სად არის მოძრაობა გართულებული უხვი ნალექის გამო? - კვირის პალიტრა

სად არის მოძრაობა გართულებული უხვი ნალექის გამო?

უხვი ნალექის გამო, საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილება რამდენიმე მიმართულებით გართულებულია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ჯვრის უღელტეხილის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება, ამ დროისთვის კი აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

"როგორც კობის, ასევე გუდაურის მხრიდან, ინტენსიური თოვის შედეგად მოსული 1 მეტრამდე თოვლის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ამ მონაკვეთის შუაში - ჯვრის უღელტეხილზე, ნარჩუნდება ზვავსაშიშროება. ჩვენ გარემოს ეროვნული სააგენტოდან ველოდებით პასუხს, თუ როდის იქნება უსაფრთხო ამ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების დაწყება", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

ასევე, ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია, კორშა-შატილის მონაკვეთზე.

"ქუთაისი-მოწამეთა-ტყიბული-ამბროლაურის მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება გართულებულია, ამ მიმართულებით 71-ე კილომეტრზე ჩამოსულია დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, თუმცა მოძრაობა გადართულია შიდა სასოფლო გზებზე - სოფელ იწასა და ახალსოფელის მიმართულებით, ამრიგად, მოძრაობა არ ფერხდება. ჟინვალი-ბარისახო-შატილის მიმართულებით კორშა-შატილის 53-ე და 106 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", - განაცხადეს გზების დეპარტამენტში.