"ლელა, მოგესალმებით, დომინგო ვარ..." - კვირის პალიტრა

"ლელა, მოგესალმებით, დომინგო ვარ..."

"საამიროებში აბუ-დაბის ფესტივალი გავხსენით. თერთმეტ მილიონ დოლარად შეფასებული ნაძვის ხე იდგა სასახლეში, ასტრონომიული ფასის სამკაულები ეკიდა, მაგალითად, კარტიეს 30 ათას დოლარად შეფასებული საათი, ლალისა და საფირონის კოლიეები... აღმოსავლურ საზეიმო მიღებაზე პირველად ვიყავი და თავი ზღაპარში მეგონა"

"მსოფლიო ორკესტრი მშვიდობისათვის" წევრის, თბილისის ოპერის მთავარი კონცერტმაისტერის, პირველი ვიოლინოს ლელა მჭედლიძის ანგარიშზე მრავალი მსოფლიო წარმატებაა. პროფესიონალ მუსიკოსს მეგავარსკვლავებთან შეხვედრები თუ მსოფლიო მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნა ცხოვრების ნაწილად ექცა.

- 2003 წელს მიმიწვიეს ორკესტრში "მსოფლიო ორკესტრი მშვიდობისათვის", სადაც მთელი მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსები უკრავენ... საკონცერტო ტურები ლონდონიდან იწყება. დედოფალი ელისაბედი ჩვენს რამდენიმე კონცერტს დაესწრო.

- პირადად შეხვედრიხართ?

- ჯერ არა, მაგრამ 2007 წელს პირადად შევხვდი ნიდერლანდების დედოფალ ბეატრიქსს. მან როტერდამში გამართული კონცერტის შემდეგ თავად გამოთქვა სურვილი რამდენიმე მუსიკოსს შეხვედროდა. სულ ხუთი ადამიანი ამოარჩია. დედოფალს ჩვენი მაშინდელი პირველი ლედის - სანდრა რულოვსის მიერ გატანებული ქართული ტიხრული მინანქარი საქართველოს სახელით გადავეცი, რამაც აღაფრთოვანა. მკითხა, როგორი მდგომარეობა იყო ქვეყანაში, განსაკუთრებით კულტურის სფეროში.

დაუვიწყარი იყო ასევე საამიროების შეიხსა და კულტურის მინისტრ მოჰამედ ბენ ზაიდ ალ ნაჰიანთან საზეიმო მიღება.

საამიროებში აბუ-დაბის ფესტივალი გავხსენით. შემდეგ შეიხმა მიგვიწვია. თერთმეტ მილიონ დოლარად შეფასებული ნაძვის ხე იდგა სასახლეში, მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა ეს ამბავი. ნაძვის ხეს ასტრონომიული ფასის სამკაულები ეკიდა, მაგალითად, კარტიეს 30 ათას დოლარად შეფასებული საათი, ლალისა და საფირონის კოლიეები და ასე შემდეგ...

აღმოსავლურ საზეიმო მიღებაზე პირველად ვიყავი და თავი ზღაპარში მეგონა. სხვათა შორის, სხვა კერძებთან ერთად კოზაკის ხორციც მოგვართვეს, ილიანი ყავა კი ყველას ერთი ფინჯნიდან დაგვალევინეს. მერე ნელსურნელება გვაპკურეს, რაც უმაღლესი პატივისცემისა და იმის სიმბოლოა, რომ სტუმარ-მასპინძელი ერთი ოჯახია. დიდ პატივად ითვლება, როცა შეიხი და მისი მემკვიდრე თავიანთი ხელით გაწვდიან კერძს. საამიროებში ვნახეთ მსოფლიოში ექვს ყველაზე დიდ Mმეჩეთს შორის ერთ-ერთი - შეიხ ალ-ზაიდის მეჩეთი (ემირატების დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი, რომელიც იქვეა დასაფლავებული)... ეს მეჩეთი გამონაკლისია იმითაც, რომ აქ სხვა აღმსარებლობის ხალხსაც უშვებენ. უძვირფასესი მარმარილოთია ნაშენი. ერთ კედელზე მარმარილოს წვრილი ნატეხებით ვიტრაჟია და მას "გაზაფხული" ჰქვია - ულამაზესი სანახავია, თუკი რამ ფერები და ყვავილები არსებობს გაზაფხულზე, ყველაფერია დატანილი. იატაკზე გაფენილი უიშვიათესი, მსოფლიოში ყველაზე დიდი ხალიჩის მოქსოვაზე თურმე ათასობით ადამიანი მუშაობდა.

- თქვენ დაათვალიერეთ ასევე ჩინეთის აკრძალული ქალაქი...

- აკრძალული ქალაქი ნამდვილი საოცრებაა. ის მინის დინასტიიდან ცინის დინასტიამდე, 1420-1912 წლების პერიოდში, ჩინეთის იმპერატორთა სასახლე იყო. კომპლექსს 720 000 კვმ ფართობი უჭირავს, 800 შენობითა და 8000-ზე მეტი ოთახით.

ორკესტრს ისეთი მიღება გაგვიმართეს, თავი სიზმარში მეგონა - ჩინური რიტუალური და ეროვნული ცეკვებით, კოსტიუმებით, ცეცხლოვანი დრაკონებით...

- თქვენ მხოლოდ ამ ორკესტრში მოღვაწეობით არა გაქვთ დაუვიწყარი თავგადასავლები. საქართველოში ვიზიტისას თქვენ დაგიმეგობრდათ მსოფლიო მეგავარსკვლავი - პლასიდო დომინგო...

- პლასიდო დომინგო ბათუმში კონცერტზე ასრულებდა არიებს, სადაც წამყვანი ვიოლინოა. გენერალური რეპეტიციის დასრულების შემდეგ სავიზიტო ბარათები გავცვალეთ. მან კონცერტზე დამპატიჟა, რომელსაც ერევანში მართავდა ორი კვირის შემდეგ. გავიდა ორი კვირა და ჩემს ტელეფონზე ამერიკული ინდექსით ზარი შემოვიდა. როცა გავიგონე, ლელა, მოგესალმებით, დომინგო ვარო, გავოგნდი. კაფეში მეგობრებთან ერთად ყავას ვსვამდი, ცხელი ყავა ხომ გადავისხი და, თან ისეთ ხმაზე ვლაპარაკობდი, დომინგოს ხმა აღარც მესმოდა... დომინგომ მკითხა, ხომ არაფერი შეცვლილა, ახერხებ ერევანში ჩემს კონცერტზე ჩამოსვლასო? რასაკვირველია, დავთანხმდი. ჩემს უახლოეს მეგობართან ერთად გავემგზავრე კონცერტზე. დომინგომ ყველა ხარჯი თავის თავზე აიღო, ჩვენც შეგვხვდა და ერთადაც ვისაუზმეთ. დღემდე ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს. ყოველთვის ვულოცავთ ერთმანეთს დაბადების Dდღეებს. რამდენჯერმე მითხრა, რომ სურს, მიმიწვიოს ლოს-ანჯელესში, სადაც თავად ხელმძღვანელობს საოპერო თეატრს.

დაუვიწყარი იყო მონსერატ კაბალიესთან, ხოსე კარერასსა და ანგელა გეორგიუსთან ერთად ჩატარებული კონცერტები. დიდი შემოქმედებითი ბედნიერებაა ასეთ ხალხთან ერთად სცენაზე დგომა და მათთან ერთად დიდი ზეიმის შექმნა.A

მანანა გაბრიჭიძე