"არც ერთ მტერს არ შეუძლია ისეთი ზიანი მოგვაყენოს, როგორსაც ჩვენ მივაყენებთ საკუთარ თავს"
04-01-2018
"არც ერთ მტერს არ შეუძლია ისეთი ზიანი მოგვაყენოს, როგორსაც ჩვენ მივაყენებთ საკუთარ თავს"
გვიყვარხარ, ჩვენო პატრიარქო! მრავალჟამიერ, თქვენი სიცოცხლე!

"კვირის პალიტრა" ულოცავს ჩვენს უწმინდესს, ერის სულიერ მამას იუბილეს. ბედნიერია ქართველი ერი, როდესაც ჰყავს ასეთი სულიერი მესაჭე. მზეგრძელობასა და მხნეობას გისურვებთ ჩვენი ერის საიმედოდ!

ამონარიდები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია IIII-ის ქადაგებებიდან

"ადამიანში არ კვდება სინდისი"

"ბოროტისაგან ჩვენი გულისა და სულის მთავარი დამცველი ჩვენი სინდისია.
ადამიანში არ კვდება სინდისი (მას ღვთის ხმას უწოდებენ) და ეს გრძნობა ყოველთვის მიახვედრებს მას, იქცევა თუ არა
სწორად.
სინდისი აღძრავს ჩვენში სინანულს და აღსარების მადლით იწყება პიროვნების განწმენდა. რაც უფრო ძლიერია სინდისის ხმა და ადამიანი უსმენს მას, მით ნაკლებ შეცდომებს უშვებს.
სულიერი კეთილშობილება და სუფთა სინდისი ანიჭებს პიროვნებას ერთ-ერთ ყველაზე დიდ ადამიანურ ღირსებას _ უშურველობას და სხვისი სიხარულითა და ბედნიერებით გახარების უნარს.
როდესაც ადამიანი თავის თავს ჩაუღრმავდება, იმდენ ნაკლოვანებას აღმოაჩენს, რომ ეკარგება სურვილი სხვათა განკითხვისა. გულწრფელი სინანული კი ხდება აღმხოცველი ჩადენილი დანაშაულისა და ამასთან ჩვენი შემრიგებელი უფალთან.
ამპარტავანი სძაგს უფალს. სამართლიანობა დიდად განაპირობებს როგორც ცალკეული პიროვნების, ისე ქვეყნის სიმშვიდეს".

"არ შევუშინდეთ დროებით წარუმატებლობებს!"


"წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ის კი არ არის საშიში, თუ ვნებები გვებრძვის და ჩვენც ვებრძვით მათ, არამედ ისეთი მდგომარეობა, როცა ვემორჩილებით სხვადასხვა ვნებას და შეწინააღმდეგების სურვილი აღარ გვაქვს.
უბედურება ის კი არ არის, რომ შესცოდე, არამედ ის, რომ დაცემულს ადგომა არ გინდა; უბედურება ის კი არ არის, რომ ვნებებმა დროებით დაგძლია, არამედ ის, რომ ცოდვაში ცხოვრება მოგწონს, ჯიუტად აგრძელებ ასეთ ყოფას და სხვასაც ღუპავ.
ვისაც ცოდვის მორევში ყოფნა მოსწონს და მხოლოდ მასში ჰპოვებს სიამოვნებას, მისთვის გაუგებარი და მიუღებელია ის სიხარული და ნეტარება, რომელსაც ჯვარცმული იესო გვთავაზობს. მას სხვა ვერაფრით დავეხმარებით, გარდა ლოცვისა და ჩვენც შევთხოვთ აღდგომილ მაცხოვარს, ყველას გაუნათოს გული და გონება წარუვალი ბედნიერების შესაგრძნობად.
ქრისტიანობა სერიოზული პრობლემების დაძლევას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ამ გზაზე ხშირად გვხვდება ცილისწამება, ღვარძლი, გაჭირვება, შური... და დგება ისეთი მომენტებიც, როცა ჩვენც აღმოგვხვდება: "მამაო ჩვენო! თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი" (მათე, 26,39). ანდა: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რისთვის დამიტევებ მე!" (მათე, 27,46). მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იმაზე დიდ ჯვარს არ მოგვცემს, რისი ტვირთვაც არ ძალგვიძს. ამიტომ გაჭირვების ჟამს მასვე უნდა მივმართოთ, სულიერი ღვაწლი გავაძლიეროთ და პრობლემები მალევე დაიძლევა. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს!"

"იფიქრე მარადიულ ღირებულებებზე"


"თანამედროვეობამ "სიახლის" სახელით წინ წამოსწია "მეს" პრინციპი, გართობა, ბუნდოვანი აზროვნება, ვულგარული მეტყველება, აქცენტი ნაწილზე და არა მთელზე... ანუ ის, რასაც არა აქვს დიდი დატვირთვა და სიღრმე.
სანაცვლოდ, დამამცირებლად წარმოაჩენენ ისეთ ცნებებს, როგორიცაა: ჭეშმარიტება, ღირსება, გონიერება, სამშობლო, მოყვასი და სხვა.
ასეთი ტენდენციები ახალგაზრდას პიროვნებად კი არა, მასის ნაწილად აყალიბებს და საშუალო დონის, ყველაფრის შემგუებელ არსებად აქცევს, რომელიც ცხოვრობს დღევანდელი დღით და მომავალი არ აინტერესებს. შენ იფიქრე მარადიულ ღირებულებებზე და ეცადე, შენი მეობა, შენი ღირსება არასდროს დაკარგო. უფლის მცნებები იყოს შენი წარმმართველი, ეცადე, შენი შესაძლებლობების მიხედვით მაქსიმუმი გაიღო. ამასთან, ზომიერება შეინარჩუნე, გააკეთე ისე, რომ შენმა სწორმა ქმედებამ სიხარული მოგიტანოს და არა შფოთი და ასე, ნელ-ნელა განმტკიცდები სათნოებებში".

"გლობალიზაციისაგან უნდა მივიღოთ ის, რაც ჩვენთვის საჭიროა"

"საქართველოს რთული გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს და ძნელია დიდი ქვეყნების გვერდით თანაცხოვრება. სარწმუნოებამ საუკუნეების განმავლობაში გადაარჩინა ქართველი ერი. ეს არის დიდი ძალა, რომელიც დღესაც გვიცავს.
გლობალიზაციისაგან უნდა მივიღოთ ის, რაც ჩვენთვის საჭიროა. ერთსქესიანთა ქორწინებები იმდენად მძიმე ცოდვაა, რომ ამის ხსენება ეკლესიაში არ შეიძლება. დიდება და მადლობა უფალს, რომ ჩვენი ერი, ხალხი გრძნობს ამ ცოდვას. მსოფლიოში მიმდინარეობს გლობალიზაციის პროცესი, რომლის შეჩერება ჩვენ არ შეგვიძლია. ეს გარდაუვალია, მაგრამ აქედან უნდა ავირჩიოთ ის, რაც ჩვენთვის საჭიროა. რაც ეწინააღმდეგება ღვთის კანონს, მართლმადიდებლობას _ ქართველი ხალხი არ მიიღებს. შემთხვევით არ არის ნათქვამი იოანე-ზოსიმეს მიერ: "ამით ენით, ქართულითა ენითა განიკითხება მსოფლიო". ეს არის ნიშანი იმისა, რომ ქართველი ხალხი შეინარჩუნებს ჭეშმარიტ სარწმუნოებას.
ინებოს ღმერთმა, დღეს მიმდინარე გლობალურ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ პროცესებში ჩვენ ჩვენი თვითმყოფადი სახე შევინარჩუნოთ და საქართველო საქართველოდ დარჩეს.
თუ გვსურს ვიყოთ თავისთავადნი და არა უფორმო, უსახო საზოგადო მასის წარმომადგენელნი, უნდა ვიყოთ ეროვნული სულის ღირსეული მატარებელნი".

"სძლიე შენს თავს..."

"ადამიანებს სიყვარულის ნაკლებობა ტანჯავთ.
ადამიანის მიწიერი ცხოვრება გამოცდაა. ბედნიერია ის, ვინც ამ გამოცდას გაუძლებს, არ ჩაიკეტება ეგოიზმის ნაჭუჭში, ვისაც ესმის მარადიული და საუკუნო პრობლემები და ხედავს არა მარტო თავის თავს, არამედ სხვასაც, განსაკუთრებით კი სხვათა გაჭირვებას. აი, ეს არის ქრისტიანობა, ამისკენ მოგვიწოდებს ქრისტიანული სარწმუნოება.
არც ერთ მტერს არ შეუძლია ისეთი ზიანი მოგვაყენოს, როგორსაც ჩვენ მივაყენებთ საკუთარ თავს. სძლიე შენს თავს, შენს ეგოიზმს და გაიმარჯვებ ყველგან და ყოველთვის.
ჭეშმარიტების _ ღვთის გზით სიარული ეგოიზმის დაძლევას ნიშნავს.
ყველაზე მძაფრი შინაგანი ბრძოლა ამპარტავნებასთან და ეგოიზმთანაა. მათთან ჭიდილში მრავალნი დამარცხებულან, ამიტომაც ბევრნი უარს ამბობენ ამ გზაზე, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავბრკოლდეთ, თუ ქრისტესნი ვართ, ბოლომდე უნდა მივსდიოთ მას!"

"ჩვენ ვართ ერი ღვთისა"


"ივერია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველით არის დაცული და მაცხოვრის კვართით კურთხეული.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ქართველები ვართ და ამით არ უნდა ვიამაყოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. ჩვენ ვართ ერი ღვთისა, ღმერთს ეკუთვნის საქართველო. ჩვენ ნათესავი არავინ გვყავს, ჩვენი ნათესავი, რომელმაც გვაჩუქა ჭეშმარიტი სარწმუნოება და სიყვარული, ეს არის უფალი ღმერთი ჩვენი და უფალი გადაარჩენს საქართველოს, ამ იმედით უნდა ვიცხოვროთ.
მრავალი ერი და ქვეყანა ყოფილა ჩვენზე ძლიერი, მაგრამ დღეს აღარ ჩანს მათი კვალიც. აღგავა დრომ პირისაგან მიწისა. როცა ადამიანს ეძლევა დიდი მადლი, უნდა დავაფასოთ ეს. ყოველთვის კი არ უნდა ვთხოვდეთ უფალს, ღვთისმშობელს და წმინდანებს, არამედ მადლობა უნდა შევწიროთ იმ დიდი წყალობისთვის, რომელსაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გვიგზავნის.
ღვთისმშობლის სასწაულმოქმედება დღესაც ძლიერია. საქართველო აირჩია ღმერთმა, საქართველოს ვერავინ დააკლებს ვერაფერს. ვერავინ დაამარცხებს იმიტომ, რომ საქართველო შეწირულია უფლის წინაშე, საქართველო არის მამული ღვთისა, საქართველო არის მამული ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. არ შეიძლება წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა დაეცეს. ღვთის მადლით, ჩვენ ძლიერნი ვიქნებით, მთლი­ანი­ ვიქნებით.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გაშალა თავისი ომფორი და მფარველობს საქართველოს. მისი მადლით გაბრწყინდება საქართველო და საქართველოდან გაბრწყინდება მთელი მსოფლიო, რომელიც რწმენითა და სიყვარულით შეხვდება და თაყვანს სცემს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს".

მოამზადა მანანა ჯანელიძემ
ლუხო
05 იანვარი 2018 14:10
rogor damicotdi gulo,
rogor damimokldi dReo,
zamTari karze momdgomia,
xval, adre amodi mzeo.
andria, qristine, aleqsandre
04 იანვარი 2018 17:41
Janmrteloba dgegrzeloba simhneve da siharuli tqveno ucmindesobav...
...
04 იანვარი 2018 16:30
გულნაზი გიორგელაშვილი იდღეგრძელე მამაო

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები