სიყვარული უსაზღვროდ ემეტებოდა ჩვენთვის - ადამიანებისათვის - კვირის პალიტრა

სიყვარული უსაზღვროდ ემეტებოდა ჩვენთვის - ადამიანებისათვის

"ვთვლი, რომ ილიაზე შეწყდა დიდი ბრძოლა"

ჩამოვიდა და სულით თავისი ჩოხი ჩამოიტანა. აბა, რას ჩამოიტანდა, თავისი კუთხის იქით ჯერ მისხალიც არ ჰქონდა ნანახი. სამაგიეროდ, რაც ჰქონდა ნანახი და განცდილი, ყველაფერი გულის ფიცარზე ეწერა: უყვარდა ბერი და ჯღუნა და მათი სახით უყვარდა ის უცნობი გლეხებიც, სადღაც შორს, მაშინ მისთვის უცნობ გურიასა თუ სამეგრელოში, სვანეთსა თუ იმერეთში რომ ცხოვრობდნენ. უყვარდა არაგვი და მისი სახით უყვარდა ყველა სხვა მდინარე, საქართველოს სხეულზე ცრემლად დადენილი - ამღვრეული და გიჟმაჟი, თუ მდორე და მოლივლივე... უყვარდა სიცოცხლე და ამ სიცოცხლით უყვარდა ყველა ადამიანის არსებობაც მზისქვეშეთში.

უყვარდა სიკვდილიც - სიკვდილს რა ექნა, სიკვდილი იყო და უნდა "ესიკვდილა"... და მასში უყვარდა თითოეული საფლავი ბებოებისა და პაპებისა, ახალგაზრდებისა და მოხუცებისა, ნაცნობებისა და უცნობებისა. ამიტომაც იყო გოდერძი ჩოხელი სუფთა ჰაერივით მთელი საქართველოსთვის, ამიტომაც გვჭირდება ყოველდღე, ყოველ წუთს მისი არსებობა. მართალია, ხორციელად ვეღარ ვხედავთ, მაგრამ მისი დანახვა ყველგან შეიძლება, სადაც სიყვარულია, მასთან შეხვედრა კი - კინოეკრანსა და წიგნებში.

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ჟურნალ "გზასთან" ერთად ელის ამ კვირაში მკითხველს. "კვირის პალიტრა" კი ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ ფრაგმენტს ჯერ დაუბეჭდავი წიგნიდან, რომელსაც რამდენიმე თვეში იხილავს მკითხველი.

ეს გახლავთ გოდერძი ჩოხელის მოგონებები. ჩვენ მეგობრები ვიყავით და ხშირად ვსაუბრობდით, მაგრამ ამ საუბრების წიგნისათვის ჩაწერა მოგვიანებით დავიწყე. ძალიან მინდოდა, გოდერძის ცხოვრება წლიდან წლამდე, ამბიდან ამბამდე არ დაგვეკარგა, გოდერძისაც უნდოდა, ეს ამბები თქვენამდე მოსულიყო, იმიტომ, რომ თითოეულ ამბავში სიყვარული ეგულებოდა, სიყვარული კი უსაზღვროდ ემეტებოდა ჩვენთვის - ადამიანებისათვის.

"აღდგომა"

ფოლკლორული ექსპედიცია იყო ჩამოსული. ზურაბ კიკნაძეც იყო იმ ექსპედიციაში და სხვები - ყველა არც მახსოვს. იმათ გავყევი. მოგვიწია სასაფლაოების მხარეს გავლამ. გაზაფხული იყო, თოვლი დნებოდა. საოცარი სანახავი იყო სასაფლაო. ზოგს, მაგალითად, საფლავის ნახატს თავი ჰქონდა ამოყოფილი, ზოგს ხარ-გუთანი უჩანდა, ზოგს - რა, ზოგს - რა. ისეთი სანახავი იყო, ფიროსმანის ტილო გეგონებოდა.

მაშინ პირველად გამიჩნდა სურვილი - ამათზე დოკუმენტურ კინოს გადავიღებ-მეთქი. მერე, გადაღება რომ დავიწყე, წავიკითხე წარწერები. ზოგი შენდობას ითხოვდა, ზოგი რას... ამ ეპიტაფიების გამო დამებადა იდეა, რა მოხდება, რო გავესაუბრო-მეთქი - გავესაუბრო სიყვარულზე, სიძულვილზე... მაგ კუთხით დავიწყე გადაღება. თანდათან ეშხში შევედი.

მომინდა, რო განმეზოგადებინა, ეროვნულ ხასიათში გადამეყვანა, სვეტიცხოველში შევსულიყავი. მერე მომინდა, რო დიდგორის ბრძოლა გადამეღო. მერე მომინდა, რო მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ვინც კი გვყოლია ბრძოლის ველზე დაცემული, ისინი ამოსულიყვნენ, იმათთან მელაპარაკა.

"აღდგომას" ვიღებდით ჩოხში, გუდამაყარში - ლუთხუბში, მთიულეთის ხეობაში. ერთი ეკლესია დგას იმ სოფელში. ზოგიერთი საფლავი ქართლის ხეობებშიც გადავიღე, ფასანაურშიც.

მთიულეთში შაოსანი ქალი მოვიდა. თურმე ჩემი თანაკლასელის საფლავს ვიღებდი, მე - არ ვიცოდი, იმისი დედა იყო. პურმარილი მოიტანა.

ეროვნული მოძრაობა არ იყო დაწყებული. არც კოსტავა იყო ისე ცნობილი და არც ზვიადი. ვიღაცაზე ხომ უნდა დამემთავრებინა ფილმი? გმირები არ გვყავდნენ, რომლებსაც ილიას მერე ვახსენებდი.... ხომ შეიძლებოდა, დავუშვათ, კოსტავაზე შემეწყვიტა საქართველოს ბრძოლის ხმები. მოწოდებასავით იყო ჩემი ყვირილი: - სადა ხართ, არაგველებო! ვიხმობდი, საიქიოდან უნდა გამომეხმო, - გამოდით, კიდე ვიბრძოლოთ-მეთქი. ეს ფილმი ანტიკომუნისტური ხო იყო, ანტირუსულიც იყო თავისი შინაარსით...

"აღდგომა" რომ გადავიღე, მაშინ 1983 წელი იყო და ეგეთი ფილმების გაშვებაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა. შეიძლება დავეჭირე კიდევაც.

შევარდნაძის დაბადების დღე ყოფილა იმ დღეს. ნუგზარ ფოფხაძეს უთქვამს, საჩუქარი მოგიმზადე და უნდა გაჩვენოო. დამიბარა. წავედით მე და ნუგზარ ფოფხაძე. წავიღეთ "აღდგომა". ცეკას კინოდარბაზში სხედან შევარდნაძე და სხვა ცეკას მდივნები.

- მოდი, მოდი, ჩემთან დაჯექიო, - დამიძახა.

მივედი. გვერდით დამისვა შევარდნაძემ.

დაიწყო "აღდგომა". "მე ვარ გოდერძი ჩოხელი, ქართველი, მინდა დაგიბრუნოთ სიცოცხლე... მინდა ცოტა ხნით საიქიოში წაგიყვანოთ", - ისმის ეკრანიდან...

ჩუმად არიან. გატვრენილია ყველა. როგორია, ცეკას მდივნები საიქიოში წაიყვანო!

ამ დროს მე ვფიქრობ: თუ არ დამიჭირეს, საერთოდ ამიკრძალავენ კინოს გადაღებას-მეთქი. რა უნდოდა ამ ფოფხაძეს, რას აიჩემა ფილმის ჩვენება-მეთქი. უცებ შეკითხვა რო დავიწყე მკვდართან და იმანაც რო მიპასუხა, შევარდნაძემ გაიცინა. გაიცინა შევარდნაძემო და გაიცინეს ცეკას მდივნებმა. მთელი ფილმი ასე იყო.

აუტყდებოდა შევარდნაძეს სიცილი. განსაკუთრებით იცინა, მკვდარს რო ეუბნება, "ქარი ხო არსაიდან გიქშუტუნებსო". ისინიც იცინიან. მერე ხომ ფილმი ასე მთავრდება: ღირსეული გმირები ამოდიან და როგორც მართლა იყო, იქაც ილიაზე  შეწყდა ყველაფერი... დღემდე ვთვლი, რომ ილიაზე შეწყდა დიდი ბრძოლა.

შევარდნაძემ უთხრა ცეკას მდივნებს: - აბა, ეხლა თქვენ გაარჩიეთ ეს კინოო. სოლიკო ხაბეიშვილი ადგა და თქვა, - თქვენი არ ვიცი, მაგრამ გოდერძი ჩოხელმა კომუნისტი კაცი დამარწმუნა, რო საიქიო არსებობსო. ზოგმა რა თქვა, ზოგმა - რა. მენთეშაშვილი ადგა, ქალაქის საბჭოს მდივანი თუ თავმჯდომარე იყო. ის გადამეკიდა. ილიაზე რატო მთავრდება ეს ფილმიო. დღეს ადამიანი აღარა გვყავსო, რომლის ხსენებაც შეიძლებაო? აქცენტი აქვს აღებული, რომ ედუარდზე დავამთავრო. წავა-წამოვა - ვიღაცა რაღაცას იტყვის, ეს ისევ იმას მეუბნება. ბოლოს, ედუარდი მიუტრიალდა და უთხრა, - შენ, მე მგონი, ამ ფილმში ილია ჭავჭავაძე გიშლის ნერვებსო. გაჩუმდა ეს კაცი.

ეს ამბავი ჩემ პედაგოგებს მოვუყევი. ომარ გვასალიამ მითხრა, მაგით იცი, რა უთხრაო? თავისი ეროვნება აგრძნობინა, იმათ ხო ილია უშლით ნერვებსო (მენთეშოვი იყო). "აღდგომა" იმავე საღამოს ტელევიზიაში გაუშვეს.

პირველი მდივნის მოსაცდელში

ერთხელ კიდე დამიბარა ედუარდ შევარდნაძემ და მითხრა, მოსკოვში უნდა გაგგზავნოთ პარტიულ სკოლაშიო.

პარტიული არ ვარ-მეთქი, -  ვუთხარი.

- მაგას არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენ მიგიღებთ პარტიაში, - მითხრა სწრაფად.

მოვიფიქრებ-მეთქი, - ვუთხარი მოულოდნელობისაგან დაბნეულმა.

- მოფიქრებისთვის რამდენი ხანი დაგჭირდება? ერთი საათი გეყოფა?...

არ ვიცი-მეთქი.

- გადი მოსაცდელში, მოიფიქრე.

გავიდა ერთი საათი. გამოვიდა ჟიული შარტავა შევარდნაძის კაბინეტიდან.

- გოდერი, რა ქენი, რა გადაწყვიტე? - მკითხა.

არა, პარტიული ვერ გავხდები-მეთქი.

ჟიულიმ მხარზე წამომარტყა ხელი:

- წადი, წადი, გოდერძი, შენ არ ხარ მაგის კაციო, - ისეთი სიყვარულით მითხრა, გული გამითბო.

საერთოდ, თბილისში რომ ჩამოვედი, ყველა სიყვარულით Yდამხვდა. ხმაც გავარდა ინსტიტუტში - პატარა ვაჟა-ფშაველა ჩამოვიდაო. მეორე გამოცდაზე ვიღაც კაცი მოვიდა. გამომკითხეს,  ვინ ხარ, საიდან ხარო. შვილო, მიგიღებთ, ოღონდ თბილისმა არ გაგაფუჭოსო. მერე გავიგე, ეს კაცი რექტორი ილია თავაძე ყოფილა, ნაფრონტალი კაცი.

სიყვარულით "მეცხვარეს" მეძახდა საშა კიკნაძე, ჩოხელო, შე მეცხვარე, შენაო...

გული მწყდება, რომ ამ სიყვარულის დაბრუნება მთლად ვერ შევძელი...