წლის ვარსკვლავი
25-12-2017
წლის ვარსკვლავი
"2014 წელს ჩემი, როგორც გამოუცდელი კონკურსანტის, შეფასება გიორგი გაბუნიასგან უფრო შეურაცხყოფა იყო, ვიდრე შეფასება, მაგრამ..."

გზა, რომელიც 21 წლის ნათია თოდუამ ლამის მსოფლიო აღიარებამდე გაიარა, ბევრისთვის შეიძლება შეუპოვრობის მაგალითად იქცეს... როგორც ამბობს, რომ არა იმუნიტეტი, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში ცხოვრებისას შეიძინა, აქამდე დანებდებოდა. მძიმე წლებმა მოთმინება ასწავლა, დაარწმუნა, რომ წარმატებას მხოლოდ შრომით მიაღწევდა და ერთ დღესაც... ნათია თოდუამ The Voice of Germany-ს კონკურენტები დაამარცხა - 21 წლის მომღერალმა
ხმების 50,10% მოიპოვა.
"ეს კონკურსი გერმანიაში ძალიან პოპუ­ლარულია, ამიტომ ქუჩასა თუ მაღა­ზიაში,­ ყველგან მცნობდნენ და მამხნევებდნენ - შენ ყველაზე ძლიერი ხარ, აუცილებლად გაიმარჯვებო... ზოგჯერ მგონია, რაც ახლა ხდება, სიზმარია. ყველაფერი ენით აუწერელი შრომის ფასად მოვიპოვე, მაგრამ ღირდა... ახლა რეპეტიციები გვაქვს. მანქანა მაჩუქეს და ალბომს ჩავწერ.
გერმანიის ქალაქებში ტურნეს ვიწყებთ, სადაც კონკურსის დროს შესრულებულ სიმღერებს ვიმღერებთ. შემოსულ თანხასაც გადმომცემენ. ისეთი გიჟური რეჟიმი მაქვს, ჩემი გულშემატკივრებისთვის მადლობის გადახდასაც ვერ ვახერხებ. მადლობა ყველას, მიყვარხართ, გპირდებით, რომ ეს დასაწყისია", - ამბობს ნათია თოდუა "კვირის პალიტრასთან"­ საუბარში...

- ქართულ "იქს ფაქტორში" სტეფანე მღებრიშვილის შეფასებებმა ძალიან დიდი სტიმული მომცა, ისევე როგორც ჟიურის სხვა წევრების უარყოფითმა კომენტარებმა. ვიპოვე ძალა, წინ მევლო და ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ შემიძლია... ჰოდა, გავიხაროთ აწმყოთი, რომელიც ძალიან დამეხმარება მომავალში, რომ კიდევ გაგახაროთ... ცხოვრებამ ბავშვობიდან­ ბრძოლა მასწავლა და გამაძლიერა. 2014 წელს ჩემი, როგორც გამოუცდელი კონკურსანტის შეფასება გიორგი გაბუნიასგან უფრო შეურაცხყოფა იყო, ვიდრე შეფასება, მაგრამ რომ არა მაშინდელი უარყოფითი კომენტარები, ახლა აქ არ ვიქნებოდი. არ მსურს, შეურაცხყოფას შეურაცხყოფით ვუპასუხო, მე მათ გამარჯვებით ვუპასუხე.

გრძელი გზა ოცნებებისკენ...


გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის სკოლა, სადაც ნათია სწავლობდა, მისი სახლიდან 3-4 კილომეტრის სავალზეა. გზაში ოცნების დრო ჰქონდა, ოცნება კი ბავშვ­ური­ იყო - როდის ააშენებდნენ იმ დამწვარ სახლებს, გზად რომ ხვდებოდა...
- ჩვენი მთავარი პრობლემა სახლი იყო... სახურავიდანაც წყალი ჩამოდიოდა. ორჯერ დაიწვა - პირველად აფხაზეთის ომის შემდეგ, მეორედ - 1998 წელს. მერე ორი ოთახის შეკეთება შევძელით...­სოფელში გასართობი არაფერი იყო, არც კინოთეატრი, არც - ბიბლიოთეკა... ძალიან კარგად ვსწავლობდი.­ მთელ სკო­ლაში სულ 100-მდე ბავშვი იყო, კლასში­ 4-5 მოსწავლე ვიყავით და ეს მასწავლებლებს საშუალებას აძლევდა, ყველა­ ბავშვი­ გამოეკითხათ.­.. სკოლაში მიმავალს, გზად რუსი ჯარისკაცები მხვდებოდნენ და ყოველდღე ვეუბნებოდი ჩემს გვარ-სახელს... მეკითხებოდნენ, რამდენი წლის ვიყავი, რომელ სკოლაში მივდიოდით, დირექტორი ვინ იყო... ახლა იმ გრძელ გზას ჩემი თანასოფლელები გადიან...

სკოლის დამთავრებამდე სოხუმის უნივერსიტეტიდან შემოგვთავაზეს, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში უგამოცდოდ­ მიგიღებთ და მეორე კურსის დახუ­რვის შემდეგ სწავლას მოსკოვში უფასოდ გააგრძელებთო. მე მინდოდა სოხუმში სწავლა, მაგრამ მშობლებს შეეშინდათ, იქ უნდა იცხოვროო... ერთი სიტყვით, თბილისში ჩამოვედი და 2013 წელს კავკასიის უნივერსიტეტში ჩავირიცხე. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ ძალიან დიდი გადასახადი იყო... სამჯერ გამოვიცვალე ფაკულტეტი და საბოლოოდ ჯანდაცვის მენეჯმენტისა და ეკონომიკის ფაკულტეტი ავირჩიე... მე-4 კურსზე სწავლის ქირას­ ვეღარ ვიხდიდი და აკადემიური ავიღე... მანამდე ჯგუფ "ვაკის­ პარკთან" ერთად ვმღეროდი და შემოსავალიც მქონდა. აკადემიურის აღების შემდეგ, 2017 წელს, გერმანიაში, ქალაქ ბრუხზალში,­ "ოპერის" პროგრამით წავედი. გერმანულ ოჯახში ვმუშაობდი და ენასაც ვსწავლობდი, რათა სწავლა გამეგრძელებინა...

ერთხელ ინტერნეტში The Voice of Germany-ს შესარჩევი ტურის რეკლამა ვნახე. დარეგისტრირების შემდეგ დამიბარეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემი ვიზით პროექტში მონაწილეობის უფლება არ მქონდა. თუ გინდა, ისე იმღერეო. მეც ავდექი, გიტარაზე დავუკარი და ვიმღერე. გაუკვირდათ. დროს მოგცემთ, ვიზის პრობლემები მოაგვარო და ისევ მოხვიდეო. გერმანიაში გათხოვილი უცნობი ქართველი ქალი დამეხმარა ვიზის გაგრძელებაში...

წერილები აფხაზეთიდან...


- გამარჯვების შემდეგ აფხაზეთიდანაც დამირეკეს და ინტერნეტშიც მომწერეს. სურთ, რომ სოხუმში კონცერტი ჩავატარო. ძალიან ბევრი მილოცვა მივიღე, მაგრამ ყველაფერს ვერ ვიტყვი... ეს შემოთავაზებაც დიდი ბედნიერებაა ჩემთვის. აუცილებლად ჩავალ სოხუმში, რომ დიდ სცენაზე ვიმღერო..."

გიორგი გაბუნია: "სკამამდეც არ მიგიშვებდი"


The Voice of Germany -ში მონაწილეობამდე ქართველმა გოგონამ გრძელი და მძიმე გზა გაიარა... 2014 წელს ძალები ქართულ "იქს ფაქტორში" მოსინჯა, მაგრამ საწყის ეტაპზევე ჟიურის წევრების აზრთა­ სხვადასხვაობა გამოიწვია. სცენას მიუჩვეველი გოგონა სარკაზმში გამობრძმედილი ჟიურის წევრების პირისპირ აღმოჩნდა...

ერთადერთი, ვინც ნათიას ნიჭზე ხმამაღლა ლაპარაკობდა, სტეფანე მღებრიშვილი იყო... ქართული "იქს ფაქტორის" პირველ ტურში ჟიურის ოთხი წევრიდან ერთ-ერთმა, სოფო ტოროშელიძემ, მას "ხელოვნური"­ უწოდა: "ჩემთვის ეს იყო ხელოვნური, მე ვერ დავიჯერე... სტეფანეს­ მონდომება, როგორმე გადამარწმუნოს, ვერ იმოქმედებს და ვიტყვი არას!" ეს პოზიცია­ სოფო ტოროშელიძემ მეორე ეტაპზეც შეინარჩუნა: "დღესაც ვიქნები გულახდილი და გეტყვი არას!"
შემდეგ ეტაპზე ("ოთხ სკამზე") ნათია ცინიზმით შეაფასა გიორგი გაბუნიამ და მის ნამღერს "სასაცილო" უწოდა: "მე რომ სტეფანე ვიყო, სკამამდეც არ მიგიშვებდი, მაგრამ მე არ ვარ სტეფანე, ამაში მეც და შენც გაგვიმართლა".

ნათიას გერმანულ პროექტში გამარჯვების შემდეგ გიორგი გაბუნიას არაფერი უთქვამს. მისგან განსხვავებით, ქართველ გოგონას წარმატება სოციალური ქსელით მიულოცა­ სოფო ტოროშელიძემ.

სტეფანე მღებრიშვილისთვის ნათიას წარმატება ორმაგად სასიხარულო აღმოჩნდა: "დარწმუნებული ვარ, ნათიას წარმატება მთელ საქართველოს გაუხარდა. მეც მათ შორის ვარ, როგორც ერთი მოქალაქე, თუმცა ვაღიარებ, შეიძლება, ოდნავ მეტად გამიხარდა, რადგან სიამაყეს ვგრძნობ... ახლა გავიგე პირველად, რომ ნათია ჩემი მადლიერია და ძალიან ბედნიერი ვარ, თუნდაც იმიტომ, რომ მისთვის ჩემი შეფასება ყოფილა სტიმული, ბრძოლა გაეგრძელებინა... ძალიან კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც მისი შესრულება "ფანტასტიკურად" შევაფასე. ჩემს სიტყვებში ახლაც დარწმუნებული ვარ, მან ეს დაიმსახურა... თუმცა, ვერ დავეთანხმები აზრს, რომ ნათია ქართულ მუსიკალურ სივრცეში არ დააფასეს. ჩემს კოლეგებზე ცუდის თქმა არ შემიძლია. თავისუფალი ადამიანები ვართ. ყველას ჰქონდა თავისი აზრის გამოთქმის უფლება. რა თქმა უნდა, ჩემთვის მიუღებელია შეურაცხმყოფელი კომენტარები..." - ამბობს სტეფანე...

"ნათიამ ეს დაიმსახურა!"


"მე ნათია თოდუა ვარ, 21 წლის, საქართველოდან," - ასე გაეცნო ნათია ჟიურის მას შემდეგ, რაც მისი ხმის გაგონებისთანავე ყველა ერთდროულად შემობრუნდა.
"პირველივე სიმღერის შემდეგ შორეული საქართველოდან ჩამოსული გოგონა ლამის მთელმა გერმანიამ გაიცნო და შეიყვარა... ის კონკურსის გამორჩეული მონაწილეა და მთელი ქვეყანა გულშემატკივრობდა. ნათიამ ეს დაიმსახურა... ამ სიფრიფანა გოგოს საოცრად ძლიერი ხმა ამოსდის... ნათიას ნიჭს მისი მთავარი კონკურენტიც კი აღიარებდა და ფინალამდე ამბობდა, რომ ის გამარჯვებული იყო!" - წერს გერმანული პრესა...

"ეს იყო პირველი ღამე ომის შემდეგ, როცა მთელ სოფელს არ ეძინა"


აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილმა ნათიას გამარჯვება სოციალური ქსელით მიულოცა...

ირაკლი სოხუმსკი:
- აქამდე მეგონა, რომ გალი აფხაზეთი იყო, ეს გოგონა გალელი ქართველია... თუმცა, ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ გაიმარჯვა ჩვენი კუთხის გოგონამ, ბრძოლით მიაღწია ყველაფერს და როგორც თანატოლს, მინდა წარმატება ვუსურვო... ვუყურე მის გამოსვლებს, ძალიან ნიჭიერია და რაც მთავარია, მებრძოლი. წინ იარე, ნათია, ნიჭს ეროვნება არ აქვს!

ლილი ავიძბა: -
გალის სკოლა დაუმთავრებია... ეს არის აფხაზეთის ყველაზე ჩამკვდარი რაიონი და ადვილი წარმოსადგენია, რა გზა გაიარა მან წარმატებამდე. მე ახლა მისი ეროვნება არ მაინტერესებს, ვხედავ ადამიანს, რომელმაც ნაბიჯ-ნაბიჯ იარა წინ.

ირა გაგუა:
- საქართველოში ვერდაფასებულს, გერმანიამ სხვა სამყაროში გაუხსნა გზა! წარმატებები... შენ ყველაფერს შეძლებ! სიამოვნებით მოგისმენდი სოხუმში.
ნათია თოდუას წარმატებას განსაკუთრებული ემოციებით შეხვდნენ მის სოფელშიც:

"ეს იყო პირველი ღამე ომის შემდეგ, როცა მთელ სოფელს არ ეძინა... ასეთი ბედნიერი დღეები ნაბაკევსა და მთელ გალის რაიონს ომის შემდეგ არც ჰქონია. ამ პატარა გოგომ იმედი დააბრუნა სოფელში, იმედი, რომ თუ იბრძოლებ, ყველაფერს მიაღწევ!"

კიდევ ერთი "ნიჭიერი"


უცხოეთის კონკსურსში, კიდევ ერთმა ქართველმა მიაღწრია წარმატებას - ბერძნული "ნიჭიერის" ჟიურის აღფრთოვანება­ შეძლო ახალგაზრდა ლაშა შენგელიამ, რომელიც ქუჩის ვარჯიშის (Street Workout) მრავალფეროვანი, სანახაობრივი და რთულად შესასრულებელი ნომრებით ფინალამდე მივიდა, თუმცა, საბოლოოდ სხვა კონკურსმა გაიმარჯვა. როგორც ამბობს, 10 წელია საბერძნეთში ცხოვრობს... ეს კონკურსი მისთვის ძალიან კარგი სტარტი იყო, რადგან არაერთი შემოთავაზება მიიღო.

ლალი პაპასკირი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით