"პედაგოგი დეიდები მზრდიდნენ, ვაშლს "ნედეთი" მირეც­ხავდნენ... წარმოიდგინეთ, ისინი სახლში ძაღლს მიმაყვანინებდნენ?" - კვირის პალიტრა

"პედაგოგი დეიდები მზრდიდნენ, ვაშლს "ნედეთი" მირეც­ხავდნენ... წარმოიდგინეთ, ისინი სახლში ძაღლს მიმაყვანინებდნენ?"

"კვირის პალიტრის" თამადობით ახალ წელს გილოცავთ მთელ საქართველოს"

მსახიობ ზურა ყიფშიძეს ორი კანე-კორსო ჰყავს - 8 წლის შავი ბაგირა და 6 თვის ყვითელი ბენი. "მას შემდეგ, რაც ბენი მოვიყვანეთ, ბაგი საშინლად ეჭვიანობს", - მეუბნება ბატონი ზურა და ოთხფეხა მეგობრებთან ერთად "ფოტოსესიისთვის" ემზადება. ბაგირას ღირსეულად უჭირავს თავი, ცეტი მაიმუნი ბენი"(ასე ეძახის) კი ერთ ადგილას არ ჩერდება.

- "კარლსონში" რომ ბიჭუნაა, ხომ გახსოვთ - "мне бы собачку маленькую", რომ ნატრობს და არავის მიჰყავს მასთან ძაღლი, ზუსტად მაგ დღეში ვიყავი მეც. პედაგოგი დეიდები მზრდიდნენ, ორივე ძალიან პედანტი. ვაშლს "ნედეთი" მირეცხავდნენ და ისე მაჭმევდნენ. წარმოიდგინეთ ახლა, ისინი სახლში ძაღლს მიმაყვანინებდნენ? საბედნიეროდ, მეუღლე და მთელი მისი ოჯახი ჩემსავით ცხოველების მოყვარული შემხვდა. პირველი ძაღლი, ნაგაზი მაქსიკა საოცრება იყო. სხვათა შორის, მას უნდა ეთამაშა "მიდიოდა მატარებელში" შალვოვიჩი. როლი სპეციალურად მაქსიკასთვის დაწერეს. მოულოდნელად დამეღუპა და გამოვაცხადე: მაქსიკას გარეშე ამ როლიდან არაფერი გამოვა-მეთქი. რას ლაპარაკობ, ახალი ძაღლი უნდა ავიყვანოთო. 2 თვე ვეჩვეოდი იმ ძაღლს, რომელიც ფილმში გადაიღეს. თავიდან არ მიკარებდა, მერე ნელ-ნელა შემეჩვია, საბოლოოდ გადასაღებ მოედანზე შესანიშნავად ეჭირა თავი.

მაქსიკას სიკვდილის შემდეგ ვთქვი, მორჩა, ძაღლს აღარ ავიყვან! იმას რომ რამე მოუვიდეს, ამხელა ტკივილს ვეღარ გადავიტან-მეთქი, მაგრამ ერთ დღეს ქუჩაში ვიპოვე დაკარგული კოკერსპანიელი.

მოვლილი, ნაოპერაციევიც კი იყო. ტელევიზიით გამოვაცხადე, მაგრამ პატრონი არ გამოჩნდა. ეგეთი ჭკვიანი და მადლიერი არავინ მინახავს.

8 თვის შემდეგ მეზობელმა მითხრა, პატრონი გამოჩნდაო. მოვიდნენ, მიეგება, მაგრამ წყლიანი თვალებით მიყურებდა. პატრონს ვუთხარი, უკანასკნელად გავასეირნებ-მეთქი. ჩავიყვანე ეზოში, ფეხებთან დამიჯდა და მუხლებში ჩამიდო თავი, მადლობა გადამიხადა ამ ჟესტით, მერე კი გაექანა და ჩაეხუტა თავის პატრონს, წავიდა.

ამის შემდეგ კიდევ გამოვაცხადე, მორჩა, ძაღლს აღარ ავიყვან-მეთქი!

მეგობარი გვყავს, ნათია, რომელსაც საკუთარი ზოოკლინიკა აქვს. ერთხელაც მე და ჩემმა შვილმა გიორგიმ ასაცრელად მეზობლის ძაღლი მივუყვანეთ. ჩემმა ძაღლმა ლეკვები დაყარაო, - მაცდურად უთხრა ექიმმა გიორგის. გიორგიმ, მამაჩემს ტყუილად არ უხსენო, გაგიჟდებაო. მაინც დამიყოლიეს... მოვიყვანეთ ჩვენი შავტუხა გოგო.

სულ სხვა ყოფილა ძუკნა, აბსოლუტურად სხვა ხასიათი აქვს, ბოდიშს ვიხდი მამაკაცებთან, ქალი უფრო ჭკვიანი და დამჯერია. რა დავარქვათო, ჩვენებმა. "მაუგლიში" ბაგირა ხომ გინახავთ, ასეთივე ლამაზი და შავტუხაა-მეთქი? ჰოდა, დავარქვით ბაგირა.

სიყვარულსა და ნებივრობაში ვზრდიდი, დადგა მისი გათხოვების დრო... სიძეც თვითონ შევარჩიე, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. დავახვიეთ დოხტურები, მაგრამ შვილი არ აჩუქა განგებამ ჩემს ძაღლს. ჰოდა, ჩემმა მეუღლემ და შვილმა, ჭკვიანმა გოგოებმა, გადაწყვიტეს, როგორ უნდა იცოცხლოს ბაგირამ ისე, რომ სიცოცხლის ბოლომდე დედობის გრძნობა არ გამოცადოსო და მოვუყვანეთ ბენი... რად გინდა, ოთხი თვეა გამაწამა, საშინლად ეჭვიანობს ამ პატარაზე, თუმცა როდესაც სძინავს, ლოკავს, ეფერება.

- ძაღლის წელი მოდის...

- ჰო, თან ზუსტად ჩემი ბენის ფერი, ღმერთმა ქნას, სიკეთით სავსე წელი იყოს. ის თვისებები, რომლებითაც ძაღლები ხასიათდებიან - ერთგულება, სიყვარული, მადლიერება, სხვაზე ზრუნვა - კარგის მომასწავებელია.

- გასული წელი როგორი იყო თქვენთვის?

- შემოქმედებითი თვალსაზრისით გაცილებით უკეთესი, ვიდრე ჯანმრთელობით. "მეფე ლირი" დავდგით. ახლა კიდევ ორ სერიალზეა საუბარი, ვნახოთ...

"კვირის პალიტრის" თამადობით ახალ წელს გილოცავთ მთელ საქართველოს. გისურვებთ, ვისაც ვირჩევთ, არჩევნებამდე რომ უამრავ რამეს გვპირდებიან და მერე ავიწყდებათ, წელს არ დავიწყებოდეთ. ძალიან მინდა, ავადმყოფებს, უპატრონოებსა და ხანდაზმულებს მიხედონ.

ეკა სალაღაია