"ინდაურის ფიზიონომიას რომ შევხედავ, მადა მეკარგება. მე და გოჭი კი ვუგებთ ერთმანეთს"
"ინდაურის ფიზიონომიას რომ შევხედავ, მადა მეკარგება. მე და გოჭი კი ვუგებთ ერთმანეთს"
2017 წლის კურიოზებსა და სახალისო ისტორიებზე ქართველი იუმორისტები გვიამბობენ:

ნიკა არაბიძე:
"2017 წელს ყველაზე მოსწრებული და სახალისო გამონათქვამი იყო "გუგავა მოვა!" ბატონმა შალვამ ეს სიტყვები სერიოზულად თქვა, მაგრამ ყველამ აიტაცა და ლამის მთელი ქვეყანა გუგავას მოლოდინში იყო.
შარშან განსაკუთრებით მომეწონა ერთი ანეკდოტი: კაცმა შვილს ღვიძლი გადაუნერგა. გავიდა ხანი და მეზობელი ეკითხება, როგორ არის შენი ბიჭიო? რა უჭირს, სვამს, ჭამს და თავს ძალიან კარგად გრძნობსო. გადანერგილი ღვიძლი რომ აქვს, დალევა შეიძლებაო?
მაგას თავისი ღვიძლი ეკიდა ფეხებზე და სხვისი სულ არ ადარდებსო, - უპასუხა არხეინი შვილის მამამ.

ბოლოს კი, ნამდვილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც ჩემს მეგობარს სვანეთში გადახდა: მანქანით მიდიოდა სვანეთში. გზაზე სახლთან კაცი დაინახა და გაუჩერა. დიდხანს ილაპარაკეს და ბოლოს ჰკითხა, სად მიდიხარო? მანქანა შენ გამიჩერე და
მე მეკითხებიო? კითხვითვე მიუგო იმან. რა უნდა ექნა, მოაბრუნა მანქანა, მიიყვანა თავის სახლთან და იქ დატოვა".

ბესო ბერულაშვილი:
- ახალ წელს ოჯახში შევხვდით, მერე კი, მეუღლის მშობლებთან წავედით, შემდეგ შვილიშვილები გვესტუმრნენ, 2 იანვრამდე ვართ ასე - მიდი-მოდიში. მერე კი ძველით ახალ წლამდე ვიკარგები, ხან სად ვარ, ხან - სად.

- თუ გაქვთ გამორჩეული საახალწლო კერძი?

- გოზინაყი მიყვარს, მაგრამ ეს უფრო სიმბოლური საახალწლო ტკბილეულია და არა - კერძი.

- საცივი?

- ინდაურის - არა. მის ფიზიონომიას რომ შევხედავ, მადა მეკარგება. მე და გოჭი უფრო ვუგებთ ერთმანეთს.

- ბავშვობაში თოვლის პაპისა თუ გჯეროდათ?

- კარგა ხანს მჯეროდა, მაგრამ ერთხელ მამაჩემი დავინახე, რომელიც წვერს იმაგრებდა და იქ დამთავრდა ყველაფერი.
ჩემი უფროსი შვილიშვილი 8 წლისაა, პატარა - 2 წლის. უფროსი შვილიშვილი პატარა რომ იყო, ჩემმა მეგობარმა 100 დოლარი აჩუქა. უცებ დაგვჭირდა ეს ფული და იმ პირობით გამოვართვით, რომ მალევე დავუბრუნებდით. ფულის დაბრუნება დავაგვიანეთ და ამასობაში ახალი წელიც მოახლოვდა. წერა-კითხვა კარგად არ იცოდა, მაგრამ თოვლის პაპას თავისი ბატიფეხურით მაინც მისწერა: ჩემებს შეახსენე - 100 დოლარი რომ გამომართვეს, უკან დამიბრუნონო.

- გასულ წელს ყველაზე მეტი სახუმარო მასალა ვინ მოგცათ?

- განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პირველ ადგილზე იყო გინდ ვაშლების დარიგებით და გინდაც იმით, რომ ქართულ ზღაპრებს დაერია. თამამად ვიტყოდი, რომ მან ყველა რეკორდი მოხსნა და ახლა განათლების მისაღებად მიდის ამერიკაში. განათლების მინისტრი განათლების მისაღებად რომ მიდის - ეს, ჩემი აზრით, წლის კურიოზია. 2017 წლის "იუმორინაზე" ჯეჯელავა ვიყავი, 2018 წელს კი გია ვოლსკი ვიქნები. სხვათა შორის, ბატონ გიას თვითონაც მოსწონს ეს პერსონაჟი, რადგან ძალიან მეგობრული პაროდიაა.
რაც შეეხება წლის საუკეთესო ანეკდოტს, გურულებზეა: რაჟდენა მიდის და თავის თავს ელაპარაკება. რაია რაჟდენა, შენ თავს რაფერ ელაპარაკებიო? - ჰკითხა გზაზე მომავალმა მეზობელმა. ასეა, მე საერთოდ მიყვარს ჭკვიან ხალხთან მუსაიფიო, - უპასუხა რაჟდენამ და გზა განაგრძო.

ხვიჩა მაღლაკელიძე:
"კურიოზია, როცა 21-ე საუკუნეში ყოველ მესამე დღეს შუქი ან წყალი ითიშება, როცა ლიფტში შედიხარ, 10-თეთრიანს ჩააგდებ და იცი, რომ აუცილებლად ჩაგიყლაპავს, რადგან ასეთი ბიზნესი აქვს და "ჩერეზ ადინ" მუშაობს. კურიოზია ჩვენი პოლიტიკოსების გატაცება უცხო სიტყვებით და ქართული ენის თავისებური "შელამაზებაც". ვგიჟდები სიტყვებზე - "მზაობა", "ხისტი", "მყისიერად", მაგრამ "ნარატივი" მაინც საოცრებაა. ამ სიტყვას თითქმის ყველა პოლიტიკოსი იყენებს. თანაც, ისე გემრიელად ამბობენ, რომ სიტყვა კი არა, საჭმელი მგონია და სურვილი მიჩნდება, "ნარატივს" აჯიკა ან ტყემალი მოვასხა... ძალიან ბევრი ლამაზი, ქართული სიტყვა გვაქვს მაგრამ - არა, უყვართ ქართველებს უცხო სიტყვები. შენს კარგს რომ სხვისი ცუდი გირჩევნია, კურიოზია, აბა რა არის?"

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები