"ის ტანსაცმელი ჩაიცვით, რომელიც ბედნიერ მოგონებებთან არის დაკავშირებული"
25-12-2017
"ის ტანსაცმელი ჩაიცვით, რომელიც ბედნიერ მოგონებებთან არის დაკავშირებული"
როგორი უნდა იყოს ჩვენი გარდერობი 2018 წელს, როგორი ჩაცმული უნდა შევხვდეთ ახალ წელს, ამ ყველასთვის საყვარელ დღესასწაულს, დიზაინერი ავთანდილ ცქვიტ­ინიძე გვესაუბრება:

- როგორც ამბობენ, როგორც შეხვდები ახალ წელს, ისეთი წელი დაგებედებაო, ამიტომ ყველა ცდილობს გამორჩეულად და მოდურად გამოწყობილი შეხვდეს ამ დღეს. ყველაზე კარგი ვერსია იქნება, თუ იმ ტანსაცმელს ჩაიცვამთ, რომელიც თქვენს ბედნიერ მოგონებებთან არის დაკავშირებული. სასურველია, სამოსი იყოს ფერადი, თუ არა და, მაქსიმალურად ბრჭყვიალა სამკაულები შეუხამეთ. რაც შეეხება ზამთრის კოლექციებს,
დომინირებს თავისუფალი სილუეტები, მოდურია წითელი, ვერცხლისფერი, ბრჭყვიალა ფერები, ყველაფერი, რაც ბზინავს. 2018 წელს მოდური იქნება წვეტიანი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, შუზი იქნება თუ კლასიკური. ასე რომ, ჩაიცვით წელში გამოყვანილი კაბა, ზემოდან მოიცვით ჟაკეტი ან უსარჩულო პალტო და სადღესასწაულოდ მზად იქნებით.

- 2018 წელს მოდის რა ტენდენციები იქნება
ყველაზე აქტუალური?

- წელში გამოყვანილი კაბები და მაღალსათავიანი შარვლები. ძალიან ტრენდულია გამოუხარშავი ჯინსის შარვლები. თუ დიდპრინტიანი, ნახატებიანი ქსოვილებით გავაფორმებთ ჩვენს ყოველდღიურ ერთფეროვნებას, რა თქმა უნდა, ამით ჩვენს ინდივიდუალურობას გავუსვამთ ხაზს.

რაც შეეხება ვარცხნილობას, ძალიან აქტუალური და, ჩემი აზრით, პრაქტიკულიცაა მაქსიმალურად ბუნებრივთან მიახლოებული ვარცხნილობა. ვინც თმას იღებავს, ნატურალური ტონები უნდა შეარჩიოს. არანაირი ხელოვნურობა არც მაკიაჟში, არც ვარცხნილობაში. 2018 წელს გადამეტებული გადაპრანჭვა მოდური არ იქნება. თუ საღამოს წვეულებაზე ან სხვა ღონისძიებაზე მიდიხართ, შეიძლება წაისვათ წითელი პომადა, თუ, რა თქმა უნდა, გიხდებათ, სხვა შემთხვევაში ნატურალური ფერის პომადაა ტრენდული, ოდნავი სხივით.

2018 წელს აქსესუარებიც ძუნწად უნდა გამოვიყენოთ. მოდური იქნება დიდი ჩანთები.
არ არის სავალდებულო, ყველაფერი გაითვალისწინოთ, რასაც მოდა გკარნახობთ. შეიძლება ერთი ან ორი აქცენტი გააკეთოთ, ის, რაც ყველაზე მოდურია სეზონზე და რაც ყველაზე მეტად გიხდებათ.

- ახალ წელს როგორ ხვდებით?

- ტრადიციულად, ოჯახში, მეორე დღეს კი მივემგზავრებით რომელიმე თბილ ქვეყანაში. ოჯახის მეკვლე ყოველთვის მე ვარ ჩემს ქალიშვილ ტუსიასა და ძმისშვილ ანდრიასთან ერთად. ადრე თოვლის ბაბუაც გვსტუმრობდა ხოლმე. წელს არ ვიცი, თუ გვეწვევა...
მინდა ყველა ადამიანი მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში იყოს ბედნიერი, სავსე დადებითი ემოციებითა და სიყვარულით. გილოცავთ ახალ წელს!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით