გელა ბაბლუანი: "ქართულ-სვანური აზროვნება არ შემცვლია..."
გელა ბაბლუანი: "ქართულ-სვანური აზროვნება არ შემცვლია..."
"ცხოვრებაში ყველაზე მთავარია: ღმერთი, სამშობლო, ოჯახი, სახლი, სამეგობრო"

"ფენომენი "ძველი­ ბიჭი" რაღაც ეპოქის ცოტა დაგრეხილი პორტრეტია"


ცხოვრება სამი ძირითადი ეტაპისგან შედგება - დასაწყისი, შუა და დასასრული. როგორც ჟან-ლუკ­ გოდარი ამბობს: ფილმსაც სწორედ ეს სამი ნაწილი სჭირდება, ოღონდ არა მაინცდამაინც ქრონოლოგიური თანამიმდევრობით - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი გელა ბაბლუანმა. ცნობილი რეჟისორი "კვირის პალიტრას" თავისი ცხოვრების ეტაპებზე ესაუბრა. ინტერვიუ საინტერესოდ,­ უშუალოდ და "არა მაინცდამაინც ქრონოლოგიური თანამიმდევრობით" წარიმართა.

- თბილისში დავიბადე. 17 წლის
ვიყავი, საფრანგეთში რომ წავედი. მსოფლმხედველობა უკვე ჩამოყალიბებული მქონდა - ქართულ-სვანური, არ შემცვლია. ისევ იმ ჭკუაზე ვარ, უბრალოდ, ცოტა გავიზარდე.

- სანამ რეჟისორი გახდებოდით, რას საქმიანობდით?

- მიუხედავად იმისა, რომ მამა გენიალური რეჟისო­რი მყავდა, კინოზე არ მიფიქრია. მწერლობა მინდოდა. ვწერდი, იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ერთხელ მომინდა, ჩემი
ნაწერი მეგობრებთან ერთად მოკლემეტრაჟიანი ფილმივით გადამეღო. ამას სერიოზული სახე არ ჰქონია, მაგრამ ნელ-ნელა "შემომესერიოზულა".


- მამის აზრს ყურს უგდებთ?

- რა თქმა უნდა. მისი შეხე­დულება ზუსტია, ძალიან შედეგიანი ანალიზი აქვს. არიან ისეთი ადამიანებიც, ვისაც ვიცი, რატომ უნდა ვაჩვენო ფილმი­ სამუშაო პროცესში - ზოგი მსახიობებს უყურებს, ზოგი სტილისტიკაზე აკეთებს აქცენტს, ზოგი ხარვეზებს ეძებს და მთლიანობაში მათი აზრები მნიშვნელოვანია. თემური მეუბნება: მონტაჟისას რატომ აჩვენებ ფილმს ამდენ ხალხს, მე ერთხელ დავამონტაჟებდი და ეგ იყოო. თემურს ვეუბნები ხოლმე, - შენ ხარ გენიოსი, მე არა, ეგაა, ძალიან ბევრს ვმუშაობ-მეთქი.

- როგორი მამაა?

- მაგარი მამაა და მაგარი კაცი. მისთვის მამა არასოდეს დამიძახია, თემურს ვეძახი. ცოტა მკაცრია, ძალიან სამართლიანი. ისეთი დარბაისლური მიდგომა აქვს, რომელიც არ ისწავლება, ეს მამიდან შვილს ალბათ გენეტიკურად გადაეცემა.­ ვეუბნები ხოლმე, ხომ ნათქვამია - ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა, მაგრამ შენ ვერ გაჯობებს ვერც ერთი­ შვილი-მეთქი.

- თქვენ როგორი მამა ხართ?

- თავგადადებული. ჩემი გიორგი ბაბ­ლუანი 5 წლისაა. ცხოვრობს ნიუ-იორკში დედასთან, ყოველთვიურად ვაკითხავ, წელ­იწადში ერთხელ ჩამომყავს საქართველოში. გამართულად ლაპარაკობს ქართულად.

- დაოჯახებული იყავით?

- არა, მაგრამ მე და დედამისი დიდ­ხანს ვიყავით ერთად და გაჩნდა გიო, ჩვენი ამერიკელი სვანი. დედამისს ეუბნება, ფრანგულ სკოლაში რატომ დავდივარ, მე ხომ ქართველი ვარ, ქართულ სკოლაში მატარეთო! ხშირად დადის ნიუ-იორკის ქართულ რესტორანში, პერსონალი ცნობს, გიო მოვიდაო. იციან, უყვარს ხინკალი.­ ხასიათშიც ეტყობა ქართველობა.­ ძალიან იწევს აქეთ.

- თქვენი ძმის სახელი დაარქვით?

- კი. ჩემს ძმას, გიორგის, პატარა გელა ჰყავს, უკვე 8 წლის გახდა. მეორე ბიჭიც ჰყავს, 3 წლის თემო-მატეო ბაბლუანი.

- თქვენთვის 90-იან წლებში საქართველოდან საფრანგეთში წასვლა გამოსავალი იყო, თუ პერსპექტივა?

- იმ დროს მაგის სწორი ანალიზი არ გამიკეთებია. დღეს ვთვლი, რომ ეს იყო პერსპექტივა. თავიდან ძალიან გამიჭირდა შეგუება. ვხედავდი, რომ ადამიანი იყო თავისუფალი, ცხოვრების დასაგეგმად უამრავი საშუალება ჰქონდა და ვწუხდი, რატომ არ უნდა იყოს ასეთი ცხოვრება ჩვენთან-მეთქი. კონტრასტმა დამაფიქრა, დამასევდიანა და დავწერე "13"-ის სცენარი, მაშინ 19 წლის ვიყავი. 3-4 წელი დამჭირდა სცენარის ფილმად ჩამოსაყალიბებლად.

- საქართველოში ხშირად ჩამოდიხართ?

- დიახ. ჩვენი ხალხი ძალიან შეცვლილია. ერთი მხრივ კარგისკენ - იმედი, პერსპექტივა არსებობს, აღარ არის 90-იანი წლების კრიმინალური და ჩაშავებული ორმო, მეორე მხრივ, ვთვლი, რომ რაც ქართულია, ტრადიციულია, ვკარგავთ.

- ბოლო ხანს რამდენჯერმე მოხდა მოსწავლეებს შორის სისხლიანი გარჩევები...

- ეს ყველაფერი გამოვლილი მაქვს 90-იან წლებში. იმ უიმედობაში, უშუქობა-უყველაფრობაში ­ერთადერთი ჰქონდათ­ ავადმყოფურად გადამეტებული თავმოყვარეობა, რომელსაც­ თუ ვინმე შეეხებოდა, მზად იყვნენ, სიცოცხლე გაეწირათ. დღეს არ მესმის, რატომ... ალბათ, არასწორად ჩამოყალიბებული აზროვნების გადაცემა ხდება შთამომავლობაზე. თვითონ ფენომ­ენი "ძველი­ ბიჭი" არის რაღაც ეპოქის ცოტა დაგრეხილი პორტრეტი...
უსიამოვნოა, როცა კითხულობ, თბილისი ერთ-ერთი ეკოლოგიურად ბინძური ქალაქიაო... ქუჩებში ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები მთელი დღის განმავლობაში დადიან და შავ ბოლს უშვებენ. გული მიკვდება, ქუჩაში მათხოვრებს რომ ვხედავ...

- "13" თქვენი პირველი წარმატებაა. მერე კი ქართული მენტალიტეტის მქონე ევროპულად განათლებული რეჟისორი ამ ფილმის ჰოლივუდური ვარიანტის შექმნას შეუდგა...

- მუშაობიდან ერთი თვის თავზე შემ­თხვევით გავიგე, რომ თურმე დამყვება­ "ლაუნჯი", სადაც საწოლი და მინიბარია...­ მითხრეს, ერთ-ერთ მსახიობს ასეთი კომ­ფორტი არა აქვს და რადგან შენ მაინც არ იყენებ, შეიძლება მან გამოიყენოსო? არც ვიცოდი, რომ ასეთი პირობები შემიქმნეს... ამერიკული კინოსისტემა კომფორტზეა აწყობილი, მაგრამ გადასაღებ მოედანზე ერთი მიზანი აქვთ ამერიკაშიც და ევროპაშიც... ამერიკაში მეტ-ნაკლებად ჭირვეული მსახიობები არიან, მაგრამ მე გამიმართლა.

- მიკი რურკთან მუშაობა როგორ წარიმართა?

- ვიცოდი, რომ მიკი რურკს ცუდი სახელი­ ჰქონდა. გადაღების პირველ დღეს რომ მოვიდა, ფილმის 25 პროდიუსერიც (რომლებიც მანამდე თვალით არ მენახა) გამოცხადდა - ვაითუ, კონფლიქტი მოხდესო. ჩვენ შეხმატკბილებულად ვიმუშავეთ.
ჩემი ფილმის შემდეგ მიკი რურკი IRON MAN-ში გადაიღეს და დამირეკეს, - თქვენთან მოედანზე როგორი იყოო. ვუთხარი, მშვენივრად ვითანამშრომლეთ-მეთქი. ჩვენთან თვითონ გადაწერა ყველა სცენა, კოსტიუმი თვითონ აირჩია და რეჟისორთან დალაპარაკებაც კი არ უნდაო...

- ახლახან იყო "ფულის" პრემიერა საქართველოში. ისევ იარაღი, გარჩევა, ოღონდ დრამატული და დამაფიქრებელი სტილისა...

- ჩემს ფილმში ყოველთვის რეალობი­დან გამომდინარე ვყვები ამბავს. საზოგადოება მატერიალურმა სამყარომ შუაზე გახლიჩა. ეს დღეს უფრო მძაფრად იგრძნ­ობა, ვიდრე 15-20 წლის წინ. მაშინ სოციალური ფენების თანაცხოვრება არ იყო ასე მკაფიოდ განსხვავებული. ამჟამად, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ფენები გეოგრაფიულად ერთ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ერთმანეთს არ იცნობენ, იმდენად არიან დაშორებული. რა აერთიანებს ამ ადამინებს, რა საერთო ინტერესი აქვთ? რა და - ფული, მატერიალური აუცილებლობა...

- როგორ ხვდებით ხოლმე ახალ წელს?

- ტრადიციულად, ჩემს შვილთან ერთად. ჩამოვიყვან ამერიკიდან, შემოვისვამ მხრებზე და უსასრულოდ ვსეირნობთ­ პარიზის ქუჩებში.

- დამოუკიდებლად უვლით?

- კი. პირველად ამერიკიდან რომ წამოვიყვანე, სამი კვირის იყო. თვითმფრინა­ვში რომ შევედი, ვიგრძენი, მომსახურე პერსონალი როგორ ათვალიერებდა. უჭირდათ­ დაჯერება, მარტო ორნი რომ ვიყავით. გავუცინე - მარტო ვართ-მეთქი. მამა შვილთან ერთად გვინახავს, მაგრამ ჩვილთან­ ერთად - არაო. მაშინ ვწერდი "ფულის" სცენარს. მყავდა გვერდით, ვაჭმევდი,­ ვუცვლიდი, ვაბანავებდი. მშვენივრად ვართ ერთად.
ცხოვრებაში ყველაზე მთავარია: ღმერთი, სამშობლო, ოჯახი, სახლი, სამეგობრო.

საქართველოს ვუსურვებდი, წლევანდელი წელი ყოფილიყოს ყველაზე ცუდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ყოველი შემდეგი­ - უკეთესი. ქართველებს ერთმანეთის სიყვარული, პატიება და გამტანობა არ მოგვშლოდეს. "კვირის პალიტრას" კი კარგი, ბედნიერი და წარმატებული ამბების გაშუქება დაჰბედებოდეს. იხარეთ, იდღეგრძელეთ!

ეკა სალაღაია
S.t.
09 იანვარი 2018 15:03
ბრვო. აი ქართველი კაცი.
მარიტა
08 იანვარი 2018 15:46
წარმატებები ულევი!!!
maia
08 იანვარი 2018 15:35
გამრავლდით და გაიხარეთ ამ ქვეყანაზე...

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები