"ერთ-ერთ სახელმწიფო სპეცდანაყოფში ვმსახურობდი..." - ვინ არის და რას საქმიანობს დღეს პატარა ბიჭი ფილმიდან "მიმინო" - კვირის პალიტრა

"ერთ-ერთ სახელმწიფო სპეცდანაყოფში ვმსახურობდი..." - ვინ არის და რას საქმიანობს დღეს პატარა ბიჭი ფილმიდან "მიმინო"

2018 წელს "მიმინო" 40 წლის გახდა. ფილმი 1977 წელს გამოვიდა და იმავე წელს მოსკოვის X საერთაშორისო კინოფესტივალზე უმაღლესი ჯილდო მიენიჭა.

"- რა კინოა?

- "რაზბიტოე სერდცე". - გახსოვთ ალბათ ფილმიდან ვალიკოს დისშვილის, ვარლამისა და მისი ტოლების დიალოგი. ვარლამის როლს ზაქრო სახვაძე თამაშობს. ფილმზე რომ დაამტკიცეს, 9-10 წლის იყო. დღეს კი 3 შვილის მამაა. არ უყვარს ფილმზე და გადაღებებთან დაკავშირებულ ამბებზე ლაპარაკი. თუმცა ნავსი "კვირის პალიტრასთან" გატეხა.

- ტანვარჯიშზე დავდიოდი და საზაფხულოდ საგურამოში ვყავდით ბავშვები მწვრთნელს. იქ მოვიდნენ ვარლამის "მაძებრები"... კოტე დაუშვილთან ერთად გადამიღეს სინჯები. მერე მოსკოვში გაგზავნეს და დამამტკიცეს...

- გაგიჭირდათ კამერის წინ მუშაობა?

- გიორგი დანელია ისე ზუსტად და გასაგებად ხსნიდა, რაც სჭირდებოდა, რომ ერთი ან ორი დუბლით ყველა დავალებას ვართმევდი თავს. მსახიობებიდან განსაკუთრებით შემიყვარდა კოტე დაუშვილი. არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო ზეინაბ ბოცვაძე, რომელიც ჩემს დედას ასახიერებდა და მართლა დედასავით მივლიდა... მთელი გადაღების პროცესი ჩემთვის მარტო გართობა იყო. კარგი რომ გამოვიდა, ეს პრემიერაზე შევიგრძენი.

(უპასუხეთ სახალისო კითხვებს ფილმიდან "მიმინო ინტერაქტიულ ვიდეოში)

- ფილმის გამოსვლის შემდეგ ძალიან პოპულარული გახდებოდით.

- ჩრდილში ყოფნას ვამჯობინებდი მაშინაც და ახლაც. "მიმინოს" შემდეგ რამდენიმე ფილმში გადამიღეს, ძირითადად, საბჭოთა რესპუბლიკებში. პეტერბურგში დავამთავრე სარეჟისორო, მაგრამ საბჭოთა კავშირი მალე დაიშალა, არეულობა დაიწყო, გადავიკიდე ავტომატი და თითქმის 10 წელი არ მომიხსნია, ერთ-ერთ სახელმწიფო სპეცდანაყოფში ვმსახურობდი...

"მიმინო" არაჩვეულებრივ მოგონებად დარჩა. ამაზე უკეთესი რა უნდა გადამხდენოდა თავს.

ეკა სალაღაია