ამბობენ, მერაბს თავიდანვე მოსწონდა იზა, მაგრამ რადგან გათხოვილი იყო... - ლეგენდარული გრუშეს სიყვარულის ისტორია - კვირის პალიტრა

ამბობენ, მერაბს თავიდანვე მოსწონდა იზა, მაგრამ რადგან გათხოვილი იყო... - ლეგენდარული გრუშეს სიყვარულის ისტორია

გთავაზობთ ქართველი მსახიობის, იზა გიგოშვილის - ყველასათვის ცნობილი ლეგენდარული გრუშეს ცხოვრების შესახებ მასალას "კვირის პალიტრის" არქივიდან.

ჩემს უსაყვარლეს მსახიობს პირველად"სამეფო უბნის თეატრში" შევხვდი, მეორედ კი, სახლში ვესტუმრე. ის უკვე საწოლს იყო მიჯაჭვული; მიუხედავად ამისა, როცა გაიგო, ვინ ვიყავი, სიამოვნებით დამთანხმდა ინტერვიუზე...

თეატრშიც ბევრი ვისაუბრეთ მის შემოქმედებაზე, იმხანად ჯერ კიდევ სადავო და ვერგადაუჭრელ პრობლემაზე,"სამეფო უბნის თეატრის" გასუფთავებულ შენობაზე რომ ედავებოდნენ ებრაელი ბიზნესმენები; კიდევ წასული მსახიობები გავიხსენეთ, დაუვიწყარი ეროსი, მუდამ მოუსვენარი და ტრაგიკული გია ფერაძე, გასტროლები, შვილები, შვილიშვილი დათა და ბევრი სასიამოვნო ეპიზოდი... რაც შეეხება მეორე ინტერვიუს, ის ძალიან სევდიანი გამოვიდა.

ფოტოგალერეა

ჩემი ჟურნალისტად მუშაობის საკმაო ხნის მანძილზე, პირველად მაშინ შემოვიფარგლე ერთადერთი შეკითხვით - რას გაიხსენებდით წარსულიდან-მეთქი. იზამ სვენებ-სვენებით დაიწყო ლაპარაკი და ორი საათის განმავლობაში აღარც გაჩერებულა. მაშინ მივხვდი, რომ ამ ერთგვარი ინტერვიუ-მონოლოგით იგი ყველას გვემშვიდობებოდა. არადა, მწოლიარე მსახიობთან სახლში მისულს კარი მისმა მეუღლემ, ბატონმა მერაბ თავაძემ გამიღო და მთხოვა, - ძალიან ბევრი არ ელაპარაკოთ, ძლიერი ტკივილები აქვს და ყოველ სამ საათში ერთხელ ნემსს ვუკეთებო. უკვე ვიცოდი, რომ მერაბი იზას არავის არ აკარებდა. გარეთ საქმეზე გასული, მალევე ბრუნდებოდა სახლში, არც შვილს და რძალს, არც ნათესავს და არც მომვლელ ქალს - არავის დიდხანს არ ანდობდა იზას თავს. მაშინ ვერ შევაწყვეტინე იზა გიგოშვილს ლაპარაკი. მან თავისი ბავშვობაც გაიხსენა, ზვიად გამსახურდიაც და მერაბ კოსტავაც, რომლებთანაც ძალიან ახლობლობდა თურმე. სევდიანად მოიგონა გერმანიიდან ჩამოსვლის შემდგომი პერიოდი, როცა შავ სიაში შეიყვანეს და თეტრიდანაც დაითხოვეს.... ბოლოს, თავის ქვეყანას მიეფერა, მეგობრებს - გარდაცვლილებსა თუ ცოცხლებს... ინტერვიუ რომ გამოქვეყნდა, სწორედ იმ დღეს ეთხოვებოდა ქართველი ხალხი ლეგენდარულ გრუშეს.

იზა გიგოშვილი თეტრში მოღვაწეობით გახდა სახელგანთქმული. სატელევიზიო სპექტაკლებშიც მონაწილეობდა და რამდენიმე მხატვრულ ფილმშიც ითამაშა, მაგრამ მისი შემოქმედების ზენიტი მაინც "კავკასიური ცარცის წრე" იყო. სპექტაკლი სრული ანშლაგით მიმდინარეობდა, მისი გრუშეთი მაყურებელი იმდენად აღფრთოვანებული იყო, რომ იმ პერიოდში ბევრმა შვილი გააჩინა, ხოლო ვისაც არ ჰყავდა, იშვილა. მეხუთე-მეექვსე კლასის მოსწავლეები თავისუფალ თემაში წერდნენ, - გრუშეს ნახვის(!) მერე დედიკო კიდევ უფრო შეგვიყვარდაო!

მოგვიანებით რობერტ სტურუამ თქვა: ჩვენ ერთად ვიმუშავეთ სპექტაკლებში"ვახშმობის წინ","ბრალდება" და"სეილემის პროცესი". იზა ყველგან ძალიან კარგი იყო, მაგრამ მას რომ მხოლოდ გრუშე ეთამაშა, მაინც უბადლო მსახიობად დარჩებოდაო...

რაც შეეხება პირად ცხოვრებას და მის ირგვლივ დასმულ კითხვებს, იზამ ყოველთვის ლამაზად და ზომიერად იცოდა პასუხის გაცემა - არც გულს დაგწყვეტდა, არც ძალიან გადაგიშლიდა...

სკოლის დამთვრების შემდეგ ნათესავმა, რომელიც ბელორუსში მსახურობდა, იზაც წაიყვანა. სწორედ მინსკში გაიცნო მან პირველი მეუღლე, აკადემიკოს ანდრეი პროკოპჩუკის ვაჟი, კიბერნეტიკოსი არტური. ახალგაზრდა მეცნიერს თავდავიწყებით შეუყვარდა იზა და მალევე შეირთო ცოლად. გოგონა შეეძინათ, იზამ ია დაარქვა. მისი ოცნება სამხატვრო აკადემიაში მოხვედრა იყო. ბავშვობიდან კარგად ხატავდა. სწავლის გაგრძელება ისევ თბილისში გადაწყვიტა და გოგონასთან ერთად მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა. თუმცა გადაწყვეტილება უცებ შეცვალა და სამხატვროს ნაცვლად თეატრალურს მიაშურა. მის კურსზე იყო მერაბ თავაძე და ლია გუდაძე. ისინი მალე დამეგობრდნენ. ამბობენ, მერაბს თავიდანვე მოსწონდა იზა, მაგრამ რადგან იგი გათხოვილი იყო, მეგობრობაში გადაზარდა თავისი გრძნობაო. მეორე კურსზე მერაბიც დაქორწინდა, მსახიობი ირმა გურიელი მოიყვანა ცოლად. მათ ორი ვაჟი შეეძინათ. არ გასულა დიდი დრო და იზას ოჯახში ძალიან დაეძაბა სიტუაცია. ქმარი მინსკში დაბრუნებას სთხოვდა, არც მისი მსახიობობა ხიბლავდა მაინცდამაინც, იზას კი ცხოვრება ვეღარ წარმოედგინა თეატრის გარეშე. მერაბ თავაძე მას გვერდში დაუდგა, ანუგეშებდა, ამშვიდებდა... ეჭვის ნაპერწკალი მალე აგიზგიზდა მათ ოჯახებში... ახლა მერაბსაც აერია ოჯახური მდგომარეობა. ატყდა მითქმა-მოთქმა, ახლობლები მერაბის და იზას ერთად ყოფნის წინააღმდეგნი იყვნენ... ბერჯერ ეტკინათ გული, მაგრამ მეგობრობით დაწყებული, გულშემატკივრობით გაგრძელებული და დაბოლოს, სიყვარულით დაგვირგვინებული გრძნობა ყველაზე და ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდა. ისინი შეუღლდნენ. გაჩნდა ნიკა თავაძე.

პირველი ინტერვიუს ჩაწერის დროს, როცა იზა გიგოშვილს სიყვარულზე ვკითხე, ღიმილით მიპასუხა:

- პირველი სიყვარული მეექვსე კლასში მეწვია. ჩემმა სკოლელმა ბიჭმა იები სადარბაზოს კიბეებთან დამიწყო. მაშინ სიყვარულს ბიჭიც და გოგოც უფრო რომანტიკულად და ლამაზად გამოხატავდა. მერე ამ ბიჭის მშობლები შუა აზიაში გადაასახლეს და სკოლის წლებში ეს ამბავი დიდ დარდად გვექცა. მიხარია, რომ ის არ გაბოროტდა, კარგ ადამიანად ჩამოყალიბდა და დღეს უკვე ცნობილი პიროვნებაა. პირველი ქმარი არ მიყვარდაო, ვერ ვიტყვი, მაგრამ მაინც არ იყო ისეთი, როგორზეც ვოცნებობდი. არტური ძალიან პრაგმატული გახლდათ, მოკლებული ყოველგვარ რომატიულობას, ალბათ ამიტომაც ვერ შევეწყვეთ და დავშორდით ერთმანეთს. მერაბს მართლაც ჩემი"მეორე ნახევარი" ჰქვია, ამ სიტყვის ზუსტი გაგებით. ჩვენ ახლაც ვმეგობრობთ, ვუგებდით ერთმანეთს და რაც მთავარია, საყვარელ საქმეს ერთად ვაკეთებთ. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც სიყვარულში იტანჯებიან და იმასაც სტანჯავენ, ვინც უყვართ. სიყვარულმა თუ არ გაგაბედნიერა, აბა, რა სიყვარულია? ამ გრძნობამ კი არ უნდა დაგაკნინოს, არამედ - აგამაღლოს. როცა შეყვარებული ხარ, მიწას ფეხსაც არ აკარებ, მართლაც დაფრინავ. ბედნიერი ქალი ვარ, რომ ღმერთმა ასეთი სიყვარული მარგუნა და გამომაცდევინა.

იზა აღიარებდა, რომ კულინარული ნიჭითა და შესაძლებლობით ვერ დაიტრაბახებდა, მერაბს კი ამის გამო მისთვის არასოდეს უსაყვედურია, სამაგიეროდ მას ყველაზე დიდი ნიჭი ჰქონდა - უყვარდა ადამიანები და თეატრი, რომლისთვისაც არაფერს იშურებდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "ჩემთან რომ მოხვედით და ინტერვიუს იღებთ, მგლის ბილეთის დამსახურებაა"

მარინა ბაბუნაშვილი