"16 წლის ვიყავი რომ დამჭრეს, დედაჩემმა ჩემს დამჭრელს აპატია, უთხრა - შენც ჩემი შვილი ხარ, ერთმანეთის გამეტება არ შეიძლებაო" - კვირის პალიტრა

"16 წლის ვიყავი რომ დამჭრეს, დედაჩემმა ჩემს დამჭრელს აპატია, უთხრა - შენც ჩემი შვილი ხარ, ერთმანეთის გამეტება არ შეიძლებაო"

"სულ ლუპით მაკვირდებოდნენ რეზოს და მედეას შვილს..."

"წარმოიდგინეთ, როდესაც ყაჩაღი დგება და მამაჩემის ნათარგმნ შექსპირის სონეტებს გვიკითხავს..."

დამიჯერეთ, გასულ წელს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ახალი წლის პირველივე დღეებში "დარაბებს მიღმა გაზაფხულიას" ავტორის, ლაშა თაბუკაშვილის დარაბებს მიღმა აღმოვჩნდებოდი და მაგიდის სხვადასხვა მხარეს მოკალათებულნი ისე გულიანად ვისაუბრებდით, რომ სულის დარაბებსაც შევარხევდით. მე რომ მკითხოთ, მწერლის მთელი შემოქმედება სულის რხევას ასახავს - კარდიოგრამასავით - ხან საკუთრის, ხანაც სხვისი...

საუბარი სიყმაწვილის წლებით დავიწყეთ და ისე მოვედით დღევანდელობამდე, რომ საათის არსებობა არც გაგვხსენებია.

- სიყმაწვილეში თანატოლებს მწერლებისა და პოეტების სალონი გვქონდა, ერთად მოვიარეთ საქართველო, რამაც ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ცხოვრებასა და ცხოვრებისეულ აღქმაში. ეს ის პერიოდია, როცა "ბითლზი" შემოდის მოდაში და ფირფიტაც კი საოცნებოა. ამ დროს კი ჩვენ უცებ გადავეტყორცნეთ იმ მშვენიერებაში, რასაც ჰქვია გურამ რჩეულიშვილი, ლადო ასათიანი, ვაჟა ფშაველა... თუშეთში მოგზაურობისას ხუთი ჩვენგანი გავეფიცეთ მშვენიერ ვაჟკაცს, ბათირას, რომელიც მაშინ დიდად გვეჩვენებოდა, 27 წლის იყო. ნანადირევი ჯიხვით გაგვიმასპინძლდა... ერთხელ მთაში გადასვლა-გადმოსვლაში კინაღამ ცხენიანად გადამეჩეხნენ უახლოესი მეგობრები - ნინო რამიშვილი და მანანა ხელაია. ვიწრო გზაზე მოვდიოდით, დაბლა ხევი იყო, ხელში აღვირი მეჭირა და უცებ ცხენი ყალყზე შედგა. წინიდან რომ მივეჭერი, ფლოქვები მომაყარა, მაგრამ ვიყოჩაღე, ქვაზე შევხტი და ზემოდან დავახტი კისერზე. გავაჩერე. ყველაფერი ისე უცბად მოხდა, გოგონებმა შეშინებაც ვერ მოასწრეს. მე რომ მეგონა ყველაფერი კარგად გავაკეთე, ბათირამ მკითხა, შეგეშინდა, ბალღოო? "ბალღოო..." თურმე თუშეთში ასე მიმართავენ, მე კი ვიფიქრე, შეურაცხყოფა მომაყენა-მეთქი. ერთი საათის შემდეგ ბათირას ცხენი მოვიპარე, მეგობარს ლაგამი გავაკეთებინე და გავქუსლე. წამართვა თავი ცხენმა, გაქროლებული უცებ გაჩერდა (თურმე ბათირას მეტი ვერავინ ჯდება იმ ცხენზე) და კატაპულტივით მისროლა. კინაღამ თავით დავერჭვე ლოდს. ამის შემდეგ პირველი მანანა ხელაიას სახე მახსოვს, უი, ლაშა, რა ლამაზად გადმოვარდიო... რომანტიკულები ვიყავით!

ბოლოს ადგილობრივებმა გაგვანდეს, ყაჩაღად არის ბათირა გასულიო - გროზნოში მატყლის კონტრაბანდაზე რაღაც ავანტიურაში გახვეულა. ლეგენდები დადიოდა მასზე. ჩვენც მეტი რა გვინდოდა... წარმოიდგინეთ, როდესაც ასეთი რომანტიკული ყაჩაღი დგება და მამაჩემის ნათარგმნ შექსპირის სონეტებს გვიკითხავს... ბათირა ზამთარში მთაში დარჩენილ მოხუცებს ეხმარებოდა, თან მათთან ათევდა ღამეს, ერთხელ წამოსცდა, შვიდი წელი ყინულში ცხოვრებით დავიღალე, ალბათ, ჩავბარდებიო. და მართლაც ჩაჰბარდა. იმ პერიოდში დედა დეპუტატი იყო და ქსნის კოლონიაში ბათირასთან შეხვედრა მომიწყო, მაშინ ჯერ ჩემი თაობის ხალხი არ მყავდა იქ მისაკითხი და ბათირა ვინახულე. წარმოიდგინე მისი განცვიფრება, ჩვენ რომ დაგვინახა, ნორჩი გაფიცულები. შემდეგში ჩაერთვნენ დედაჩემი, მამაჩემი და ბათირა ციხიდან ვადაზე ადრე გამოვიდა. ერთხელ თბილისში ჩამომაკითხა, შველი ჩამომიტანა. უკვე 18 წლის ვიყავი, საცოლე გავაცანი... ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. ორი წლის შემდეგ გროზნოში მოკლეს.

- ასეთი ამბები მწერლის გონებაში ილექება და... მწერლობა ბავშვობიდანვე გინდოდათ?

- გულში მწერლობაზე ვფიქრობდი. ბავშვობიდან ვეთამაშებოდი კალამს. სულ ლუპით მაკვირდებოდნენ რეზოს და მედეას შვილს, უნივერსიტეტში ჩაბარების დროსაც, მერეც... ქუჩაც ჩემი გასაკაფი იყო, ყველა კბილს მისინჯავდა, იქაც-აქაც ღირსება და შენი თვითმყოფადობა უნდა გემტკიცებინა, მაგრამ მშველოდა ის, რომ არ ვეჯიბრებოდი არასოდეს მამის და დედის სახელს.

ბევრმა შვილმა მოინდომა გაჯიბრება და წააგო. ჩრდილში არ აღმოვჩნდი, 20 წლიდან თვითონ ვარჩენდი ოჯახს. პირველმა პიესებმა და მოთხრობებმა მწერლის გზას გამიყენა და დღესაც არ ვნანობ ამას.

- თქვენი გმირების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

- თავიდან მე ვმართავ ჩემს გმირებს, მერე და მერე აღარ მემორჩილებიან - ჩემი გმირები მმართავენ მე. ასე იყო "დარაბებზეც", მთელი თბილისი მთხოვდა, მწერდნენ, ნინო და კოკა შეარიგეო. ვერაფრით ვერ შევარიგე, არადა, თვითონაც მინდოდა...

წერის პროცესი მიყვარს, მერე ვცივდები. რაც უკვე დაწერილია, მისკენ აღარ ვიხედები. იმიტომ კი არა, რომ პატივს არ ვცემ ან არ მიყვარს - უკან მოხედვა არ მინდა. ეს ხომ ჩემი შვილიაო - საკუთარ ნაწარმოებზე რომ ამბობენ მწერლები, ნარცისიზმია! აგერ, ანგელოზივით შვილები მყავს, ჩემი გამჭაღარავებლები. არა მაქვს სათუთი გრძნობები ჩემი ნაწერების მიმართ, უკეთესიც წამიკითხავს და მინახავს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ ვხვდები მათ ხარისხს, მაგრამ ამაზე სხვამ უნდა ილაპარაკოს. ჰემინგუეიმ თქვა, ყოველი დაწერილი წიგნი უკვე მოკლული ხარიაო. მატადორს შეადარა საკუთარი თავი.

- არსებობს ადამიანი, ვის აზრსა და შეხედულებასაც იზიარებთ როგორც მწერალი?

- ასეთი რამდენიმეა - ერთ-ერთი ჩემი მეუღლე გახლავთ. ჩვენ 17-18 წლის ასაკში გავიცანით ერთმანეთი და მალე დავქორწინდით. 47 წელია ერთად ვართ.

- ეს იშვიათობაა...

- ძალიან, თან ჩემნაირი ყირამალა მოსიარულე კაცისთვის... ისე მოხდა, რომ პირველი წაკითხვისას ყველაზე მეტად მედეას ვენდობი. ის უკეთ გრძნობს, სად ვღალატობ ჩემს თავს, სად ვიიოლებ გზას, მჯერა მისი ლიტერატურული ალღოსი და დახვეწილი გემოვნების.

- როგორი მამა და ბაბუა ხართ?

- მამაჩემი ხუმრობდა, ბაბუობა შიზოფრენიის ერთ-ერთი ფორმააო და უკვე კარგა ხანია მივხვდი, თუ რას გულისხმობდა - შარშან კი დიდი ბაბუაც გავხდი.

შვილებს რაც შეეხება, ძალიან მინდოდა, მამაჩემივით კარგი მამა ვყოფილიყავი. მე და ჩემს ორ ვაჟიშვილს ბევრი რამ გადაგვხდა ერთად, რამაც ძალზე დაგვაახლოვა, თუმცა დისტანცია არ დაკარგულა.

რეზო უფრო მკაცრი იყო, ხუმრობდა ხოლმე, რაც შენ მანერვიულე და მილიციებში მარბენინე, შენი შვილები გადაგიხდიანო. ჩვენ თურმე ასჯერ მეტი გველოდა - 9 აპრილითა და სამოქალაქო ომებით დაწყებული, ბევრი სხვა რამით დამთავრებული - მრავლის გადატანა მოგვიხდა ერთად.

- პოლიტიკაში მოსვლა შემოუთავაზებიათ?

- ბევრჯერ, საბჭოთა დროსაც, მერეც. პოლიტიკა ჩემნაირი კაცის საქმე არ არის, მე სხვა მორალურ-ეთიკური კოდექსი მაქვს. პოლიტიკაში ჩემთვის მიუღებელი თამაშის წესებია.

- ბოლო პერიოდში მოსწავლეების სისხლიანმა დაპირისპირებამ ყველა დაგვზაფრა. როდის დავუშვით შეცდომა, ვისი ბრალია?

- ჩვენს დროსაც ხდებოდა სკოლაში ასეთი ტრაგედიები. არ მეგონა, თუ ძველი კოშმარები დაგვეწეოდა. რაც ხდება, ყოველთვის ჩვენი ბრალია. სხვას ვერავის დავაბრალებთ. ყველა ერში ხდება ამდაგვარი რამ, ამ მხრივ ჩვენ უნიკალურები არა ვართ. გასაგებია, რომ ბიჭური აგრესია არსებობს - და როგორ უნდა წარმართო ეს ენერგია, ამაზე უნდა ვიფიქროთ. მეომრული სული არ უნდა ჩაკლა, მაგრამ სხვისი სიცოცხლე რომ ხელშეუხებელია, ადამიანის დაჩაგვრა, დამცირება, დანის დარტყმა რომ არ შეიძლება, ამისი სწავლება უწყვეტი პროცესია. ჩემთვის ეს არის ქრისტიანობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი. 14 ჭრილობას რომ მიაყენებ თანატოლს, მხოლოდ ფსიქოპათობით ვერ აიხსნება. ალბათ, მანდატურზე არანაკლებად ფსიქოლოგებიც გვჭირდება სკოლებში.

ქუჩაშიც სიმკაცრეა საჭირო, თუმცა ისეც არ უნდა მოხდეს, რომ მტყუან-მართალს განურჩევლად დაერიონ. ზვიად რატიანის ცემა რა იყო?! წინათ რუსთაველის თეატრზე იძახდნენ: გადის ათწლეულები და რუსთაველის თეატრი იგივე რჩებაო, იგივე შემიძლია ჩვენს პოლიციაზე ვთქვა.

- თქვენი პერიოდის თბილისი დღევანდლისაგან ძალიან განსხვავებულია?

- სრულიად სხვადასხვა ეპოქაა. დღეს თბილისი ჩემთვის ერთი დიდი გასტრონომია, უამრავი მანქანით გარშემორტყმული, ვეღარ ვცნობ ამ ჩაბეტონებულ ქალაქს. ქუჩაში სიარულის სურვილი აღარ მაქვს, როცა ერთ დროს მოხეტიალე კაცი ვიყავი. საოცრად მიყვარდა თბილისის ქუჩებში სიარული. ეკოლოგიურ პრობლემებზე აღარაფერს ვიტყვი. ჩემთვის უსიამოვნოა უცხო ქვეყნების პოლიტიკური კლერკებისგან ნასწავლ გენდერულობასა და ტოლერანტობაზე ჩიჩინი. ჰოლივუდის სინდრომის არ იყოს, გოგოს თვალი რომ ჩაუკრა, თურმე კლინიკაში უნდა მოგათავსონ და დაგიმდაბლონ ტემპერამენტი. ამას ხუმრობით ვამბობ, მაგრამ ადეკვატურობისა და ზომიერების გრძნობა არ უნდა დავკარგოთ, თორემ სიგიჟემდე მიდის ეს ფარისევლობა და სიყალბე, რომელსაც ვიღაც გიკანონებს.

- ბევრი ცნობილი პიროვნება ყოფილა თქვენი ოჯახის სტუმარი. მსმენია მოგონებები, როგორ მოილხინა თაბუკაშვილებში მარჩელო მასტროიანმა.

- მე არ ვიყავი იმ დროს საქართველოში, მაგრამ ვიცი, რომ საუცხოოდ მოილხინეს. სუფრასთან თავი მოიყარეს ანსამბლ "რუსთავის" წევრებმა, ჩემმა, რეზოს და მედეას მეგობრებმა. ქეიფი წავიდა საუცხოო, ბოლოს როკ-ენ-როლიც შეუბერეს მარჩელომ და თამრიკო ცაგარეიშვილმა.

- ქალბატონი მედეა როგორი დედა იყო?

- იოლი მოსატყუებელი. ამ ქალში იყო უდიდესი სიბრძნე, მიამიტობა და ბავშვურობა ერთად.

სხვათა შორის, მედეა უფრო ვაჟკაცი იყო, ვიდრე რეზო, რომელიც ჯუნგლების მეფესავით უშიშრად დააბიჯებდა, მაგრამ იქ, სადაც რეზოც კი დაამუხრუჭებდა, მედეასთვის მუხრუჭი არ არსებობდა. ჩემს დამჭრელს აპატია - 16 წლის ვიყავი, დამჭრეს და დამჭრელი რომ ამომიყვანეს მეორე დღეს ჩემმა მეგობრებმა, დედაჩემი შემოვიდა ოთახში და შენც ჩემი შვილი ხარ, ერთმანეთის გამეტება არ შეიძლებაო, უთხრა. ამ ფრაზამ იმუშავა.

- ტრადიციული თუ ხართ?

- იმ გაგებით, რასაც მე ვეძახი ტრადიციას, ტრადიციული ვარ.

ჩემს ერთ პიესაში, რომელშიც მოქმედება 21-ე საუკუნეში ვითარდება, ერთ-ერთი გმირი, მწერალი, ხუმრობით ამბობს: "დამასაფლავეთ მე-20 საუკუნეში". მე მეოცესაუკუნელი ვარ, მაგრამ ვცდილობ ყველაფერი ახალი ობიექტურად აღვიქვა.

- ახალი წლის შეხვედრის თქვენეული ტრადიცია გაქვთ?

- დიახ. ძალზე სერიოზულად ვუდგებით ამ დღესასწაულს. ახალ წელს ოჯახის წევრები, მეგობრები რომ მოდიან, ჩემთვის ეს დრამატურგია დღესაც ყველაზე ძვირფასია. ჩემი ოჯახისთვის ახალი წლის მთელი რიტუალი წმიდათაწმიდაა. დღესაც მინდა მჯეროდეს სანტა-კლაუსის!

- რა არის მთავარი ცხოვრებაში?

- ეგ რომ ვიცოდე...

ეკა სალაღაია