"სცენარის მიხედვით, რუბიკას ვალიკოზე უკეთ უნდა ეცეკვა"
25-12-2017
"სცენარის მიხედვით, რუბიკას ვალიკოზე უკეთ უნდა ეცეკვა"
"როგორც ახალი წელი არ არსებობს უსაცივოდ, ისე ქართული ტელევიზიები ამ ფილმის გარეშე. ფილმი 1978 წელს გამოვიდა, მას შემდეგ მე დავბერდი და "კუჩხი­ ბედინერი" - არა"

ახალი წელი როგორ იქნება ნაძვის ხის, თოვლის პაპის, გოზინაყის, "კუჩხი ბედინერისა" და "მიმინოს" გარეშე. ჩვენც ამ ფილმებსა და მის პერსონაჟებს გავიხსენებთ. "ვინც არ უნდა იყო მანდ - ღარიბი თუ მაშვრალი, მდიდარი თუ მათხოვარი, მტერი თუ მოყვარე, მეზობელი თუ ნათესავი - სიხარულით გიღებ კარს - შენი
ბედი დამებედოს!"- კოჩიას ეს სიტყვები მაყურებელს არ ჰბეზრდება.

"კუჩხი ბედინერი"


კოჩიას როლს გოვენ ჭეიშვილი თამაშობს. ხუმრობს - როგორც ახალი წელი არ არსებობს უსაცივოდ, ისე ქართული ტელევიზიები ამ ფილმის გარეშე. ფილმი 1978 წელს გამოვი
და, მას შემდეგ მე დავბერდი და "კუჩხი­ ბედინერი" - არაო.
- ჩემს შემოქმედებას და ხშირად ცხოვრებასაც შემთხვევა განაგებდა. ისტორიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და ლექტორთან შეკამათების გამო მესამე კურსზე ინსტიტუტი რომ არ მიმეტოვებინა, მსახიობობაზე ალბათ, არც ვიფიქრებდი. გურამ პატარაიას ორ ფილმში ვარ გადაღებული - "რეკორდი" და "კუჩხი ბედინერი".

ხუტა უფროსი ჩემი პირველი კინოროლია, მეორე ფილმში კოჩია რომ ვიქნებოდი, თავიდანვე იყო გადაწყვეტილი, ჩემი ცოლის, ცუცას როლის განმასახიერებელს კი კარგა ხანს ეძებდა რეჟისორი. ერთხელ ვუთხარი,­ - აგერ არაა ციალა გურგენიძე, სახასიათო როლისთვის არაჩვეულებრივი გარეგნობა აქვს-მეთქი. ციალაც ჩემსავით ქუთაისელია, მუსიკალურში ერთად ვსწავლობდით. პირველივე სინჯის შემდეგ დაამტკიცა; მაგრამ ეკრანულმა მეგრელმა ცოლ-ქმარმა მეგრული არ ვიცოდით. ამიტომ გურამი სულ მეგრელების გარემოც­ვაში გვამყოფებდა, რამაც შედეგი გამოიღო - ბოლოს ისე ავლაპარაკ­დით, მეგრელები გეგონებოდით. არ მავიწყდება - გურამი ყოველი გადაღების წინ შეახსენებდა ციალას, - არ დამღუპო, ხომ იცი, მაწაკი მეგრელი ქალი უნდა ითამაშოო.

- სად იღებდით ფილმს?

- ჩვენ რომ გვჭირდებოდა, ისეთი თოვლი თბილისში იშვიათობა იყო, ამიტომ ფიქრი დავიწყეთ, საითკენ აგვეღო გეზი და უცბად არ ჩამოთოვა - თეთრად გადაიპენტა დედაქალაქი. გავიხარეთ, მთელი ფილმი ეთნოგრაფიის მუზეუმის ტერიტორიაზე გადავიღეთ.

- ბროლია სად იპოვეთ?

- ბროლია შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოიყვანეს, ნარკოტიკების მაძებარი ძაღლი გახლდათ, მოვლილი, გაწვრთნილი. გადაღებისას ჩვენ რომ 5-6 დუბლი გვჭირდებოდა, მას ერთი ჰყოფნიდა...
ფილმი­ თუ ასეთი დღეგრძელი იქნებოდა, არ მეგონა. "კვირის პალიტრის" მკითხველს მინდა სიკეთე, სიმხნევე, სიყვარული, სიხარული, ხვავი და ბარაქა ვუსურვო. გკოცნით, თქვენი გოვენ ჭეიშვილი.

"მიმინო"


წელს "მიმინო" 40 წლის გახდა. ფილმი 1977 წელს გამოვიდა და იმავე წელს მოსკოვის X საერთაშორისო კინოფესტივალზე უმაღლესი ჯილდო მიენიჭა.

რეჟისორმა და სცენარისტმა თავიდანვე იცოდნენ, რომ ბუბა კიკაბიძეს უნდა ეთამაშა ვალიკო მიზანდარის როლი, რომელიც დიდ ავიაციაში მოხვედრაზე ოცნებობდა. აი, ვალიკო მოსკოვში ჩადის და სასტუმრო "როსიაში" ბინავდება. აქ გაჩნდა კითხვა - სასტუმროს ნომერში მარტო იცხოვროს? გადაწყდა, რომ მეზობელთან ერთად ცხოვრება უფრო საინტერესო იქნებოდა. ამას მოჰყვა შემდეგი კითხვა - ეს მეზობელი რუსი უნდა იყოს და ევგენი­ ლეონოვი განასახიერებდეს, თუ სომეხი - რომელსაც ფრუნზიკ მკრტჩიანი ითამაშებს? დიდი დავა-კამათის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ ქართველისა და სომხის მეზობლობა უფრო სახალისო იქნებოდა. ასე დამტკიცდა როლზე ფრუნზიკ მკრტჩიანი და შეიქმნა არაჩვეულებრივი დუეტი. მკრტჩიანი მისი გმირის ფრაზების უმრავლესობას გადაღების მომენტში იგონებდა, რაც იმდენად კარგად გამოსდიოდა, რომ უცვლელად ტოვებდნენ ფილმში.

მკრტჩიანის "შპაგატი"


რესტორნის სცენა, სადაც ქართველი და სომეხი პაექრობენ, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ გადაიღეს, თუმცა, აპარატურის განსათავსებლად მთელი ჯგუფი­ უფრო ადრე მივიდა. იქვე სასტუმროს ქართველი და სომეხი მობინადრეები ქეიფობდნენ. კავკასიური სტუმართმოყვარეობის ამბავი ყველას მოეხსენება და მალე გადამღები ჯგუფის წევრებიც, თავის ვალიკო მიზანდარ-რუბიკ ხაჩიკიანად, ამ სუფრაზე აღმოჩნდნენ. მოქეიფეები დაშლას არ ჩქარობდნენ. ყველა კარგად შეზარხოშდა. სცენარის მიხედვით, რუბიკას ვალიკოზე უკეთ უნდა ეცეკვა, მუსიკის თანხლებით "შპაგატზე" ჩამჯდარიყო და იატაკიდან კბილებით აეღო ხელსახოცი­, რომელიც, როგორც გახსოვთ, მკერდსავსე ქალბატონს დაუვარდა მათთან ცეკვისას. ეს ქალიც ისე დამთვრალა, ორჯერ დაცემულა გადაღებისას, მკრტჩიანმა კი თურმე რამდენჯერაც მოინდომა "შპაგატზე" ჩაჯდომა, იმდენჯერ თავით დაერჭო იატაკს. არადა, გაჯიუტდა და გადაღებაც გაუთავებლად გაგრძელდა. ბოლოს, დახრილ რუბიკას ვალიკომ ცხვირწინ ააცალა ხელსახოცი და გადაღებაც ასე დასრულდა. დანელიას ეს დუბლი რომ უნახავს,­ მთავარი გმირები შეუქია, - შესანიშნავად თამაშობთ მთვრალებსო.

"ჩიტო-გვრიტო და"...

ფილმისთვის სიმღერის დაწერის დრო რომ დადგა, თბილისში ჩამოსული გიორგი დანელია ბუბა კიკაბიძესთან ერთად გია ყანჩელს ესტუმრა.
ისაუბრეს და ბოლოს დანელიამ ფირფიტა მიაწოდა - აი, ასეთი­ სიმღერა დამიწერეო. ჩართო და რეი ჩარლზი ბითლების "Eსტერდაყ"-ს ასრულდება. კომპოზიტორმა ყველაფერი გასაგებიაო, - უთხრა. რამდენიმე დღის შემდეგ გიამ რეჟისორს და ფილმის მთავარ გმირს მოასმენინა "ჩიტო-გვრიტო". დანელიამ ცერა თითი ასწია - ზუსტად ისაა, რაც მინდოდაო.

