. სხვათა შორის, სტალაქტიტები და სტალაგმიტები უკიდურესად ნელი პროცესის შედეგად მხოლოდ ხმელეთზე წარმოიქმნება, რაც თვალნათლივ მიუთითებს, რომ ოკინავას კუნძულთან ნაპოვნი გამოქვაბულები თავისი სტალაქტიტებით ოდესღაც ხმელეთის საკმაოდ მასშტაბურ ტერიტორიას მოიცავდა. "ყველაზე დიდი ნაგებობა ძალიან ჰგავს მრავალსაფეხურიან მონოლითურ პირამიდას, რომლის სიმაღლეც ოცდახუთ მეტრს შეადგენს", - აღნიშნა პროფესორმა, რომელმაც უძველესი ნანგრევების დეტალური კომპოზიციის აღდგენისას უამრავი მსგავსება აღმოაჩინა წყალქვეშა ქალაქსა და ხმელეთზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიკვლეულ ნაგებობებს შორის. მაგალითად, ორი წყალქვეშა მეგალითი, უზარმაზარი ექვსმეტრიანი ვერტიკალური ქვა კი იაპონიის სხვა რეგიონებში, თუნდაც გიფუს პრეფექტურაში ნაბეიამის მთებში ნაპოვნი ორმაგი მეგალითების იდენტურია. პროფესორის ვარაუდით, იონაგუნის წყალქვეშა ქალაქი ერთგვარი გაგრძელებაა სახმელეთო ნაგებობათა მთელი კომპლექსისა.

ჩანს, თანამედროვე იაპონელების წინაპრებმა მართლაც წამოიწყეს მასშტაბური მშენებლობა, რომელიც ბუნებრივმა კატასტროფამ, გიგანტურმა ცუნამიმ შეიწირა, თუმცა კონკრეტულად როდის გაშენდა გრანდიოზული ნაგებობები და რას ემსახურებოდა, ეს ისევ დაუდგენელია.