თენგიზ არჩვაძე: "იუბილეები არც არასოდეს მიყვარდა..." - კვირის პალიტრა

თენგიზ არჩვაძე: "იუბილეები არც არასოდეს მიყვარდა..."

18 დეკემბერს, სასახლეში საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატის, ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობის, თენგიზ არჩვაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა...

მსახიობს იუბილე ბევრმა ადამიანმა მიულოცა, განსაკუთრებული ყურადღება კი იმ ფოტომ დაიმსახურა, რომელიც ნოდარ მგალობლიშვილის მეუღლემ - ნინო ჩხიკვიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ფოტოზე ჩანს ნოდარ მგალობლიშვილი, რომ მუხლებზე დამდგარი ულოცავს მეგობარ კოლეგას იუბილეს, რასაც უამრავი კომენტარი მოჰყვა... "ორი დიდი ხელოვანი... და რაოდენ პატივისცემას და თავმდაბლობას იტევს ეს ფოტო!" - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი

ნოდარ მგალობლიშვილი და თენგიზ არჩვაძე თავად გვესაუბრენ თუ რამდენი წლის მეგობრობა აკავშირებს ორ ცოცხალ ლეგენდას...

ნოდარ მგალობლიშვილი:

- მე და თენგიზ არჩვაძე 16-17 წლიდან სულ ერთად ვართ... თენგიზი თეატრალურ ინსტიტუტში ჩემზე ერთი წლით უკან სწავლობდა. თავიდანვე ლეგენდასავით ბიჭი იყო და მასთან მეგობრობას არაფერი სჯობდა. ძალიან განათლებულია, ქვეყნის მოყვარული და საუკეთესო ოჯახის წარმომადგენელი... თენგიზზე წლინახევრით უფროსი ვარ. მე დავიბადე 1931 წლის ივლისში და თენგიზ არჩვაძე 1932 წლის დეკემბრის თვეში. იუმორით გეტყვით, რომ რადგან უფროსი ვარ, წესით, მას უნდა დაეჩოქა ჩემთვის, მაგრამ მან არ დაიჩოქა და მე დავუჩოქე... ეს მეგობრული გადაფრენა-გადმოფრენა იყო აზრების... ისე მაგისთვის არ გამიკეთებია, ამაზე რომ ხალხს ესაუბრა. აბსოლუტურად ბუნებრივად და თავისთავად მოხდა ეგრე...

- რამდენად მოგეწონათ საიუბილეო საღამო?

- ამისთანა ადამიანს რომ შესაფერისი იუბილე მოუწყო, ცოტა სხვა ნიჭი უნდა! ადამიანის ფასი იციან მის შემდეგ, როცა ამ ქვეყნად აღარ არის, თანაც ერთი კვირით, თორემ მერე ავიწყდებათ! ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, ადამიანის ბუნებაა ასეთი... დამერწმუნეთ ცხოველებშიც სულ სხვანაირადაა - ხანდახან ძაღლები როგორ ეფერებიან ერთმანეთს, ხომ გინახავთ. საწყალი, უპატრონო ძაღლები საოცარ სითბოს გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ!

თენგიზ არჩვაძე:

- არ მინახავს ეს ფოტო და ძალიან მაინტერესებს. ერთი სული მაქვს როდის ვნახავ...

- ბატონი ნოდარი ხუმრობით ამბობს მან არ დაიჩოქა და მე დავუჩოქეო...

- ჰა, ჰა... მე ხელჯოხით ვიყავი და დაჩოქების თავი სადა მქონდა?! ფეხზე ვეღარა ვდგებოდი... ნოდარი ჩემი ყმაწვილობის მეგობარია და ძალიან დიდი სიყვარული გვაკავშირებს. მადლობა თქვენ, რომ მითხარით ამ ფოტოს შესახებ!

არაფერი იუბილე და მსგავსი რამ არ ყოფილა. პატარა საღამო იყო, შვილიშვილებმა მოინდომეს, თორემ მე მაგის მსურველი არ ვიყავი და არც არასოდეს მიყვარდა...

მთელ საქართველოს ვულოცავ ნიკოლოზობას და ბედნიერებას გისურვებთ!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)