"რადგან არსებობ, ესე იგი, ხელის განძრევაც შეგიძლია" - ქურასბედიანების 11 შვილიანი ოჯახის ცხოვრების წესი
13-01-2018
"რადგან არსებობ, ესე იგი, ხელის განძრევაც შეგიძლია" - ქურასბედიანების 11 შვილიანი ოჯახის ცხოვრების წესი
"მრავალშვილიან ოჯახში ბავშვები ერთმანეთისგან სიყვარულს და სითბოს იღებენ. როცა ადამიანს ადამიანი უყვარს, მაშინ საშიშიც აღარაფერია!"

ორთაჭალაში, ქურასბედიანების ოჯახში მისვლამდე ვფიქრობდი, რა უნდა მეთქვა ისეთი, სულ რამდენიმე სიტყვაში რომ დაიტევდა მათი საოცარი ცხოვრების წესს - 11 შვილი გაზარდო დაუხმარებლად, სხვისი იმედის გარეშე. თანაც როგორი შვილები - ლამაზები, ჭკვიანები, საქმიანები. უფროს ვაჟებს კარგა ხანია, ბავშვობა გაუფრინდათ და საქმეს დედ-მამაზე არანაკლებ უძღვებიან, პაწია პავლე კი მხოლოდ 6 თვის წინ მოფრინდა და ათი და-ძმის
ხმაურიან სიმშვიდეში ლაღად იზრდება. ფერიებივით ნაზი გოგონები ისე ჩამოგითვლიან და-ძმების სახელებს, თითქოს უკეთესი საქმე ამქვეყნად არ არსებობს. არც არსებობს. თითოეულ მათგანს გვერდით ისეთი ათი ადამიანი უდგას, რომელიც არასოდეს მიატოვებს - მათ წინ ვერა­ვინ ვერასოდეს დაუდგება. ვერც მათ ქვეყანას დაუდგებოდა წინ რაიმე, ყველას იმის ნახევარი შვილი
რომ ჰყავდეს, რამდენიც მაკა ჯიბუტს და ზვიად ქურასბედიანს. გმადლობთ, რომ ამ ქვეყანას ჩვენ მაგივრადაც აძლიერებთ თორნიკეთი, ანდროთი, პეტრეთი, ნიკოლოზით, გიორგით, ნინოთი, მარიამით, მართათი, საბათი, ლაზარეთი და პავლეთი, რომელიც ძიძის ხელში მხიარულად იცინის.

მაკა ჯიბუტი:
- სტუდენტობისას დავქორწინდით. ერთ ჯგუფში ვსწავლობდით. მშობლები გვეხმარებოდნენ, მაგრამ როგორც კი შვილი შეგვეძინა, რომელიც ახლა 25 წლის არის, მაშინვე დავიწყეთ ფიქრი, რომ საკუთარი თავის იმედზე უნდა ვყოფილიყავით გაჭირვებაშიც კი. რადგან არსებობ, ესე იგი, ხელის განძრევაც შეგიძლია და ყოველთვის გამოჩნდება გზა, რომელიც ნებისმიერი სირთულიდან გამოგიყვანს...

11 შვილის პატრონი ნამდვილად ვერ დადებს მშვიდად ბალიშზე თავს. ლოცვის შემდეგ შვილებზე ვფიქრობ - რომელს რა გავუკეთო. უფროსი ვაჟების გარდა, ყველა სკოლაში დადის...

მე და ჩემი მეუღლე სტუდენტობიდანვე ვმუშაობდით, ათი წლის წინ კი იჯარით პატარა რესტორანი ავიღეთ. კერძების მომზადება მეხერხება. საქმეს გულმოდგინედ შევუდექით და სტუმარიც მალე გაგვიმრავლდა. ჩემი მეუღლე მშრალ ხიდზე ბარბარე ჯორჯაძის მშვენიერ წიგნს, "ქართულ სამზარეულოს" წააწყდა. ჩავუღრმავდით ამ წიგნს, მივხვდით, რომ სწორედ ამ რეცეპტებით მომზადებული კერძები უნდა შეგვეთავაზებინა სტუმრისთვის.

- ამ კულტურის ნაწილის გაცოცხლებისთვის მადლობა გეკუთვნით.

- ჩვენ კი უფალს ვეუბნებით მადლობას, რომ ამ გზას და ამ საქმეს მიგვაგნებინა. შვილების მომავალიც გვამშვიდებს, - უფროსი ვაჟები ჩვენთან ერთად მუშაობენ და ხშირად ჩვენზე უკეთადაც.

- ბოლო ხანს ყმაწვილობის ასაკს სისასტიკე გამოაჩნდა - დავის გადაწყვეტის ლამის ერთადერთ გზად მკვლელობა იქცა...

- მრავალშვილიან ოჯახში მსგავსი რამ იშვიათია - აქ ბავშვები ერთმანეთისგან სიყვარულს და სითბოს იღებენ. როცა ადამიანს ადამიანი უყვარს, მაშინ საშიშიც აღარაფერია!

ეთერ ერაძე
ani
14 იანვარი 2018 16:52
იმრავლეტ , იხარეტ და გაძლიერდიტ მრავალჯამიერ!:-) ღმერტი ტკვენსკენ და გაძლიერებული , გამრავლებული(კარტველებიტ დაარა უცხოელებიტ) საკარტველოსკენ:-)
გოლოცავტ შობა ახალ წელს!
NANA
14 იანვარი 2018 09:29
ღმერთმა გამრავლოთ და გაბედნიეროთ!
dali
14 იანვარი 2018 07:42
გაიხარეტ

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები