უნიკალურ ოდებს ახლა მხოლოდ ფერწერა ინახავს - კვირის პალიტრა

უნიკალურ ოდებს ახლა მხოლოდ ფერწერა ინახავს

მხატვარი, რომელიც 40 წელია, გაქრობის პირას მისული ოდების გადასარჩენად იბრძვის

"ვნახულობდი ოდებს და ვხატავდი. ყოველი ოდის მკვიდრი ოჯახის ისტორიაც მაინტერესებდა, ამით განწყობას ვსაზღვრავდი... ადამიანის ბუნება აისახება სახლზეც და ეზოზეც..."

"სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები", - ლადო ასათიანის ამ ლექსის სტრიქონს ოდნავ ცვლის მხატვარი რევაზ ადამია, ის უნიკალური კოლხური ოდების გადასარჩენად იბრძვის. რევაზ ადამიამ მსოფლიო ხელოვნების კონკურსში გაიმარჯვა, საფრანგეთში რვა პერსონალური გამოფენა გამართა, ოთხი - პარიზში, თითო - შერბურში, მარსელში, პორტბაილში, კარტერეში... გამოფენები ჰქონდა ტრაპიზონსა და სტამბოლშიც... მისი ერთი ნამუშევარი პარიზის მუზეუმში ინახება. მრავალი პრემიის ლაურეატი ხუმრობს, პარიზში უფრო მიცნობენ, ვიდრე თბილისშიო...

ოტია იოსელიანი აღელვებული წერდა: "ჩვენს უძველეს კოლხეთს რეზო ადამიას ქმნილებანი თუ გადაარჩენს... თავისი დიდი სევდითა და მწუხარებით, როგორიც მეგრული სიმღერებია - ისმენ და საქართველოს ისტორიას ფურცლავ, რეზო ადამიას "კოლხეთი" ისაა, რასაც ეს-ესაა, სულზე მივუსწარით და გადავარჩინეთ"...

- ჩემი ტილოები სამუდამოდ დარჩება!.. ოდა დღეს აღარ არსებობს. ეს ულამაზესი, საოცარი არქიტექტურა მსოფლიოში გამორჩეულია დეკორითა და მხატვრული სილამაზით. ჩემი ნახატები იქმნებოდა საქართველოში, პარიზში, ტრაპიზონში და სად აღარ... რამდენიმე შინ მაქვს, უფრო მეტი მუზეუმებშია. მივდიოდი, ვნახულობდი ოდებს და ვხატავდი. საკითხს იქვე ვსწავლობდი და ვეცნობოდი. ყოველი ოდის მკვიდრი ოჯახის ისტორიაც მაინტერესებდა. ამის გათვალისწინებით განწყობას ვსაზღვრავდი... ადამიანის ბუნება აისახება სახლზეც და ეზოზეც...

შემდეგ ბევრი დაინტერესდა ოდების თემით. პაატა ქურდოვანიძემ აბაშის რაიონის საკრებულოს უფროსობისას პროექტი შეადგინა, რომ ოდების თემაზე მემუშავა. მაშინ თითქმის სამოცამდე ოდა დავხატე.

- როგორ მდგომარეობაშია დღეს ოდები?

- ძალიან ბევრი დაიშალა. რამდენიმე ძლივს დგას. შარშან აბაშაში ირაკლი უჩანეიშვილის ოდა დავხატე, საშინელ დღეშია, თითქმის დახავსებულია. არადა, ერთ დროს იქ იკრიბებოდნენ ჩვენი სასიქადულო მსახიობები, მომღერლები, მწერლები... დახატული მაქვს ვერიკო ანჯაფარიძის ოდა, რომელიც სტიქიამ დაშალა. დავხატე კონსტანტინე გამსახურდიას ოდაც - იქ დღეს მუზეუმია. თურქეთში მოქცეულ ლაზეთში ცოტა სხვანაირი ოდებია, მის არქიტექტურაში თურქული ელემენტი შეიჭრა... როგორც სვანური კოშკების გადასარჩენად ვიბრძვით, ასევე უნდა ვიბრძოდეთ კოლხური ოდების გადასარჩენად. აბაშის მერის, ლევან მაკალათიას დახმარებით უნდა შეიქმნას ოდების ნახატების ალბომი, რომელსაც გადავცემთ მთავრობას, სამინისტროებს, მუზეუმებს, შემდეგ დაისახება გეგმა, ოდების აღდგენის საკითხის იუნესკოში დასაყენებლად. კოლხური ოდების ანალოგი ხომ მსოფლიოში არ არის!

წყლიან-ჭაობიან კოლხეთში ოდა ბარჯგებზე (ბურჯი, ბოძი) იდგა... ხალხმა კლიმატისა და ჰავის შესატყვისი სასწაულები შექმნა... კოლხური ოდა უნდა იყოს როგორც რელიკვია, ისტორიული არტეფაქტი. ოდის გვერდით იდგა ნალია, მარანი და ბეღელი... ეს კომპლექსი ახლაც ვნახე აბაშაში რამდენიმე ადგილას და ისეთი გემოვნებით არის განაწილებული, ხელოვანს რომ გააკვირვებს. ამას ნიჭიერი გლეხი ქმნიდა.

- აფხაზეთში არის უნიკალური ოდები?

- სოხუმის სამხატვრო ტექნიკუმში ვსწავლობდი, სოფლებში ხშირად დავდიოდი. მშვენიერი ოდები იდგა, თუმცა მეგრულის დონისა - არა. რომ შემეძლოს იქ წასვლა, დავხატავდი აფხაზურ ოდებს.

უძველესი კოლხური ცივილიზაციის ნიმუშების თითქმის 99 პროცენტზე მეტი მიწისქვეშაა, დრომ და მტერმა დამარხა. პლუტარქე წერს, - სკვითები რომ შეესივნენ კოლხეთს, ექვსასი წლით ჩააქრეს ცხოვრებაო. სკვითის მოდგმისაა რუსი...

მანანა გაბრიჭიძე