"გოჭებ დავკლამ და პირველ-მეორეი გავშლი, თუ რა..." - კვირის პალიტრა

"გოჭებ დავკლამ და პირველ-მეორეი გავშლი, თუ რა..."

ამ ეშმაკი ყუთმა, რავი, რაი ჰქვიან, კომპიუტერიო თუ ჯანდაბაო, სუ გააგიჟა ბალღები. ბავშვი სუ იმაითანა ზის და სწავლისკენ აღარ იყურება. აბა, ეს ეხლა კაია?! მა წიგნი არ ვარგა და ე ეშმაკი ყუთია კარგი? ახალ წელ, მეკვლი მაგივრად ფერისბურქიო თუ რაი ჰქვიან, იმით ულოცავენ ერთმანეთსა. ეე ჩვენი ბალღიც სტადიონზე ფეხბურთი სათამაშოთ აღარც კი დადის, სუ იმაი უზის და ამბობს, აქა ვთამაშობ ფეხბურთსაო. კაცი რო მოკვდება, კომპიუტერით უსამძიმრებენ. მალე იქნება და, კომპიუტერით დაიკრძალამენ მკვდარსა...

ცოტაც და, 2018 წელი შემოაბიჯებს. კახეთში, სოფელ ბოდბისხევში, ყველაფერი ისევ ისეა, როგორც შარშან, თითო-ოროლა სახლის ფანჯრებიდან ნაძვის ხეების ნათურები ციმციმებს. მეზობლად მდებარე დაბა წნორს ამ წელსაც გაუმართლა, ცენტრალური ქუჩები ფერადი ნათურებით მორთეს. ჩვენი სოფლის ცენტრში ნაძვის ხე არასდროს მდგარა, თუმცა ჩემი თანასოფლელი პატარები ბავშვური გულუბრყვილობით მას მაინც ელოდებიან. მოკლედ, სოფლის ბირჟაც ისევ ყოფილ სადალაქოსთან, დიდი აკაკის ხის ძირას აქვთ აქაურებს "გამაგრებული". განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამ ბირჟის შემადგენლობას ყოველწლიურად ვიღაც აკლდება...

უკვე წლებია, ამ ბირჟის ერთგული წევრია 78 წლის შოთა ჭაბაშვილი. განვლილმა წლებმა, შრომამ და ჯაფამ, სიბერეში თავის კვალი დაამჩნია. ახლა მისი განუყრელი მეგობარი ყავარჯენია. სკამზე მარტი იჯდა მოწყენილი, ჰოდა, მის გვერდით მოვკალათდი და ძველი დრო გავახსენე, ახლანდელსაც მივედ-მოვედეთ და რომ იტყვიან, აქეთურ-იქითური მოვიკითხეთ.

- შოთა პაპა, აბა, როგორი განწყობა გაქვს, ისევ ისე გიხარია ახალი წლის დადგომა როგორც ახალგაზრდობაში?!

- ჩემთვინ, შვილო, ახალიცა და ძველიც უკვე სულერთია. თქვენ უნდა გიხაროდეთ თორე, ჩემი დრო უკვე მოვჭამე. ღვინო მაქ, ერთ კილო კამფეტ ვიყიდით და ეგაა. რა, გოჭებ დავკლამ და პირველ-მეორეი გავშლი, თუ რა. მწნილი, მარილი და ეგაა. არც ბალღობაში გვქონდა ბევრი, მარა უბანში ერთ დიდ სუფრასა შლიდნენ, აი, მაშინ იყო ახალი წელი.

- თქვენს ბავშვობაში საშუალება არ იყო, მაგრამ ახალ წელს მაინც სხვანაირი სიხარული იყო, არა?

- მა რაა. მაშინ უბედური გაჭირვება იყო, სახლში ფქვილი თუ იყო, ესე იგი, მშიერი არ მაიკვდებოდი. ყველა ერთითვინ იყო და ერთი ყველაითვინ. ეხლა რო მეზობელთან ხახვზე გახვიდე, შეიძლება ქონდეი, მარა არ მოგცეი. რავი, რანაი დრო დადგა. ტექნოლოგიებიო, ისაო, ესაო. ამ ეშმაკი ყუთმა, რავი, რაი ჰქვიან, კომპიუტერიო თუ ჯანდაბაო, სუ გააგიჟა ბალღები. ბავშვი სუ იმაითანა ზის და სწავლისკენ აღარ იყურება. აბა, ეს ეხლა კაია?! მა წიგნი არ ვარგა და ე ეშმაკი ყუთია კარგი? ახალ წელ, მეკვლი მაგივრად ფერისბურქიო თუ რაი ჰქვიან, იმით ულოცავენ ერთმანეთსა. ეე ჩვენი ბალღიც სტადიონზე ფეხბურთი სათამაშოთ აღარც კი დადის, სუ იმაი უზის და ამბობს, აქა ვთამაშობ ფეხბურთსაო. კაცი რო მოკვდება, კომპიუტერით უსამძიმრებენ. მალე იქნება და, კომპიუტერით დაიკრძალამენ მკვდარსა. გუშინ ჩემი დედაკაცი მეუბნებოდა, გაზეთში წაუკითხამ, ამერიკაში თუ სადღაცო, რობოტი გამოუყვანიათო და მე უნდა შევცვალო ადამიანიო. მა, ის ბალღ გააჩენს? ჩემ დროი, ლახტაობაი, ვირაობაი ვთამაშობდით. ვენახში დავდიოდით და მიწაი ვამუშავებდით. ახლა შრომა და სწავლა აღარავის უნდა, კაბინეტებში ჯდომა კი, იცოცხლე...

თუ კარგი ამინდია, უბანში გამოვდივარ ხოლმე და ძველ დროი ვიხსენებთ. ყოველ წელ სუ ვიღაც გვაკლდება, იმ ქვეყნად მიდიან და თავ აფარებენ. წამლები იგრე გააძვირეი, პენსია სუ მაგაში მიდის. ახლა იძახიან, გაზი უნდა გაძვირდეიო. ჰაერზე უნდა გადაგვიყვანონ თუ რა უნდათ...

ამას წინათ ტელევიზორში ვნახე, ჩვენი პრეზიდენტი კარტოფილის მოსავლისგან უკმაყოფილო ყოფილა. მამწონს, რომ მიწაზე მუშაობა უყვარს. მიშა კიდენა იმდენ იზამს, გაკოჭილ ჩამაიყვანენ აქა და გამაიკეტავენ ციხეში! ედიკაზე აღარაფერ ვიტყვი. მკვდარზე ან კარგ ამბობენ და ან კიდევანე არაფერსო... პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილი კი თუ გაზ არ გააძვირებს და პენსიაი მოგვიმატებს, სხვა რა გვინდა ბებრებსა. კიდენა სამუშაო ადგილები გამოყოს სოფელში, ე დაცარიელებულ ბოდბისხევში იქნებ დაბრუნდეს ხალხი. ყველა თბილისში რო გადაიხვეწა, ვეღარაი ხედავენ, რომ ქალაქში ფეხზე დასადგომი ადგილი აღარაა? მინდა კარგიც დავინახო, მაგრამ რო არაფერი ჩანს სასიკეთო... უმადურობაი სხვისაი ვერ ვიტან, განა მეც ეგეთი ვარ, მაგრამ აბა, მანახე კარგობა...

- თქვენ რომ მთავრობაში იყოთ, რას შეცვლიდით?

- ყველამ თავი საქმე უნდა აკეთოი, სოფელი ეგრე აშენდება. მე რო მთავრობაში დამსვან, რა უნდა გავაკეთო, ვიცი? არ ვიცი! ყველაი რო უმაღლესი განათლები მიღება უნდა, მაგრე სად არი, ხელობაი უნდა მიექცეი ყურადღება. ჩვენ სოფელ სუ ორი დურგალიღა შემორჩა. კაცი იმედით ცოცხლობსო და მეც უკეთესის მოლოდინში ვარ.

თორნიკე ყაჯრიშვილი