"კაცო, თქვენ რომ სვამთ, მერე აღარა ფსამთო?.." - კვირის პალიტრა

"კაცო, თქვენ რომ სვამთ, მერე აღარა ფსამთო?.."

ახალი წლის სუფრაზე ხშირად ვიხსენებთ ხოლმე ჩვენს ძველ კორიფეებს, ისეთ ამბებს, რომლებიც საახალწლო განწყობას უხდება. ერთ ასეთ სახალისო ამბავს ზურა ყიფშიძე გვიყვება:

ბორჯომ-ბაკურიანს შორის, ლიბანში ვიღებდით ფილმს "ამხანაგი სტალინის მოგზაურობა აფრიკაში". მე და რამაზ ჩხიკვაძე ერთ ოთახში ვცხოვრობდით. ერთხელაც მეუღლემ ჩამომაკითხა, საღამო ხანს ახლობლებთან ერთად მოვილხინეთ, შევთვერი, მერე რაღაცაზე გავბრაზდი და ნასვამს თბილისში მომინდა წამოსვლა. რა თქმა უნდა, მანქანის გასაღები დამიმალეს, მე მაინც არ ვისვენებ, დავდივარ ეზოში, გადავდგი იქაურობა. უცებ ზემოთ ჩვენი ოთახის ფანჯარა გაიღო.

- დაკარგეთ რამე, ბატონო ზურა, - გადმომძახა ბატონმა რამაზმა.

- ჰო, დავკარგე!

- რა დაკარგეთ, ბატონო ზურა?

- გასაღები!

- რისი გასაღები?

- მანქანის!

- მანქანის კი არა, ერთი ადგილის გასაღები გაქვს დაკარგული, ამოეთრიე, ახლავე დაიძინეო.

ავედი, შევწექი და ამოვუშვი ხვრინვა. დილით გავიღვიძე და მირჩევნია, მიწა გამისკდეს, ისეთ დღეში ვარ, საბნის გადახდა არ მინდა სახიდან. ბოლოს მოვიკრიბე ძალა - მაპატიეთ, ბატონო რამაზ, გუშინდელი-მეთქი.

- არა, კაცო, ეგ არაფერი, მაგრამ ერთ შეკითხვა მაქვს. - რა იყო-მეთქი?

- კაცო, თქვენ რომ სვამთ, მერე აღარა ფსამთ, რომ გადაგვდგი მთელი ბორჯომ-ბაკურიანიო?