"სასაფლაოზე ქარი დაძრწის სავსე კაეშნით..."
24-12-2017
"სასაფლაოზე ქარი დაძრწის სავსე კაეშნით..."
"ის რაღაც, რის წინაშეც მე ვარ პასუხისმგებელი, მხოლოდ სიმართლეა და ამის შეგრძნება დიდად მეხმარება შემოქმედის მძიმე ცხოვრებაში."

ანა კალანდაძე დაიბადა 1924 წლის 15 დეკემბერს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში. 1941 წელს დაამთავრა ქუთაისის #1 საცდელ-სანიმუშო სკოლა. იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მეორე კურსიდან კავკასიური ენების განყოფილებაზე გადავიდა და უნივერსიტეტი კავკასიური ენების სპეციალობით დაამთავრა.

პირველი ლექსი თერთმეტი წლისამ დაწერა, რისკენაც მამიდამ, ოლღა (ფოცია) კალანდაძემ უბიძგა, რომელიც თბილისის ერთ-ერთი
სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო. მამიდის რჩევით დაწერილი "ბადრი მთვარე" სკოლის კედლის გაზეთში გამოქვეყნდა.

1945-46 წლებში დაწერილი ლექსები ბოლო კურსზე სწავლისას ანამ, მამიდის დაჟინებით, ახლო ნათესავს, დიმიტრი ბენაშვილს გაუგზავნა, მან კი გაზეთის "ლიტერატურა და ხელოვნება" რედაქტორს, გიორგი ნატროშვილს გადასცა და 1946 წლის 14
ივნისს დაიბეჭდა კიდეც ამ გაზეთში მისი ცამეტი ლექსი. ლექსებთან ერთად იმავე ნომერში დაიბეჭდა ვანო წულუკიძის წერილი "ლიტერატურული ახალგაზრდობა", რომელიც ანა კალანდაძის ლექსების პირველი რეცენზია იყო. 1946 წელსვე მისი ლექსები დაიბეჭდა ჟურნალ "მნათობშიც", რომლის რედაქტორი ალიო მირცხულავა იყო.

1946 წლის 25 მაისს მწერალთა კავშირში, რომელსაც სიმონ ჩიქოვანი თავმჯდომარეობდა, პოეზიის სექციამ მოაწყო 22 წლის ანა კალანდაძის ლექსების კითხვის საღამო, რასაც მოჰყვა პოეტის საყოველთაო აღიარება.
1946 წელს აკაკი გაწერელიას, ალექსანდრე აბაშელის, სიმონ ჩიქოვანის, გერონტი ქიქოძის და სხვათა შეთანხმებით, გადაწყდა ანა კალანდაძის ლექსების კრებულად გამოცემა, თუმცა ეს მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ, 1953 წელს მოხერხდა.

ანა კალანდაძის "აღმოჩენა" ქართული ლიტერატურული წრეების მიერ მოხდა 1946 წელს, ანუ მაშინ, როდესაც ამავე წლის 14 აგვისტოს ჟურნალების - "ზვეზდას" და "ლენინგრადის" შესახებ გამოქვეყნდა სკკპ ცკ-ს დადგენილება, რომელშიც დაგმობილი იყო ანა ახმატოვასა და მიხეილ ზოშჩენკოს შემოქმედება. შესაბამისად, ჩვენშიც დაიწყეს ზოშჩენკოებისა და ახმატოვების ძებნა. ზოგმა ხელისუფლების შეკვეთით, ზოგმაც საკუთარი ინიციატივით სამიზნედ ანა კალანდაძე გაიხადა.

1946 წლის 5 სექტემბრის გაზეთ "კომუნისტში" დაიბეჭდა კრიტიკოს სერგი ჭილაიას წერილი, რომელიც ანა კალანდაძეს დეკადენტობაში ამხელდა: "ფორმალიზმი, უიდეობა, აპოლიტიკურობა ამაზე შორს ვერ წავა."
1946 წლის სექტემბერში გაიმართა ქართველ მწერალთა მესამე ყრილობა, ყრილობაზე გამოვიდა საქართველოს კომპარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პეტრე შარია, რომელმაც ანა კალანდაძეც გააკრიტიკა. იგივე პოზიცია დაიჭირეს ანა კალანდაძის მიმართ 1947 წლის ივნისში გამართულ საქართველოს ახალგაზრდა მწერალთა კონფერენციაზეც.

გარკვეულწილად ალბათ ამ კრიტიკისა და თავდასხმების შედეგი იყო ის, რომ ანა კალანდაძეს 1947-48 წლებში აღარაფერი დაუწერია.

ახალგაზრდა პოეტის კრებულის გამოცემა მხოლოდ 1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ გახდა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ქართული საბჭოთა ცენზურა იძულებული გახდა, გაეთვალისწინებინა პოეტი ქალის პოპულარობა, მიუხედავად იმისა, რომ 60-70-იან წლებში ანა კალანდაძის ლექსების კრებული რამდენჯერმე გამოსცეს, პოეტის თქმით: "ის ლექსები, რომლებიც წინა კრებულებში არ შევიდა, იბეჭდებოდა, მაგრამ შემოკლებით, ან რაღაცებს ამოგლეჯდნენ ხოლმე... ხშირად მკითხველი მერე მე მეკითხებოდა, რატომ ამოიღეთ ეს სტროფიო". კრებული იწყებოდა 1953 წლით დათარიღებული ლექსით "დიდება, შენ უხვო სინათლევ", შემდეგ მოდიოდა 1950-53 წლებში დაწერილი ლექსები, რომელთა თარიღიც იმის მანიშნებელია, რომ მათ გარეშე ეს კრებული არ გამოიცემოდა. მოგვიანებით ანა კალანდაძე იტყვის, რომ "პირველი კრებული, რომელიც 1953 წელს გამოვიდა, მხოლოდ კომპრომისების შედეგია" (და არა მხოლოდ პირველი კრებული!), კომპრომისებისა, რომლებიც დღეს არავითარ განსჯას არ ექვემდებარება.

ანა კალანდაძის ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ ენებზე. რუსულად ანა კალანდაძის ლექსებს თარგმნიდა ბელა ახმადულინა,

ბელა ახმადულინა იხსენებს: "70-იანი წლების დასაწყისში თბილისში სტუმრობისას ჩემი მასპინძლები ქართველი მწერლები იყვნენ. როდესაც პოეზიაზე ჩამოვარდებოდა საუბარი, ყველა ანა კალანდაძეს ახსენებდა. მისი რამდენიმე ლექსის რუსული თარგმანი წაკითხული მქონდა, რამაც ამ პოეტის შესახებ ძალიან თბილი შთაბეჭდილება დამიტოვა. ერთ-ერთ შეკრებაზე კი თავადაც მობრძანდა და რამდენიმე ლექსი წაიკითხა. ეს იყო დაუვიწყარი სიტყვები, ფრაზები, რითმები. თითოეული ლექსი ჩემს წარმოსახვაში ულამაზეს ნახატებად განეფინებოდა. მოგვიანებით მომეცა საშუალება, ანას ლექსები რუსულად მეთარგმნა, კრებული გამოიცა და უდიდესი წარმატებით სარგებლობდა. თარგმნისას კი ჩემს სამუშაო ოთახში საქართველოს მშვენიერი ბუნება იშლებოდა და თითქოს იმ ისტორიულ ადამიანებსაც ვხედავდი, რომლებზეც ანა კალანდაძე წერდა."

ანა კალანდაძე ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს: "ბარაქალა ბელა ახმადულინას! მისი თარგმანები ორიგინალის სიახლოვით კი არ მომწონს, არამედ სულით... ქართული არ იცის... მიკვირს, ჩემი პოეტური განწყობილებებიდან ასე დაშორებულმა როგორ გამიგო"...

1952 წლიდან ანა კალანდაძე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში. ინსტიტუტის გადაწყვეტილებით, 1973 წლიდან იგი გახდა ლექსიკოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

ანა კალანდაძე დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორი ორდენით და "ღირსების" ორდენით. 1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1985 წელს ციკლისათვის, "თავაწეული ქართული დროშები", მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. იმავე წელს გახდა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი. 1993 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1997 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია პუბლიცისტიკის დარგში თხზულებათა მეორე ტომში შესული პუბლიცისტურ-ესეისტური წერილებისათვის. 2006 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია "საბა" ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის. პოეტის განცხადებით, ეს უკანასკნელი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო გახლდათ, რადგან ამ წოდებით ნათლად ჩანდა, რომ მისი, როგორც პოეტის, მისია შესრულებული იყო.

ანა კალანდაძე გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს.

პოეტი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით