"იმ ჩეჩენს ვუცნივარ, უთქვამს, - ამ ექიმმა გადამარჩინა, ვერ მოვკლავო..." - ხევსურები ღვთის და მიშა ექიმის იმედად - კვირის პალიტრა

"იმ ჩეჩენს ვუცნივარ, უთქვამს, - ამ ექიმმა გადამარჩინა, ვერ მოვკლავო..." - ხევსურები ღვთის და მიშა ექიმის იმედად

უკვე წლებია 69 წლის მიხეილ ჭინჭარაული, ოჯახთან ერთად, ხევსურეთში ცხოვრობს და ხევსურებს მთის რთულ პირობებში უწევს დახმარებას. ბატონი მიხეილი პროფესიით ექიმია. მისი მუშაობის სტაჟი 42 წელს ითვლის, მუშაობდა თბილისში, რუსთავში, ბარისახოში, თუმცა ბოლოს იმ ადგილას დაბრუნდა, სადაც დაიბადა და იქიდან წამოსვლას აღარც აპირებს... ოქტომბრის თვიდან პირიქითა ხევსურეთში მისასვლელი უღელტეხილი იკეტება. ხალხი ღვთის და მიშა ექიმის იმედად რჩებიან...

- ბატონო მიხეილ, მთის რთულ პირობებში, როგორ იზამთრებს ხალხი ხევსურეთში?

- უჭირთ, ძნელია აქ ყოფა-ცხოვრება, გამოზამთრება... რთულ ზამთარს ცხოვრების მძიმე პირობებიც ემატება - შუქი მარტო შატილსა და მუცოშია, დანარჩენ სოფლებს ლამფის შუქზე უწევთ ცხოვრება. შუქი ვისაც აქვს, ტელევიზორიც აქვს და იგებენ რა ხდება ქვეყანაში. დანარჩენად მოკლებულია ხალხი ყველანაირ ინფორმაციას. ხანდახან დავფიქრდები ხოლმე და მიკვირს როგორ ძლებენ ასე, ყველაფრის გარეშე და არ ტოვებენ აქაურობას. ძალიან ძნელია ასე, მაგრამ რა ვქნათ. გვიყვარს აქაურობა, ეს მიწა, მთები და ვიწრო ბილიკები... ვერ ვტოვებთ... ზაფხულობით ბევრი ხალხია, ამოდიან, ისვენებენ არც ტურისტების ნაკლებობას ვუჩივით. ამ ბოლო დროს მობრუნდა ხალხი აქეთ.

1982 წელს შევარდნაძემ ჰესი გააკეთა და მოეხსნა ხევსურებს უშუქობის პრობლემა. მას შემდეგ, აბა, რამდელი წელი გავიდა და თავისი დრო მოჭამა. ამოდიან აკეთებენ, მაგრამ მაინც ვერ შველიან. რამდენიმე დღის წინ 3 დღე არ გვქონდა შუქი ამბობდნენ, რაღაც დაზიანდაო.

ვინმე ცუდად თუ გახდება თუ ტელეფონი იჭერს, მირეკავენ თუ არადა მესაზღვრეებს ატყობინებენ და მერე მესაზღვრეები მე გადმომცემენ ხოლმე. ავიღებ მეც ჩემ ჩანთას და მივდივარ. რამდენიმე დღის წინ მქონდა შემთხვევა წავედი, სანამ სოფელში შევიდოდი, ძაღლმა მიკბინა და დამიზიანა მთელი კუნთები და სისხლძარღვები. რამდენი ასეთი შემთხვევა ყოფილა ვინ მოთვლის, ზვავები, უგზოობა, წელამდე თოვლში მივლია, მაგრამ მაინც მივსულვარ ავადმყოფამდე...

ერთ შემთხვევას გავიხსენებ, რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ხევსურს ტურისტები ჰყავდა ამოყვანილი, აქედან წასვლისას, უღელტეხილზე ერთ-ერთი ტურისტი დაზიანდა - წვივის ძვლები ჰქონდა მოტეხილი. დამირეკეს, ჩავედი, რისი გაკეთებაც შევძელი, გავაკეთე, ბარისახოში გახდა საჭირო ჩასვლა საგზაო მანქანით წავედით. გზაში მძღოლს გაუჭირდა მართვა და ხევში გადავცვივდით. ორი ოპერაცია დამჭირდა, მეც ძლივს გადავრჩი.

რასაც დასთეს, იმას მოიმკიო ხომ გაგიგიათ, ჩემმა გაკეთებულმა საქმემ არაერთხელ გადამარჩინა... ერთხელაც ერთი ჩეჩენი მომიყვანეს - ფილტვების ანთება ჰქონდა, ჩემთან დავტოვე სახლში და ვუმკურნალე, რომ მომჯობინდა, წავიდა. ამ დროს ჩეჩნეთის მხარეს ხევსურები გადადიოდნენ ხოლმე სანადიროდ. ერთხელაც მე, ივანე ჭინჭარაული და არხოტელი შოთა ოჩიაური წავედით სანადიროდ. მთიდან, თურმე სამ ჩეჩენს დავუნახივართ და მიმხვდარან ხევსურები, რომ ვიყავით და მოკლა სდომებიათ ჩვენი. მაშინ ხევსურები და ჩეჩნები ერთმანეთს მტრობდნენ და აქეთ გადმოდიოდნენ. რამდენიმე ხნით ადრე შატილში ჭინჭარაულების ოჯახი - ხახონაანთ ოჯახს ვეძახდით, ერთ-ერთმა ჩეჩენმა ამოწყვიტა მთლიანად, რომელსაც სეიდა რქმევია. სწორედ ამ სამი ჩეჩენიდან, რომელიც ჩვენ ნადირობისას გვითვალთვალებდა ერთ-ერთი ეს სეიდა ყოფილა. აბა, რა თქმა უნდა, ეზიზღებოდა ხევსურები. წილი უყრიათ ვინ ვის ესროდა. მეორე ამ ჩეჩნებიდან კიდევ ის ყოფილა მე ვისაც ვუმკურნალე, ზუსტად ამას მორგებია ჩემი მოკვლა, ვუცნივარ და უთქვამს, - ამ ექიმმა გადამარჩინა, ვერ მოვკლავო... უთხოვია, ყველა გავუშვათო.

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა ჩეჩენმა მწყემსმა მიამბო, რომელიც ხევსურეთში საქონელს მწყემსავდა.

- რა ჩივილებით მოგმართავენ ძირითადად?

- აქაურები ძირითადად ჰიპერტონიას -  მაღალ წნევას უჩივიან. ზამთრაში ცივდებიან, ფილტვების ანთება ემართებათ. ხშირია მოტეხილობები, ამოვარდნები... თუ სასწრაფო და გადაუდებელია პაციენტის მდგომარეობა, თვითმფრინავს ვიძახებთ და გადაჰყავთ. არც ისე კარგი მდგომარეობაა მედიკამენტების მხრივ. 100 ლარი გვაქვს გამოყოფილი ყოველთვიურად. ვერ ვეტევით ამ თანხაში, როგორი ძვირია დღეს წამლები. ჩემი ხელფასით ვყიდულობ ხალხის წამლებს, რამდენიმე თვის წინ 200 ლარამდე წამლები ამოვატანინე, დაგვაკლდა მკურნალობის დროს... ღმერთმა ყველას სიკეთეში მოახმაროს  და ნუ დააჭირვოს ჩემი თავი ჩემ ხალხს, მაგრამ თუ მაინც დავჭირდები, მათ გვერდით ვარ ყოველთვის. აქ განსაკუთრებით უჭირს ხალხს, არ აქვთ შესაძლებლობა იყიდონ წამლები.

- ხევსურეთში ოჯახით ცხოვრობთ?

- პირველი მეუღლე 7 წლის წინ, მუცოს ხეობაში წყალში ჩავარდა და გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. მისგან 3 შვილი - ორი ბიჭი და ერთი გოგო დამრჩა. რამდენიმე წლის შემდეგ მეორე მეუღლე მოვიყვანე, მისგან ორი ბიჭი მყავს და აქ დადიან სკოლაში. შვილიშვილებიც მყავს - ექვსი - მდიდარი კაცი ვარ. წლების განმავლობაში თბილისში რკინიგზის, ხოლო რუსთავში მეტალურგიული ქარხნის საავადმყოფოში ვმუშაობდი. მერე პირაქეთა ხევსურეთის ხალხს ვემსახურებოდი. ბოლოს აქეთ წამოვედი, ხომ გაგიგიათ გამოთქმა: - ჩიტი, სადაც დაიბადება, მისი ბაღდათი იქ არისო. სიზმრებში სულ აქ ვიყავი, აქ, სადაც დავიბადე და სადაც ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი გავიარე. რაღა სიზმრებით მეყურა აქაურობისთვის, ავდექი და წამოვედი.

ნინო ჩიქოვანი (სპეციალურად საიტისთვის)