დაგვიანებული ბარათი თოვლის პაპა-ბაბუას - კვირის პალიტრა

დაგვიანებული ბარათი თოვლის პაპა-ბაბუას

ქალაქის მოსაღამოებულ ქუჩებში თოვლის პაპა კანფეტებით უმასპინძლდებოდა გამვლელ-გამომვლელს. გოგო-ფიფქიები და სანტა-ბიჭები ოთკუთხედ ფურცლებს არიგებდნენ და საახალწლო სურვილების ჩაფიქრებას სთხოვდნენ ყველას. ვისაც რაიმე სათხოვარი ჰქონდა, ფურცელზე უნდა დაეწერა და თოვლის პაპისთვის გადაეცა. ცარიელდებოდა საჩუქრებისგან ერთი ხურჯინი და ივსებოდა საშობაო ნატვრებითა და ოცნებებით - მეორე. ერთმა ფიფქიამ მეც მთხოვა ნატვრის ბარათი შემევსოდა მეც სასწრაფოდ შევუდექი სურვილების ჩაფიქრებას. როცა თავი ავიღე, რომ ბარათი დამებრუნებინა, ეს მხიარული ამალა უკვე თვალს მიჰფარებოდა. ბარათი გადასაგდებად დამენანა და რედაქციაში გავიყოლე...

"დარბაისელო თოვლის პაპა-ბაბუა, იმედია, თქვენც კითხულობთ "კვირის პალიტრას" და ერთ მშვენიერ ბუხრისპირა საღამოს აუცილებლად გაეცნობით ჩემი სურვილების დაგვიანებულ ბარათს. ძალიან ჯადოსნურებსაც არ გთხოვ. უამრავი შერყეული, ნესტიანი, უკარ-ფანჯრო და უჭერ-სახურავო ოთხი კედელი ვიცი და თითოეული როგორმე უნდა გადააქციო სათნოების სახლად. ის სათნოების სახლები, რაც გვაქვს, ძალიან ცოტაა. თითქმის იმდენივეა საჭირო, რამდენი გაჭირვებულიცაა. ძალიან ბევრი უბინაოდაა დარჩენილი, დანგრეული, დაკარგული ან გაყიდული აქვს საცხოვრებელი, შეყუჟულია ფიცრულში, კონტეინერ-ვაგონში, მეზობელთან და ნათესავთან, ნაწილს ეს ბედნიერებაც არ გააჩნია და პირველსავე ხელსაყრელ ადგილას ათენ-აღამებს. ბევრმა გაუსაძლისი პირობების გამო საკუთარ ფუძე-კარსა და ეზო-ყურეზე დროებით უარი თქვა და უცხოეთში გადაირჩინა თავი. თუმცა ცხოვრობენ გმირთაგმირებიც - მცირეწლოვანი შვილებით, რომლებსაც, მიუხედავად დანგრეულ-გადამწვარი სახლკარისა, დანაცრულ კედელზე მიშენებულ ფარდულში, ჩანავლულ კერიაზე აკვნის რწევა არ შეუწყვეტიათ. ამის მაგალითია ხონში კინწურაშვილებისა და წინაფშავში, ზედ ცისპირას რომ ცხოვრობენ, ჭიკაიძეების ექვს-ექვსსულიანი ოჯახები. კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო... ზემოდან ხელისგულივით ჩანს ყველაფერი, ალბათ, ხედავ, რომ ადამიანების ნაწილი ქუჩებში სამადლოდ დატოვებული სანოვაგით საზრდოობს, გააჩინე ყველა საჭირო ადგილას, ქალაქშიც და სოფელშიც სათნოების ჯიხურები, ჩაუნერგე ადამიანებს, რომ ყველაფერი, რაც მოემხობათ - საკვები თუ სამოსელი, ყოველდღიურად მოათავსონ შიგნით. ისე მოახერხე, რომ ერთმა მეორეს უწილადოს მცირედი მაინც პურისა და ყველის, თევზისა და ნამცხვრის ულუფიდან. წარმოიდგინე, რა სათნო ხორაგი გაჩნდება შეჭირვებულთა სუფრაზე არათუ საახალწლოდ, არამედ მთელი წლის მანძილზე.

ყველაზე მეტად კი ბოლო სურვილის ასრულებას გეხვეწები, თუნდაც აქამდე ნასურვილები დამიგვიანო: ისე მოახერხე, რომ ბავშვები აღარასოდეს წაეკიდონ ერთმანეთს. გეცოდინება, რა უბედურებაც დატრიალდა ამ საახალწლოდ თბილისში (სხვაც გექნება გაგონილი...). სხივები ააჩურჩულე ყმაწვილთა სულებში და ბადაგი ააჩუხჩუხე, თაფლაკვერები დააცხე იმათ გულის ბუხარში და შაქარსიტყვებით შეატკბე. დაუფიქრებლად აღმართული ხელი შესარიგებლად დააშვებინე, მარჯვენას ნუ დაუმარცხებ - აქცეული მხარი მხარში შეადგმევინე, მაჯას მაჯა მიაშველე და მართალი სამართლით ამართვინე - კეთილად აფიქრებინე ყოველი. ასეთნი დიდგულები კი არა, გულდიდები გაიზრდებიან და ისინი აუსრულებენ თავიანთ სამშობლოს წინა ორ სურვილს"...

კახა მჭედლიშვილი