მოედანზეა ქალი, ანუ "ნანა, კაცი არ მოინახა, ფეხბურთზე რომ იღებ ფილმსო?"
03-01-2018
მოედანზეა ქალი, ანუ "ნანა, კაცი არ მოინახა, ფეხბურთზე რომ იღებ ფილმსო?"
"ფეხბურთის თავგადაკლული გულშემატკივარი იყო იპოლიტე ხვიჩიაც. ნარდის­ დიდი მოყვარულიც გახლდათ და თუ ვინმე მოუგებდა, ნარდს ამტვრევდა. დოდო რისი დოდო იყო, რამე რომ არ ეხიმანდრა და მეგობარს მაგნიტიანი კამათლები დაამზადებინა. დაუჯდებოდა, შეცვლილი კამათლებით გაუგორებდა ზედიზედ დუშაშს, მოიგებდა და გაწიწმატებული იპოლიტე დაამტვრევდა ნარდს..."

რეზო ჩხეიძე და სცენარის ავტორი ლევან ჭელიძე იყვნენ ის ორად ორი ადამიანი, რომლებსაც რეჟისორ ნანა მჭედლიძის წარმატებაში ეჭვი არ ეპარებოდათ, როდესაც მან "პირველი მერცხალის"­ გადაღება­ დაიწყო. თურმე ნაცნობები რომ
ხვდებოდნენ, სიცილით ეკითხებოდნენ - რა იყო, ნანა, კაცი არ მოინახა, ფეხბურთზე ქალი რომ იღებ ფილმსო? გავიდა დრო და ფეხბურთის მოყვარული რეჟისორის ფილმმა ყველას თავი შეაყვარა. 1975 წელს თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალზე "პირველ მერცხალს" ორი პრიზი ერგო: ერთი
საუკეთესო რეჟისურისთვის და მეორე - დოდო აბაშიძეს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, 1977 წელს კი ობერჰაუზენის სპორტული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან-პრის მფლობელიც გახდა.

"ერთი გურული მაინც ხომ უნდა იყოს გუნდშიო და ოდიშარიას გადაუკეთეს გვარი"


ამირან ქადეიშვილი, მსახიობი: - კარგი ჯგუფი მუშაობდა, კარგი რეჟისორი იღებდა, და გადაღებებიც კარგ ქალაქში მიმდინარეობდა. შესანიშნავი მსახიობები მონაწილეობდნენ, ერთი მათგანი, დიმა ჯაიანი, ცოტა ხნის წინ დავასაფლავეთ, უფროსი თაობიდან ყველა წასულია უკვე.
სცენარის მიხედვით, ჩემი გმირი ჭოლა ოდიშარია უნდა ყოფილიყო, მაგრამ მერე თქვეს, ერთი გურული მაინც ხომ უნდა იყოს გუნდშიო და გადაუკეთეს გვარი, ასე განვასახიერე ჭოლა ქადეიშვილი.

დოდო აბაშიძე, ვასილ ჩხაიძე, იპოლიტე ხვიჩია, გულჩინა დადიანი, გურამ ლორთქიფანიძე, გურამ ფირცხალავა, დიმა ჯაიანი - მათთან ერთად მუშაობა დიდი პატივი იყო. თანამშრომლობამ მომიწია ფეხბურთის­ ისეთ ვარსკვლავებთან, როგორიც ბორია პაიჭაძე და მიშა გაგუა იყვნენ. გადაწყდა, რომ ფილმში ჩვენ უნდა გვეთამაშა ფეხბურთი და არა დუბლიორებს. ჩვენ რა ფეხბურთელები ვიყავით, რაღაცას ვცოდვილობდით. ამიტომ ბევრს გვავარჯიშებდნენ. ბორია თაფლივით კაცი იყო, ხმამაღლა სიტყვას ვერ გეტყოდა, ბატონი მიშა უფრო მომთხოვნი გახლდათ. ფეხბურთის თავგადაკლული გულშემატკივარი იყო იპოლიტე ხვიჩიაც. ნარდის­ დიდი მოყვარულიც გახლდათ, იმდენად დიდი, რომ თუ ვინმე მოუგებდა, ნარდს ამტვრევდა. დოდო რისი დოდო იყო, რამე რომ არ ეხიმანდრა და მეგობარს მაგნიტიანი კამათლები დაამზადებინა. დაუჯდებოდა, შეცვლილი კამათლებით გაუგორებდა ზედიზედ დუშაშს, მოიგებდა და გაწიწმატებული იპოლიტე დაამტვრევდა ნარდს...
დოდო გულჩინას დას ეძახდა და დანარჩენებიც ასე მივმართავდით. ის და ჯაიანი­ მეგრულად რომ დაიწყებდნენ ლაპარაკს, დოდო სიცილით ეუბნებოდა, გასაგებ ენაზე ილაპარაკეთო.

ფილმში ჩვენს ინგლისელ მოწინააღმდეგეებს ამერიკელები ასახიერებდნენ. ფოთის პორტს მოადგა მათი გემი და ჩვენს სასტუმროში დაბინავდნენ. ქალბატონმა ნანამ ფილმში გადაღება შესთავაზა და სიამოვნებით დათანხმდნენ. დამშვიდობების დრო რომ დადგა, ვიმსჯელეთ, რა შეიძლებოდა გადაგვეცა სამახსოვროდ და ბევრი ბჭობის შემდეგ სვანური ქუდები ვუყიდეთ. დოდომ ქუდში ღვინო ჩაასხა, გზა დაულოცა და გავაცილეთ. გემი რომ დაიძრა, ყველას სახე ჩამოგვტიროდა. ნანამ შემოგვხედა და სწორედ ამ მომენტში დაიბადა ფილმის ფინალიც.
ფილმს ძალიან დიდი წარმატება ერგო. თეირანში ფესტივალზე დოდო და ნანა წავიდნენ. დოდომ გვიამბო, თურმე 12-სართულიან სახლებზე ჩვენი პორტრეტები ყოფილა გამოფენილი.

"ფილმში ერთი პატარა სცენა მაქვს და ამდენი მაწვალეს"


ბაადურ წულაძე, მსახიობი: - მიხარია, ეს ფილმი რომ გაიხსენეთ, თითქოს მიავიწყდათ "პირველი მერცხალი". ფილმში­ მე კაბარეს მეპატრონე ფრანგს ვასახიერებდი. გადაღება ფოთში მიმდინარეობდა. მაშინ ერთდროულად რამდენიმე პროექტზე­ ვმუშაობდი, მათ შორის, გლებ პანფილოვთან, რომელიც ვლადიმირში იღებდა ფილმს. რეზო ჩხეიძემ არავითარ შემთხვევაში,­ ჯერ ფოთში ჩადი და მერე გაემგზავრეო. გადავდე ვლადიმირის გადაღება, ჩავედი ფოთში და ნანამ რომ დამინახა, ვაიმე, ბაადურ, ჯერ შენი დეკორაცია არ არის მზად და ტყუილად ჩამოხვედიო. ცუდად გავხდი. მაშინ წავალ ვლადიმირში-მეთქი. იცოდე, სამ დღეში უსიკვდილოდ აქ უნდა იყოო. ფირცხალავა დატრიალდა, ძლივს მიშოვა ბილეთი, ჩავედი მოსკოვში, იქიდან ვლადიმირში, გადავიღე და დავბრუნდი ფოთში. სასტუმროს ეზოში დოდო და გურამ ფირცხალავა შემხვდნენ, დამინახეს და სიცილი აუტყდათ - ტყუილად ჩამოხვედი, ჯერ არ არის დეკორაცია მზადო. მაშინ მივდივარ ბათუმში, როცა მზად იქნება, დამირეკეთ და გამომიძახეთ-მეთქი! ერთ თვეში გამომიძახეს. ერთი პატარა სცენა მაქვს და ამის გულისთვის ამდენი ვიწვალე.
ჩემი გმირი სერგი წულაძემ გაახმოვანა, სორბონი აქვს დამთავრებული, "ვეფხისტყაოსანი" თარგმნა ფრანგულად. მოკლედ, ფრანგული იცოდა ბევრ ფრანგზე უკეთ. გავიდა დრო და საქართველოში ჩამოსულ ფრანგულ დელეგაციას აჩვენეს ფილმი. ბანკეტზე აღტაცებულებმა მითხრეს, თქვენ რომ საუბრობთ, ეგეთი ფრანგული ბევრმა ფრანგმაც არ იცისო. რამე რომ მეთქვა, თავს გავყიდდი, ამიტომ კომპლიმენტი შევიფერე.

"კონსულტანტად ბორია პაიჭაძის მიწვევამ ყირაზე დააყენა სცენარი"

ბორის პაიჭაძე-უმცროსი: - "პირველი მერცხალი" თავიდან სულ სხვანაირად ყოფილა ჩაფიქრებული, მაგრამ ფილმის კონსულტანტად ბორია პაიჭაძის მიწვევამ ყირაზე დააყენა სცენარი. მარგანეცის გულისთვის ფოთში ბევრი გემი ჩამოდიოდა, მათ შორის ბრიტანული გემებიც. სანამ დაიტვირთებოდა, მეზღვაურები ფეხბურთს თამაშობდნენ. ამას თვალს ადევნებდნენ ფოთელები. ასე იქცა ფოთი ქართული ფეხბურთის აკვნად. ყველა მომენტი, რაც ფილმშია გამოყენებული, მაგალითად, მსაჯი, იპოლიტე ხვიჩია რომ ასახიერებს, პოლიციის თანამშრომელია, დოდო აბაშიძის გმირს, იასონს, ფეხზე ლენტი ახვევია იმის სანიშნებლად, რომ ძლიერი დარტყმა აქვს, ხალხი რომ სტადიონზე გადმორბის ხანჯლით, აბა, ერთი გამიტანე გოლიო, ეს ყველაფერი ცხოვრებიდან აქვთ აღებული.

ბორის პაიჭაძე შემთხვევით გახდა ფეხბურთელი. მეზღვაურობაზე ფიქრობდა, განათლებაც მიღებული ჰქონდა, უფრო მეტიც, გაჰყვა გემს, რომელიც ლონდონში მიდიოდა და გზად მეგობრებმა, რომელთაც თამაში ჰქონდათ ბათუმელებთან, დეპეშა დაადევნეს - ბორია, ჩამოდი, მამაშენი უკანასკნელ დღეშიაო. დაბრუნდა. ის თამაში მოიგო და დარჩა ფეხბურთში. ბორიას პირველად რომ პრემია თუ სახელფასო დანამატი მისცეს, გაჰკვირვებია, მე ფეხბურთს ვთამაშობ და ესენი ფულს მიხდიანო. ეს ვერ წარმოედგინა, იმდენად უყვარდა ფეხბურთი.

- გამიგია, ფეხბურთის ტრანსლაციისას კომენტატორის საუბარს ხმას უწევდა, თუ კოტე მახარაძე ან ეროსი მანჯგალაძე არ ახმოვანებდაო. ასე იყო?

- ერთხელ კოტესაც მისცა შენიშვნა... რეზო ჩელებაძე ნიჭიერი, მაგრამ უიღბლო ფეხბურთელი იყო. არაჩვეულებრივი პენალტისტი გახლდათ, მისნაირი სულ რამდენიმე იყო თბილისის "დინამოს" ისტორიაში. ერთხელ ერევნის "არარატთან" ისეთი ბურთი ვერ გაიტანა, რომელიც ძალიან უნდა მოგენდომებინა, რომ ვერ გაგეტანა. კოტემ ამაზე შენიშვნა პირდაპირ ეთერში მისცა. რომ ჩამოვიდნენ, ბორისმა კოტე ჩაიყვანა მინდორზე, დააყენა იმ ადგილას, საიდანაც ჩელებაძემ ააცდინა ბურთი და უთხრა, ფეხბურთელისთვის ამ მომენტზე დიდი ტრაგედია არ არსებობს, არ შეიძლება ტელევიზიით კიდევ შენიშვნის მიცემა და ცეცხლზე ნავთის დასხმაო.

- ბაბუას ეძახდით?

- ბაკის. არაჩვეულებრივი ბაბუა და პიროვნება იყო. ძალიან თავმდაბალი კაცი. სადაც უნდა წასულიყო, ყველგან ხალხის დიდი სიყვარული ხვდებოდა, მხოლოდ მას კი არა, მეც მხვდება, ჩემს სახელს და გვარს რომ გაიგებენ ხოლმე.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით