"მინისტრად უფრო ადვილად დაგნიშნავდნენ, ვიდრე "კუკუშკის" მემანქანედ" - კვირის პალიტრა

"მინისტრად უფრო ადვილად დაგნიშნავდნენ, ვიდრე "კუკუშკის" მემანქანედ"

თემურ თედიაშვილი: "პირველი მატარებელი ბაკურიანში დილის 7 საათსა და 15 წუთზე გადის. ერთი საათით ადრე უნდა მივიდე, სამედიცინო შემოწმება გავიარო და ელმავალი მოვამზადო. ბაკურიანიდან რომ წამოვალ, ბორჯომის სადგურზე მატარებელი ისევ უნდა შევამოწმო და მერეღა მივდივარ სახლში"

არც კი ვიცი, ვინმე არის კი ჩვენ შორის, ვინც ბაკურიანში "კუკუშკით" ერთხელ მაინც არ წასულა. ეს პატარა მატარებელი თავისი ულამაზესი ხეობიანად და "გუგუ-გუგუს" ძახილიანად ყველა თაობის ბავშვობის ფერად მოგონებად იქცა. "კუკუშკის" მემანქანეს, 65 წლის თემურ თედიაშვილს, ალბათ, ყველანი ვყავართ ამ გზაზე მშვიდობით გადაყვანილ-გადმოყვანილი.

- მე ისეთი "კუკუშკა" მახსოვს, ორთქლმავალი რომ დადიოდა. მის ხმას რომ გავიგონებდით, ბიჭები გაქაფულ ფეხბურთს თავს მივანებებდით და სადგურზე კისრისტეხით გავრბოდით. დაბაში მემანქანეები ორთქლმავლიდან მაზუთის წვით დაგროვებულ ორთქლს უშვებდნენ, თორემ მატარებელი ვერ დაიძვრებოდა. ჩვენ კი იმიტომ გამოვრბოდით კისრისტეხით, რომ იმ ორთქლში გარბენა მოგვესწრო. აი, მაშინ მომინდა მემანქანეობა. არადა, ისეთი ძნელი იყო, მაშინაც და მით უფრო ახლაც, მინისტრად უფრო ადვილად დაგნიშნავდნენ, ვიდრე "კუკუშკის" მემანქანედ, იმიტომ, რომ ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზა ურთულესი მარშრუტია. ჯერ ერთი, ერთკილომეტრიან მონაკვეთში 35 მეტრ სიმაღლეზე ადიხარ. ყოველ ნაბიჯზე მოსახვევია და გარდა ამისა, აქ ისევ ის ვიწროლიანდაგიანი გზაა, როგორიც რომანოვებმა გაიყვანეს და რომელზეც პირველმა მატარებელმა გაიარა.

- თუ არ ვცდები, ეს რკინიგზა არა მხოლოდ დამსვენებლებისთვის, არამედ აქაური მოსახლეობისთვის იყო ბორჯომთან დამაკავშირებელი ერთადერთი ტრანსპორტი წლების მანძილზე.

- ამ ხეობის ბავშვები სკოლაში ხშირად "კუკუშკით" დავდიოდით. მათ შორის, დაბელებიც. მაშინ დაბაში სკოლა არ იყო და წაღვერში დავდიოდით. დიდთოვლობისას, როცა სოფელში "პაზიკის" ავტობუსი ვერ ამოვიდოდა, "კუკუშკას" მივყვებოდით ჟრიამულით. ბორჯომიდან ძალიან ადრე გამოდიოდა და სკოლაში საათ-ნახევრით ადრე გვიწევდა მისვლა. კიდევ კარგი, ვაგონებში ნახშირის "ფეჩი" იდგა და ისეთი სიცხე იყო, შიგნით ვერ გაჩერდებოდი. ამიტომ ვაგონის აივანზე გამოვდიოდით ხოლმე.

- ვაგონებს აივნებიც ჰქონდა?

- ჰქონდა, აბა, რა. ორთქლმავალს ება ხის ვაგონები, რომლებსაც ცალ გვერდზე აივნები ჰქონდა, ცალზე კი მერხები იდგა მგზავრებისთვის.

ზოგჯერ ორთქლმავალი ხალხს ვერ ერეოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დამსვენებლებს სოფლებიდან ბევრი ხალხი დაემატებოდა. ერთხელ არჩევნებზე გავეკიდეთ ბავშვები დედ-მამას სოფელ ტბეთში. პატარა ცემთან რომ მივიდა, მატარებელი სამჯერ მაინც აბუქსავდა მაღლობზე და სამჯერვე უკან ჩამობუქსავდა. მემანქანემ ხალხს უთხრა, ხალხო, აგე, მაღლაა სადგური, მოკლეზე ადით,Y არაფერი გიჭირთ, ჩვენ რომ დავიცლებით, ადვილად ამოვალთ სადგურში და იქ ჩასხედითო. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ჯერ ჯარი მოვიარე, მერე სამწლიანი ტექნიკუმი დავამთავრე, მერე დეპოში ვიმუშავე და მემანქანეც გავხდი. კვირაში ოთხჯერ დავდივარ დაბასა და ბორჯომს შორის. პირველი მატარებელი ბაკურიანში დილის 7 საათსა და 15 წუთზე გადის. ერთი საათით ადრე უნდა მივიდე, სამედიცინო შემოწმება გავიარო და ელმავალი მოვამზადო. ბაკურიანიდან რომ წამოვალ, ბორჯომის სადგურზე მატარებელი ისევ უნდა შევამოწმო და მერეღა მივდივარ სახლში. დილის 5 საათზე ისე ვიღვიძებ, მაღვიძარაც კი არ მჭირდება. ახლა კიდევ რა მიჭირს, მანქანით მივდივარ ბორჯომის სადგურამდე, მაგრამ იყო წლები, როცა 9 კილომეტრს ფეხით გავდიოდი და მაინც ზუსტად მივდიოდი. ასე იყო ყველა მემანქანე. იმ წლებში, როცა ყველაფერი გაჩერდა, "კუკუშკა" ჩვენ მაინც დაგვყავდა.

- არადა, იმ დროს რკინიგზაზე ყოველ წუთს ითიშებოდა დენი.

- ტყეში ბევრჯერ გაგვითენებია, მაგრამ "კუკუშკა" რომ გაგვეჩერებინა, ამ ვიწროლიანდაგიან უნიკალურ რკინიგზას სულ ჯართად გაიტანდნენ.

ან მოსახლეობას რა უნდა ექნა, "კუკუშკით" დადიოდნენ ბორჯომში პროდუქტის გასაცვლელად. თუ მატარებელი ტყეში მთელი ღამით გაჩერდებოდა, რომ არ გავყინულიყავით, თოვლში უნდა გადავსულიყავით, ტყეში ფიჩხი მოგვეძებნა, მგზავრებიც ჩამოგვეყვანა და კოცონი დაგვენთო. როდის-როდის, დენიც მოვიდოდა და კვლავ დავიძვრებოდით.

- მაგ წლებშიც დაგყავდათ ბავშვები "კუკუშკით"?

- რამდენიც გინდა. ახალ წელსაც ბევრჯერ ვყოფილვარ ელმავალზე, რომელიც 1967 წელს შემოვიდა ჩეხეთიდან. ახლაც ამ ელმავლებით დავდივართ. ამ ელმავლებზე გაოცებული არიან ჩეხები, ნუთუ ჩვენთან გაკეთდა, ჩვენ აღარც კი გვახსოვსო.

ისე, ბავშვები ჩვენთვის ყველაზე მაღალი რანგის მგზავრები არიან. მართალია, მემანქანესთან შესვლა არ შეიძლება, მაგრამ სადგურზე გაჩერებისას ხშირად მოუყვანიათ ხელში აყვანილები, ძალიან გთხოვთ, ერთი საყვირი მიეცით, რომ საჭმელი ჭამოს, არა ჭამსო.

- ისე, ალბათ, 30 წლის მანძილზე მილიარდი თუ არა, მილიონი "გუგუ" მაინც გექნებათ დაძახებული ხეობაში.

- დიახ, და ეგ ძალიან გვჭირდება, იმიტომ, რომ გზაზე ისეთი მოსახვევები გვხვდება, 10-15 მეტრით წინ ვერ დაინახავ რა ხდება; საყვირით უნდა გავაფრთხილოთ, თუ ლიანდაგზეა ვინმე, თორემ ხეობაში ზამთარ-ზაფხულ დამსვენებლები და აქაურები არიან გამოფენილი. რამდენჯერ ყოფილა, სოფლიდან გამოპარული ბავშვი ლიანდაგზე "დაგულაობდა". ერთი პირდაპირ ლიანდაგზე თამაშობდა ჯოხცხენას. შიშისაგან მატარებლიდან ვეღარ გადმოვედით. დედა რომ გამოვარდა კივილით და ბავშვი უვნებელი აიტაცა, მაშინ ამოვისუნთქეთ.

- მაგრამ ასეთ ამბებს, ალბათ, ის სილამაზე ფარავს, რომელიც ბორჯომის ხეობაში გხვდებათ.

- ხომ 30 წელია დავდივარ, მაგრამ სადგურ ლუგელას კიბე, რომელიც რომანოვების დროს არის გაკეთებული, იმდენად მიყვარს, რომ ამ სადგურში შევლისას გული გამალებით მიცემს. განა მარტო ეგ, ზოგჯერ უცხოელები ნებართვას იღებენ, ელმავალში გვისხდებიან და ხეობას ფოტოს უღებენ. ერთმა შვეიცარიელმა მითხრა, არ იცით, რა განძი გაქვთო, გაკვირვებულმა ვკითხე, ნუთუ შვეიცარიაზე უკეთესია-მეთქი? აბა, რა, შვეიცარიაში მთებში რომ ადიხარ რკინიგზით, მხოლოდ ალპებია და ერთი ხეც არ დგას, აქ კი სულ სიმწვანეში მიდიხარო.…

- თქვენი ნატვრა რა არის ამ ახალ წელს.

- გამთლიანებული საქართველო, გამრავლება და სიყვარული ჩემს ოჯახთან ერთად. და კიდევ, ჩვენი "კუკუშკის" უფრო ლამაზ მატარებლად გადაქცევა. იციან რკინიგზაში, რა გვაკლია და რა გვჭირდება.

ყველას ვულოცავ ახალ წელს, ისეთი ბედნიერი დაგვდგომოდეს, "კუკუშკაც" ბევრჯერ შეხმიანებოდეს თავისი დაძახილით. გლოცავთ, დაგლოცავთ და თქვენს გულებში ულევ სიხარულს ვისურვებ!

ე.წ. ეიფელის ხიდი

2017 წლის 30 ივნისს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას და მის შემადგენელ ნაწილს - "კუკუშკასაც".

წაღვერ-ცემის დამაკავშირებელი რკინიგზის ხიდი მდინარე გუჯარულაზე, წაღვერიდან ცემისკენ მიმავალ სარკინიგზო ხაზზე მდებარეობს. ხიდი მთლიანად რკინის კონსტრუქციაა, რომელზეც ერთი ლიანდაგის ხაზი გადის.

ე.წ. ეიფელის ხიდი, როგორც მოსახლეობა ეძახის, ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის კომპლექსის შემადგენელი ნაწილია. მისი მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და 1902 წელს ამოქმედდა. მიხეილ რომანოვმა სპეციალურად დაუკვეთა ცნობილ ფრანგ კონსტრუქტორ ალექსანდრ გუსტავ ეიფელს და 1902 წელს პორტერის ტიპის ორთქლმავალი, რომელსაც ღია ტიპის ვაგონები ებმოდა, ინგლისიდან ჩამოიტანეს.

ეთერ ერაძე