"მე და მძღოლი გამოგვიყვანეს... მესამე ბიჭის გამოყვანა ვერ მოასწრეს, მანქანა აფეთქდა..." - კვირის პალიტრა

"მე და მძღოლი გამოგვიყვანეს... მესამე ბიჭის გამოყვანა ვერ მოასწრეს, მანქანა აფეთქდა..."

"ღმერთს ვთხოვდი გონება არ დამეკარგა, თავბრუ მეხვეოდა. მამასთვის დამირეკავს, ჩემი ხმა გაეგო ცოცხალი რომ ვიყავი"

სტელა ანდიუკმა, რამდენიმე წლის წინ, საშინელი ავარიის შემდეგ, ქვედა კიდურების ისეთი მძიმე დამწვრობა მიიღო, რომ ორივე კიდურის ამპუტაცია დასჭირდა. სხეულის დამწვრობა იმდენად რთული იყო, გოგონას გადარჩენის მინიმალური შანსი ჰქონდა, თუმცა დიდი ძალისხმევით შეძლო ფეხზე დადგომა და უფრო მეტიც, აქტიური სპორტული ცხოვრების დაწყება. სტელა ეროვნებით უკრაინელია, თუმცა საქართველოში დაიბადა და გაიზარდა...

- ავარიამდე ბოლოს რაც მახსოვს ის იყო, რომ დედას მივწერე მესიჯი - მალე სახლში ვიქნები - მეთქი და... მერე აღარაფერი მახსოვს, გონება დავკარგე. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, იქვე ახლოს რესტორანი იყო და რესტორნის თანაშრომელმა ჯერ მძღოლი გამოიყვანა, მერე - მე. ამასობაში გონზე მოვედი... ვიდრე სასწრაფო და სახანძრო მოვიდოდა, მანქანა აფეთქდა და მესამე ბიჭის, ვინც ჩვენთან ერთად იყო ავტომობილში, მისი გამოყვანა ვერ მოახერხეს... სამწუხაროდ, დაიწვა...

ღმერთს ვთხოვდი გონება არ დამეკარგა, თავბრუ მეხვეოდა. მამასთვის დამირეკავს, ჩემი ხმა გაეგო ცოცხალი რომ ვიყავი. საშინლად მტკიოდა სახსრები, ჩემი ხელით გავიხადე სანდლები და მერე ისევ აღარაფერი მახსოვს.

ექიმები ჩემი ოჯახის წევრებს ეუბნებოდნენ, რომ გადარჩენის შანსი საერთოდ არ იყო. სამი დღე აპარატზე ვიყავი შეერთებული. გონზე მოსვლის შემდეგ, ცოტა რომ მოვმჯობინდი, პირველი ოპერაცია გამიკეთეს, ფეხების ამპუტაცია დამჭირდა - სახსრები სულ დამწვარი მქონდა და ფეხზე ვერ გავივლიდი.

ძალიან სუსტად ვიყავი და ექიმებიც ვერ რისკავდნენ ოპერაციის გაკეთებას, მაგრამ იმ მდგომარეობაში დარჩენაც არ შეიძლებოდა, მამას ხელი მოაწერინეს და გარისკეს... გადავრჩი. გონზე რომ მოვედი, არ ვიცოდი ამპუტაცია რომ გამიკეთეს. ექიმები თავისთვის ჩუმად საუბრობდნენ, მივხვდი, რაღაცას რომ მიმალავდნენ. ენითაღუწერელი ტკივილები მქონდა. მორფსაც კი მიკეთებდნენ, რომ დამძინებოდა. როცა ოპერაციის შედეგი გავიგე, გავგიჟდი, დღედაღამ იმაზე ვფიქრობდი, როგორ მეცხოვრა? როგორ ვიმუშავებდი და ჩემ შვილებს ვინ შეინახავდა?!.

- ოჯახი გყავთ?

- ორი შვილი მყავს, გოგო და ბიჭი. მათთვის ძალიან მძიმე იყო ამას რომ უყურებდნენ. ვეუბნებოდი არ მოსულიყვნენ კლინიკაში, თუ მოდიოდნენ, არ ვანახებდი ფეხებს. ისედაც სტრესში გაიზარდნენ, აღარ მინოდა ესეც დამატებოდათ. ჯერ მამა დაეღუპათ მე–2 მე–3 კლასში იყვნენ და ისე განიცადეს, მერე კიდევ ეს. ერთადერთი მათზე ვფიქრობდი, მათთვის უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება. ერთი თვე ხმას არ იღებდნენ. თავისთვის ჩუმად იყვნენ...

- ანუ გამოდის თავიდან დაიბადეთ. რთული გამოსაცნობი არ არის პირველი ნაბიჯების გადადგმისას რას განიცდიდით...

- გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მამას პროთეზზე დაველაპარაკე, მეჩხუბებოდა, ჯერ ადრეაო, მაგრამ ჩემი გავიტანე და გამიკეთეს. პირველი პროთეზი ძალიან მძიმე იყო, მეორე ამერიკელებმა გამიკეთეს, რომ ჩავიცვი, ისეთი ბენდიერი ვიყავი, სირბილი დავიწყე. ეტლში ცოცხალი თავით არ ვჯდებოდი, ვფიქრობდი, ვეღარასდროს ავდგებოდი.

ისე მინდოდა გარეთ გასვლა, პირველად ჩემმა დამ გამიყვანა. მამამ მითხრა, მცხეთაში ჯვარზე ავიდეთო, იმ აღმართზე ჩემი ფეხით ავედი და ჩამოვედი, ჩემზე ბედნიერი ადამიანი იმ მომენტისთვის არ არსებობდა. თუმცა საზოგადოების მხრიდან მესმოდა მსგავსი ფრაზები "ვაიმე, რა საწყალია", "რა ლამაზი გოგო და ეს რა დღეშია", მინდოდა თუ არა ვკომპლექსდებოდი და ძალიან მიჭირდა ამასთან შეგუება. ეს პროთეზი ძალიან კომფორტულია, მაგრამ წელიწადში ერთხელ გამოცვლა სჭირდება, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მამა ვიდრე ცოცხალი იყო, არ მიჭირდა... სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ მაქვს და არც ინტერესდებიან, სამწუხაროდ, ამით.

- როგორც ვიცი, აქტიურად ცხოვრობთ და სპორტით ხართ დაკავებული...

- ერთ დღეს ერთმა ეტლით მოსარგებლე გოგონამ მომწერა, არ გინდა ივარჯიშოო. მითხრა იმ ცენტრის შესახებ, სადაც ჩემნაირი ადამიანები დადიოდნენ და ვარჯიშობდნენ. მივედი, პირველად მშვილდი ხელში რომ ავიღე, ხელები ამიკანკალდა. ერთი ხელი განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში მაქვს, ექიმები მეუბნებიან 6–7 წელი სჭირდება სრულად აღდგენისთვის, შენ კიდევ ერთ წელში ბევრს მიაღწიეო. მერე როცა შეეჩვია ხელი, უფრო მეტს ვვარჯიშობდი, შემდეგ კარბონის მშვილდი დავიჭირე და ისე მომეწონა, აქტიურად დავიწყე ვარჯიში. გარდა ამისა ვვარჯიშობ ტრენაჟორებით და მომწონს ეს ყველაფერი. მინდა სპორტში ბევრ რაღაცას მივაღწიო, ვარჯიშის შედეგ კუნთიც კი წამოიზარდა, ცოტა ფინანსური მდგომარეობა არ მიწყობს ხელს, მაგრამ შედეგს მაინც მივაღწევ.

- სამსახურის ძებნა არ გიცდიათ?

- სამსახური მინდა, მაგრამ ძნელია საჩემო სამსახურის პოვნა. არსებობს თბილისში შშმ პირების დასაქმების პროგრამა, მაგრამ ისეთ გრაფიკს გთავაზობენ, ჯანმრთელ ადამიანსაც კი გაუჭირდება, არათუ მე. ხელფასი 200 ლარია და თან ტრანსპორტზეც ჩვენ უნდა ვიზრუნოთ. ტრანსპორტის მხრივაც ძალიან მძიმედ არის მდგომარეობა. რამდენჯერაც ავედი, იმდენჯერ შიში გამიჩნდა, რადგან ტრანსპორტიდან ჩამოსული არ ვიყავი, რომ ძრავდნენ მანქანას...  ვინ გაიგებს ახლა მე რა მჭირს და ყველას როგორ ავუხსნა ჩემი მდგომარეობა. ბევრი ადამიანი დღეს ამის გამო სახლშია ჩაკეტილი.

ნინო ჩიქოვანი (სპეციალურად საიტისთვის)