გიორგი დანელიას მოგონებიდან: "ნა­ახალ­წლევია და ამ საპატიო მიზეზით შეჩ­ერებული "მიმინოს" გადაღება განვაახლეთ. რამდენიმე დღე გადაბმულად ვიმუშავეთ, 7 იანვარს კი მკრტჩიანმა დამიმარტოხელა - სამი დღით ერევანში უნდა გამიშვათ, მეუღლე­ თავს ცუდად გრძნობს და მთხოულობსო. იმ პირობით გავუშვი, რომ 10-ში­ დილით გადასაღებ მოედანზე იქნებოდა.­ სანამ­ ის ჩამოვიდოდა, მე თბილისში გავფ­რინდი... 8-ში საღამოს სოფიკო ჭიაურელი­ მეუბნება: - ხვალ სერგო ფარაჯანოვის დაბადების დღეა, არ იცის, რომ აქ ხარ, სიურპრიზი გავუკეთოთ, ერთად ვესტუმროთო. მეორე დღეს სერგოს უზარმაზარი ჯიხვის ყანწი ვუყიდე და მე და სოფიკო მთაწმინდაზე, ძველთბილისურ ეზოში შინ მივადექით ფარაჯანოვს. სუფრა ეზოში გაეშალათ, იმდენი ხალხი იყო... ქეიფი დაწყებული იყო, ჩემგან ზურგით მჯდომი თამადა სომხურ-რუსულად მჭევრმეტყველებდა.

აღნაგობა მეცნო, დავაკვირდი და აბა, ფრუნზიკა ვინმეში შემეშლებოდა?­ მივუახლოვდი, ჯიხვის ყანწით მოვაბრუნე და რომ დამინახა,­ ჭიქა ხელიდან გაუვარდა. მე ჯიხვის ყანწი ავუვსე, მივაწოდე და ვუჩურჩულე: თუ დალევ, ფილმში დარჩები, თუ არა და, სუფრას გადავხედე, რამდენი სომეხია, რომელიმეს ავიყვან-მეთქი. რაღა უნდა ექნა - ლიტრიანი ყანწი გამოცალა და ფილმშიც დარჩა...
"ამაზე უკეთესი რა უნდა გადამხდენოდა თავს"

- რა კინოა?

- "რაზბიტოე სერდცე". გახსოვთ ალბათ "მიმინოდან" ვალიკო­ს დისშვილის, ვარლამისა და მისი ტოლების დიალოგი. ვარლამის როლს ზაქრო სახვაძე თამაშობს. ფილმზე რომ დაამტკიცეს, 9-10 წლის იყო. დღეს კი 3 შვილის მამაა. არ უყვარს ფილმზე და გადაღებებთან დაკავშირებულ ამბებზე ლაპარაკი. თუმცა ნავსი "კვირის პალიტრასთან" გატეხა.
- ტანვარჯიშზე დავდიოდი და საზაფხულოდ საგურამოში ვყავდით ბავშვები მწვრთნელს. იქ მოვიდნენ ვარლამის "მაძე­ბრები"... კოტე დაუშვილთან ერთად გადამიღეს სინჯ­ები. მერე მოსკოვში გაგზავნეს­ და დამამტკიცეს...

- გაგიჭირდათ კამერის წინ მუშაობა?

- გიორგი დანელია ისე ზუსტად და გასაგებად ხსნიდა, რაც სჭირდებოდა, რომ ერთი ან ორი დუბლით ყველა დავალებას ვართმევდი თავს. მსახიობებიდან განსაკუთრებით შემიყვარდა კოტე დაუშვილი. არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო ზეინაბ ბოცვაძე, რომელიც ჩემს დედას ასახიერებდა და მართლა დედასავით მივლიდა... მთელი გადაღების პროცესი ჩემთვის მარტო გართობა იყო. კარგი რომ გამოვიდა, ეს პრემიერაზე შევიგრძენი.

- ფილმის გამოსვლის შემდეგ ძალიან პოპულარული გახდებოდით.

- ჩრდილში ყოფნას ვამჯობინებდი მაშინაც და ახლაც. "მიმინოს" შემდეგ რამდენიმე ფილმში გადამიღეს, ძირითადად, საბჭოთა რესპუბლიკებში. პეტერბურგში დავამთავრე სარეჟისორო, მაგრამ საბჭოთა კავშირი მალე დაიშალა, არეულობა დაიწყო, გადავიკიდე ავტომატი და თითქმის 10 წელი არ მომიხსნია, ერთ-ერთ სახელმწიფო სპეცდანაყოფში ვმსახურობდი...
"მიმინო" არაჩვეულებრივ მოგონებად დარჩა. ამაზე უკეთესი რა უნდა გადამხდენოდა თავს. "კვირის პალიტრის" მთელ კოლექტივსა და მის მკითხველს სულითა და გულით ვულოცავ ახალ წელს და წარმატებებს ვუსურვებ.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით