2018 წლის ასტროლოგიური დახასიათება - კვირის პალიტრა

2018 წლის ასტროლოგიური დახასიათება

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2018 წელი მიწის (ყვითელი) ძაღლის წელიწადი იქნება. ის 2018 წლის 16 თებერვალს დაიწყება და 2019 წლის 4 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

ძაღლის წლისთვის დამახასიათებელია ყველა ძველი საქმის თუ პროექტის გადასინჯვა. მოწესრიგდება ბევრი არეული საკითხი. ინდივიდუალურ თუ გლობალურ დონეზე მოსალოდნელია წესრიგის დამყარება. ეს წელი მასშტაბურ ცვლილებებს არ მოიტანს, თუმცა ის ადამიანები, ვინც იშრომებენ, სასიკეთო შედეგს აუცილებლად მიიღებენ. ამ წლის სტიქია მიწაა, ამიტომ წარმატებას პრაქტიკული და პრაგმატული მიდგომები მოიტანს.

ჩინური ასტროლოგიის მიხედვით, ძაღლი ერთგული არსებაა, თუმცა ის მუდამ შფოთვაშია და განგაშის რეჟიმში ცხოვრობს, რაც მას საფუძვლიანად ღლის. ამიტომ 2018 წელს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ენერგიის და საერთოდ რესურსების სწორად გადანაწილება. ძაღლის წელი "ითხოვს" მოვლენების მშვიდ და სტაბილურ განვითარებას. ის ვერ "იტანს" სარისკო, ხიფათის შემცველ, საეჭვო ან უკანონო მოქმედებებს. ძაღლი "ცდილობს" ნებისმიერი ქაოსი მოაწესრიგოს და სიმშვიდე შექმნას. ის "ითხოვს" უდიდეს პასუხისმგებლობას, ამიტომ პასუხისმგებლობის გრძნობა 2018 წელს წარმატების მიღწევისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება იქნება.

ძაღლი ადამიანის ერთგული მეგობარია, ამიტომ ის ადამიანებს "ეხმარება", რომ მამლის წელში ენთუზიაზმი და ინიციატივები უკვე კონკრეტულ მოქმედებამდე და ლოგიკურ შედეგებამდე დააყვანინოს. თუმცა ამისთვის საჭირო იქნება კონკრეტული მიზნები და მკაფიო გეგმები. ეს განსაკუთრებით პროფესიულ საქმიანობასა და კარიერაში იქნება საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში კრიზისები და პრობლემები არ დააყოვნებს.

თუ გასული (მამლის) წლისთვის დამახასიათებელი იყო რყევები, მოვლენების ძირეული ცვლილებები და გარკვეული სიტუაციების ბოლომდე გაშიშვლება თუ ამოყირავება, ძაღლის წელი უფრო სტაბილური იქნება და მოვლენები უფრო მშვიდად წარიმართება. წესრიგი ყველგან და ყველაფერში - ეს ამ წლისთვის კიდევ ერთი დამახასიათებელი ტენდენცია იქნება. აქვე უნდა ითქვას, რომ ძაღლი "ვერ იტანს" ორპირობას, ღალატს, ჭორებს, ინტრიგებს და მსგავსი მიდგომები მარცხისთვის იქნება განწირული.

ძაღლი შრომისმოყვარეა და ის ადამიანებისგან შრომას "ითხოვს". ასევე საქმისა და პარტნიორების ერთგულებას. მნიშვნელოვანი იქნება ვალდებულებების გაცნობიერება და მათი საფუძვლიანად შესრულება, რადგან წარმატების მიღწევის ალბათობა დიდწილად სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული. საერთოდ, ძაღლის წელი სასიკეთოა პროფესიულ საქმეში ცვლილებების შეტანისა და კარიერული წინსვლისთვის. ბევრი ადამიანი ამ წელს მოახერხებს დაწინაურებას ან კარიერაში სასურველი პოზიციის დაკავებას.

2018 წელს რთული იქნება მეორე კვარტალის მეორე ნახევარი და მესამე კვარტალი, კონკრეტულად კი მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო და სექტემბერი. ამ პერიოდში მოსალოდნელია დაძაბულობამ მოიმატოს და მოვლენები სახიფათოდ განვითარდეს (ეს შეეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ პროცესებს). მოიმატებს ტექნიკური ავარიების, ტერაქტების, შეიარაღებული დაპირისპირებებისა და ბუნებრივი კატაკლიზმების ალბათობა.

2018 წელს მზის სამი დაბნელება დაფიქსირდება: 15 თებერვალს, 13 ივლისს და 11 აგვისტოს (სამივე ნაწილობრივი). რაც შეეხება მთვარის დაბნელებას, ის ორჯერ იქნება: 31 იანვარს და 27 ივლისს (ორივეჯერ სრული დაბნელება).

2018 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

იანვარში სასიკეთო იქნება ადრე დაწყებული პროექტების დასტაბილურება ან დასრულება. იანვრის ბოლოდან წარმატებული პერიოდი დაიწყება და აპრილის მეორე დეკადამდე გასტანს. ამ დროს შეძლებთ საქმიანი კავშირების დამყარებას, სამსახურსა და ფინანსებში წარმატებები გელით. მოიმატებს მოგზაურობის ალბათობა (თუმცა თებერვლის ბოლოს და მარტის პირველ ნახევარში შესაძლოა ძველი შეცდომების გამოსწორებამ მოგიწიოთ). აპრილის ბოლო და მაისი ყურადღებით გაიარეთ. ამ დროს გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. მაისის ბოლოდან სიტუაცია დაბალანსდება და ივნისში შეძლებთ ძველი პოზიციების დაბრუნებას. ამ დროს მოიმატებს პირად ცხოვრებაში ცვლილებების ალბათობა. ეს კარგი პერიოდია ქორწინებისთვის. ივლისი ემოციური პერიოდი იქნება. ნუ იქნებით ამ დროს იმპულსური და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. აგვისტო შედარებით სასიკეთო იქნება, განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. სექტემბერში გააკონტროლეთ ჯანმრთელობა. სექტემბრის ბოლოდან - ოქტომბრის ჩათვლით მოსალოდნელია დადგეთ არჩევანის წინაშე. გადაწყვეტილების მიღებისას რჩევა ახლობელ ადამიანებს ჰკითხეთ. ნოემბერი შედარებით პასიური იქნება, თუმცა ნოემბრის ბოლოს და დეკემბერში იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და ბევრი საკითხის თქვენდა სასარგებლოდ მოგვარებას შეძლებთ.

კურო

იანვრის პირველ ნახევარში გააანალიზეთ წარსული და დაგეგმეთ მომავალი. თებერვალში მეტი შემოქმედებითობა გამოავლინეთ. ურთიერთობებში ნუ იქნებით ჯიუტი, პრობლემების მოგვარებისთვის კი არასტანდარტულ მეთოდებს მიმართეთ. მარტსა და აპრილში მოიმატებს თქვენი შარმი, რაც გაააქტიურებს სასიყვარულო ურთიერთობებს. აპრილის ბოლოდან მოიმატებს წარმატების მიღწევის ალბათობა. მოსალოდნელია განვითარდეს სამსახურსა და ფინანსებთან დაკავშირებული პერსპექტივები. მაისის ბოლოსა და ივნისში გააქტიურდება უძრავ ქონებასა და მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხები. ივლისში მოსალოდნელია მოგიწიოთ წარსულის გადახედვამ და მასში ცვლილებების შეტანამ. ამ დროს მოერიდეთ ფულის სესხება-გასესხებას. აგვისტოში მეტი დაისვენეთ და ემოციურად განიტვირთეთ. აგვისტოს ბოლოდან - სექტემბრის ჩათვლით შესაძლოა გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, დაამყარებთ მომგებიან კავშირებს და შეძლებთ არა მხოლოდ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას, არამედ დაწინაურებას. წლის ბოლო პირადი ცხოვრებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, ამ კუთხით ძირეული ცვლილებაც არ გამოირიცხება.

ტყუპი

წლის დასაწყისში დაიწყებთ ძველი კრიზისების მოგვარებას. ამაში მეგობრები და პარტნიორები დაგეხმარებიან. იანვრის ბოლოს და თებერვალში დასძლევთ შინაგან დაპირისპირებებს და დაიწყებთ რეალურ განვითარებას. ეს განსაკუთრებით საგრძნობი გახდება საქმიან სფეროში. მარტში თქვენი აზროვნების პროცესი უფრო დინამიკური და ენერგიული გახდება. აიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და გამოავლენთ ახალ ინიციატივებს, რაც სასიკეთო შედეგებს მოიტანს. აპრილის ბოლოს და მაისში გააქტიურდება სასიყვარულო ურთიერთობები. ივნისსა და ივლისის პირველ ნახევარში თქვენი თავდაჯერებულობა და მიზანსწრაფვა მოიმატებს, ეს საშუალებას მოგცემთ წარმატებას მიაღწიოთ და ახალი რეალობის ფორმირება შეძლოთ. ივლისის ბოლო და აგვისტო დასვენებისთვის გამოიყენეთ. ამ პერიოდში მატულობს მოტყუების ალბათობა, ამიტომ ინფორმაცია გადაამოწმეთ ხოლმე. შემოდგომის დასაწყისში პრაქტიკულობა და რაციონალიზმი მიტოვებული საქმეების დასრულების საშუალებას მოგცემთ. ნოემბერი და დეკემბრის პირველი ნახევარი შედარებით რთული იქნება, ამიტომ ენერგია ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს მოახმარეთ.

კირჩხიბი

იანვარსა და თებერვალში მნიშვნელოვანი ძველი პროექტები და პრობლემური ურთიერთობები იქნება, ამიტომ შეეცადეთ ეს ყველაფერი მოაგვაროთ. თქვენგან განსაკუთრებულ ყურადღებას პირადი ცხოვრება, ასევე მშობლებთან, ბავშვებსა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები მოითხოვენ. პოზიტიური პერიოდი თებერვლის ბოლოდან დაიწყება და აპრილის შუა რიცხვებამდე გასტანს. მაისში მოსალოდნელია გააქტიურდეს ცოდნის მიღებასა და საქმიან ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. შესაძლოა მიიღოთ ახალი შემოთავაზებაც. ივნისში გაასაიდუმლოეთ თქვენი მიზნები და მოსალოდნელ ცვლილებებზე წინასწარ ნუ ისაუბრებთ. ივლისში გააქტიურდება სასიყვარულო სფერო. ივლისის ბოლოს და აგვისტოში შეეცადეთ ფინანსური სფერო გააკონტროლოთ. მოერიდეთ მსხვილი ხარჯების გაწევას. სექტემბერსა და ოქტომბრის პირველ ნახევარში ახალი შესაძლებლობები გაგიჩნდებათ, თუმცა მოგიწევთ ბევრი წვრილმანი და მოსაწყენი საქმის კეთება. თუ ყველაფერს შეძლებისდაგვარად თავს გაართმევთ, მაშინ ნოემბერში სასიკეთო შედეგების მიღებას შეძლებთ.

ლომი

იანვრის ბოლო და თებერვლის პირველი ნახევარი შედარებით წინდახედულად გაიარეთ. განსაკუთრებული ყურადღება სამსახურს, ფინანსებსა და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობებს მიაქციეთ. ნუ იჩქარებთ, რათა შეცდომები აირიდოთ. შედარებით სასიკეთო პერიოდი მარტის მეორე ნახევარში დაიწყება და მაისამდე გასტანს. ამ დროს თქვენ თავს კვლავ ყველასთვის საჭირო ადამიანად იგრძნობთ. ხელსაყრელი იქნება სამსახურებრივი ცვლილებები, ფინანსური ოპერაციები, უძრავი ქონების თუ სხვა ქონების ყიდვა-გაყიდვა. ივნისი შედარებით პასიური იქნება. ივლისის მეორე ნახევრიდან ფორტუნა კვლავ თქვენს მხარეს გადმოვა, შეძლებთ ბევრი რთული საკითხის გადაჭრას. სასიკეთო იქნება უცხოეთში მოგზაურობა და უცხოელებთან ურთიერთობები. აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის პირველ ნახევარში დაისვენეთ, განვლილი ეტაპი გააანალიზეთ და დაშვებული შეცდომები გამოასწორეთ. ოქტომბერში მოსალოდნელია ახალი შესაძლებლობების გაჩენა, თუმცა თქვენი მხრიდან აუცილებელი იქნება აქტიური მოქმედებები. ნუ დაელოდებით სხვა ადამიანებს, განსაკუთრებით, საქმიან სფეროში. ნოემბერსა და დეკემბერში თქვენზე იქნება დამოკიდებული, რამდენად პოზიტიურად დაამთავრებთ ამ წელს.

ქალწული

წლის დასაწყისიდანვე აქტიურად დაიწყეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. თებერვლის მეორე ნახევარსა და მარტში მოსალოდნელია რიგ საკითხებზე შინაგანი წინააღმდეგობა გაგიჩნდეთ. დადგეთ გარკვეული არჩევანის წინაშეც. შეეცადეთ რაციონალური გადაწყვეტილებები მიიღოთ. აპრილში იოლად შეძლებთ პირადი ცხოვრების და სასიყვარულო ურთიერთობების მოწესრიგებას. მაისში მოიმატებს თქვენი ამბიციურობა და გაგიჩნდებათ სურვილი წამოიწყოთ ახალი საქმეები, გაზარდოთ თქვენი შემოსავლები. მაისის ბოლო და ივნისი შედარებით კრიზისული იქნება, თუმცა მონდომების და შრომისმოყვარეობის ხარჯზე დიდი ალბათობით ამ პერიოდს უდანაკარგოდ გაივლით. ივლისი გადადებული საქმეების დასრულებისა და დასვენებისთვის გამოიყენეთ. აგვისტოს ბოლოს მოსალოდნელია ახალი კავშირების დამყარება, რომლებიც უცხოეთთან, მოგზაურობასთან ან სწავლასთან იქნება დაკავშირებული. ოქტომბერსა და ნოემბერში სტრატეგიულად დაგეგმეთ თქვენი საქმიანი თუ პირადი ცხოვრება, გაასაიდუმლოეთ გეგმები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ სერიოზულად დაზარალდეთ.

წლის ბოლო კარიერული და პიროვნული ზრდისთვის გამოიყენეთ - დაესწარით სემინარებს და ტრენინგებს, შეისწავლეთ უცხო ენა ან ახალი უნარები.

სასწორი

წლის დასაწყისში შექმნილი სირთულეები ნუ შეგაშინებთ. საერთო მდგომარეობის გამოსწორება იანვრის მეორე ნახევარშივე დაიწყება და შეძლებთ ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებას. თებერვალში განვითარებული მოვლენები თქვენგან გარკვეულ ცვლილებებს მოითხოვენ და შეეცადეთ, ამ დროს მტკიცედ და მიზანმიმართულად იმოქმედოთ. მარტსა და აპრილის პირველ ნახევარში შეეცადეთ პირად ცხოვრებაში შეცდომები არ დაუშვათ. აპრილის მეორე ნახევარში შეეცადეთ ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. მაისი და ივნისი პოზიტიური უნდა აღმოჩნდეს. ამ პერიოდში შეძლებთ სამსახურთან, კარიერასთან, ფინანსურ შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხების გაუმჯობესებას. ივლისსა და აგვისტოს პირველ ნახევარში თუ თავშეუკავებლობას გამოიჩენთ, არ მიიღებთ შენიშვნას და სამართლიან კრიტიკას, მოსალოდნელია ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები გაგიჩნდეთ. აგვისტოს მეორე ნახევარსა და სექტემბერში გაჩნდება სასიყვარულო ურთიერთობების და ფინანსური საკითხების დალაგების შესაძლებლობა. ამ პერიოდში არ გამოირიცხება სამსახურებრივი ცვლილებებიც. წლის ბოლოს მოსალოდნელია მოგიწიოთ რაიმე ტიპის შეთანხმებების მიღწევამ ან ხელშეკრულების გაფორმებამ.

მორიელი

იანვარში მოგიწევთ ენერგიული მოქმედებები, რათა წინა წლის საქმიანი პერსპექტივების განვითარება და ლოგიკურ შედეგამდე მიყვანა შეძლოთ. თებერვლის პირველ ნახევარში მოერიდეთ სიჯიუტისა და აგრესიის გამოვლენას. მოვლენები თებერვლის ბოლოდან დალაგდება. აპრილის ბოლო და მაისი სასიკეთო იქნება საქმიანი ცხოვრებისთვის. მაისის ბოლოსა და ივნისში მოიმატებს თქვენი ხიბლი და სექსუალურობა, რაც სასიკეთო გავლენას მოახდენს სასიყვარულო ურთიერთობებზე. ამ დროს მოიმატებს ქორწინების ალბათობაც. ივლისში შესაძლოა მიიღოთ ახალი შემოთავაზება, მიაღწიოთ შეთანხმებას ან გააფორმოთ მომგებიანი ხელშეკრულება. აგვისტოში მოსალოდნელია თქვენს წინააღმდეგ გააქტიურდნენ ოპონენტები, ამიტომ თითოეული ნაბიჯი გათვალეთ. სექტემბერსა და ოქტომბერში არ არის გამორიცხული მოგიწიოთ გარკვეულ დათმობებზე წასვლამ. ნოემბერში გააქტიურდება იურისპრუდენციასთან დაკავშირებული საკითხები. საჭიროების შემთხვევაში რჩევისთვის გამოცდილ, კომპეტენტურ ადამიანებს მიმართეთ. დეკემბერი სასიკეთო პერიოდი იქნება ხელოვნებაში მოღვაწეობისთვის, მოგზაურობისა და ახალი შთაბეჭდილებების მიღებისთვის.

მშვილდოსანი

იანვრიდანვე იგრძნობთ, რომ თქვენი საერთო მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა საქმიან ცხოვრებაში მაინც წინდახედულად იმოქმედეთ. თებერვალსა და მარტის პირველ ნახევარში შეძლებთ ძველი პრობლემების მოგვარებას და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მარტის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია პერსპექტივები გარკვეულწილად დამუხრუჭდეს, მაგრამ ნუ შეშინდებით, იღბალი მაინც თქვენს მხარეზე იქნება. აპრილში გაგიჩნდებათY შანსი დაიწყოთ გრძელვადიანი პროექტები.

აპრილის ბოლოდან მაისის ჩათვლით ურთიერთობებში მეტი მოთმინება გმართებთ, რათა უბრალო გაუგებრობა განხეთქილებამდე და სკანდალამდე არ მივიდეს. ივნისში მოგიწევთ გარკვეული არჩევანის გაკეთება. ამ დროს სხვა ადამიანებზე მეტად შინაგან ხმას მოუსმინეთ. ივლისი პასიური პერიოდი იქნება, აგვისტოში განვითარებული საქმიანი კავშირები და პერსპექტივები სასიკეთო Oშედეგებს შემოდგომით მოიტანს. სექტემბერსა და ოქტომბერში გაგიჩნდებათ წინსვლის, დაწინაურების, გამდიდრების და მოგზაურობის შანსი.

ნოემბრის ბოლოდან თქვენი აღმასვლა კვლავ დაიწყება. თქვენში მოიმატებს ამბიციურობა და დიდი შანსი გაჩნდება, რომ ამ პერიოდში თქვენი ცხოვრება ბევრად წარმატებული და ჰარმონიული გახდეს.

თხის რქა

იანვარსა და თებერვალში შეეცადეთ ძველი პრობლემები გააანალიზოთ და მათი მოგვარებისთვის ორგანიზებულად იშრომოთ. ეს ეხება როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებას. თებერვლის ბოლოდან აპრილის პირველ ნახევრამდე მეტი დრო დაუთმეთ პარტნიორულ ურთიერთობებს. იყავით კომუნიკაბელური, რადგან დოგმატურობა და სიჯიუტე ხელს შეგიშლით. ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული პრობლემური ურთიერთობების გარკვევა და კავშირების გაწყვეტა. აპრილის ბოლოდან მაისის ჩათვლით სიტუაცია შედარებით დაბალანსდება და გაგიჩნდებათ შესაძლებლობა, რომ ფინანსებსა და პირად ცხოვრებაში კრიზისული სიტუაციები აღმოფხვრათ. ივლისში დაიკლებს თქვენი ენერგიულობა, ამიტომ გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით თქვენი მიზანსწრაფვა მოიმატებს. ეს საშუალებას მოგცემთ გაიაზროთ და გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები. ოქტომბერში ნუ იქნებით ჯიუტი და შეეცადეთ ახლობელთა რჩევებს მოუსმინოთ. ნოემბერსა და დეკემბერში არ არის გამორიცხული სამსახური შეიცვალოთ.

მერწყული

იანვრის მეორე ნახევრიდან დაიწყება პოზიტიური პერიოდი და თებერვლის ჩათვლით გასტანს. ამ დროს შესაძლოა დაიწყოთ ახალი საქმეები, გაიცნოთ საინტერესო ადამიანები და შეიცვალოთ იმიჯიც კი. მარტში ყურადღება გამოიჩინეთ ფინანსური ვალდებულებების მიმართ, მათ შორის სესხებსა და კრედიტებთან დაკავშირებულ საკითხებში. ივნისი პოზიტიური იქნება, შესაძლოა დაგროვილი პრობლემების გადაჭრა ამ დროს მოახერხოთ. ივლისი და აგვისტო პასიური იქნება. ამიტომ უფრო მეტად დაისვენეთ. აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით გააქტიურდით და მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყვიტეთ. თუმცა წარმატების მიღწევისთვის ოჯახის წევრების და მეგობრების დახმარება დაგჭირდებათ. ნოემბერი არცთუ ჰარმონიული იქნება, ამიტომ წინდახედულობა გამოიჩინეთ. მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს. წლის ბოლოს შესაძლოა სასიამოვნო სიურპრიზიც მიიღოთ.

თევზები

იანვარში მოგიწევთ ძველი პრობლემების მოგვარება. შეეცადეთ, დარწმუნდეთ პარტნიორთა ერთგულებაში, რათა მომავალში მათ გაბედულად დაეყრდნოთ.

სასიკეთო პერიოდი თებერვლიდან დაიწყება და მარტის ბოლომდე გასტანს. გაგიჩნდებათ ახალი პერსპექტივები, განსაკუთრებით სამსახურთან, ბიზნესთან და კომერციულ გარიგებებთან დაკავშირებით.

აპრილი და მაისიც პოზიტიური უნდა გამოდგეს. ეს ეხება როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებას. ამ პერიოდში გაძლიერდება თქვენი ინტუიცია, ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სწორედ მასზე დაყრდნობით მიიღეთ. ივნისში გააქტიურდება უცხოეთთან, უცხოელებთან და ასევე სწავლასთან დაკავშირებული საკითხები. ივლისში შეძლებთ კრიზისული სიტუაციების მოგვარებას და ვალების გასტუმრებას.

აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ. ნუ იქნებით ფანტაზიორი და საკუთარ თავს შეცდომაში ნუ შეიყვანთ.

ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის ჩათვლით გააქტიურდით და თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყვიტეთ. წარმატებას კარგად დაგეგმილი მოქმედებებით მიაღწევთ.

დეკემბრის პირველი ნახევარი უფრო კონფლიქტური იქნება, თუმცა მეორე ნახევრიდან შეძლებთ სიტუაციის თქვენდა სასარგებლოდ შემოტრიალებას.

მოამზადა ასტროლოგმა

რამაზ გიგაურმა