"მე რომ ავადმყოფს ვუვლი, ის რომელიმე სექტის წარმომადგენელი რომ გახდეს, ნამდვილად გავბრაზდები"
08-01-2018
"მე რომ ავადმყოფს ვუვლი, ის რომელიმე სექტის წარმომადგენელი რომ გახდეს, ნამდვილად გავბრაზდები"
"ამჟამად საქართველოში ოთხი კათოლიკე მონაზონი ვართ, ყველა სხვადასხვა კონტინენტიდან, გვყავს აფრიკელი, პოლონელი და ინდოელი დედები"

კათოლიკე მონაზონს, დედა კორინას კლინიკაში შევხვდი, ის წმინდა კამილოს სნეულთა მსახურ დედათა კონგრეგაციის წევრია. სოფლიდან ავადმყოფი თბილისში ექიმთან ჰყავდა ჩამოყვანილი. ნინა ბატურაშვილი ამბობს, ფეხი მოსაჭრელი მექნებოდა, დედა კორინა რომ არ გამომ­ჩენოდაო.
"თრომბული წყლულები მაქვს, სულ ამოჭმული მქონდა ორივე ფეხი, ექიმები მეუბნებოდნენ, შეიძლება ორივე ფეხის ამპუტაცია დაგჭირდესო. ერთ დღეს ჩემმა ქალიშვილმა მითხრა, ჩემი ნაცნობი მონაზონს მოურჩენიაო.
იმედი გამიჩნდა, დედა კორინა რომ არ გამოჩენილიყო, ალბათ ფეხები არ მექნებოდა. მიმუშავებს ჭრილობას, ადებს მალამოს და იარებიც ხორცით შეივსო", - ამბობს მადლიერი პაციენტი.

დედა კორინა თბილისში 14 წელი ლოგინად ჩავარდნილ მოხუცებს და ავადმყოფებს უვლიდა, მერე იტალიაში დაბრუნდა. 4 წლის შემდეგ ისევ ჩამოვიდა და ამჟამად გორში
უანგაროდ უვლის ავადმყოფებს.

დედა კორინა:
- მალე გორში ავადმყ­ოფ მოხუცთა თავშესაფარი გაიხსნება.­ ბევრ პაციენტს წამლის ფული არა აქვს. ამიტომაც ვართ აქ, რომ დავეხმაროთ - ჭრილობა დავუმუშაოთ, ტკივილი დავუამოთ.

- დედაო, რამდენი წლისა დაადექით უფლის გზას?

- მე პერუელი ვარ, ცხრა და-ძმა მყავს.­ ტაძარში 17 წლისა მივედი, 22 წლიდან მონასტერში ვცხოვრობ. დილას ლოცვით ვიწყებ, 8 საათზე უკვე ავადმყოფთან ვარ, 12 საათზე ვბრუნდები შინ, მერე ისევ ვლოცულობ, ვსადილობ, ცოტას ვისვენებ და კვლავ ვლოცულობ. სამშობლოს შემდეგ ყველაზე მეტი ხანი საქართველოში ვიცხოვრე. აქ ჩამოსვლამდე ამ ქვეყანაზე არაფერი ვიცოდი. ქართულის სწავლა გამიჭირდა, მაგრამ ვისწავლე და ამან გამიადვილა ავადმყოფებთან ურთიერთობა.

ჩემი ავადმყოფები ძირითადად მოხუცები და ინვალიდები არიან. ვბანთ, პამპერსს ვუცვლით, ვაწესრიგებთ, საჭირო ნივთებით, პროდუქტებითა და წამლებით ვამარაგებთ. ერთი პაციენტი მყავდა, სხეულზე ნაწოლები ჰქონდა, ფაქტობრივად, ხორცს ლპობა ჰქონდა დაწყებული და ქირურგის ჩარევა სჭირდებოდა. ექიმმა მოაჭრა დაზიანებული უბნები, მას მერე ვუმუშავებდი ჭრილობას და შედეგიც დადგა.

წლების წინ ერთი 17 წლის ქართველი­ ბიჭი მოვარჩინე. ექიმებმა მის მკურნალობაზე უარი თქვეს. ბიჭს ნაწოლები ულპებოდა. მერე ექიმმა ლპობაში წასული ხორცები ამოაჭრა. თითქმის ხერხემალი უჩანდა. ყოველდღე დავდიოდი, ვმკურნალობდი­ და მოვარჩინე. მას მერე 15 წელია გასული.
კიდევ ერთი პაციენტი მყავდა, განგრენა ჰქონდა და ფეხი გადავურჩინეთ.

ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს სარწმუნოებას. მთავარია, ადამიანს შევუმსუბუქო­ მდგომარეობა, ახლა მართლმადიდებელ ქრისტიანებს ვუვლი. ერთადერთი, როცა ვხვდები, ადამიანი სიკვდილის პირასაა, მის ახლობელს ვურჩევ, მოძღვარი მოუყ­ვანოს, - ჯობია, აღსარება ჩააბაროს და ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან-მეთქი. მე ვაკეთებ მადლს უფლის წინაშე, არასოდეს ვეტყვი ავადმყოფს, კათოლიკე გახდი-მეთქი. ჩვენ, ორივენი, ხომ ქრისტიანები ვართ. მაგრამ მე რომ ადამიანს ვუვლი, ის იეღოველი ან სხვა სექტის წარმომადგენელი რომ გახდეს, ნამდვილად გავბრაზდები.

ჩვენთან ყველა პროფილის ექიმი მუშაობს, ფუნქციონირებს რეაბილიტაციის ცენტრი. ძირითადად ცერებრალური დამბლით დაავადებული პაციენტები დადიან, სამწუხაროდ, ბევრი ბავშვია. ინსულტიანებიც მოდიან. ინსულტის შემდეგ სწორ რეაბილიტაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამჟამად საქართველოში 4 კათოლიკე მონაზონი­ ვართ, ყველა სხვ­ადასხვა კონტინენტიდან - მე პერუელი ვარ, გვყავს აფრიკელი, პოლონელი და ინდოელი დედები. ჩვენი მიზანია, ავადმყოფებს გამოჯანმრთელებაში დავეხმაროთ და ამას უანგაროდ ვაკეთებთ.

ვინ იყო წმინდა კამილო


წმინდა კამილო დედამისს 60 წლისას გაუჩნდა იტალიაში, ბუკიანიკო დი კიეტიში, 1550 წლის 25 მაისს, სულთმოფენობას. დედამ შვილის დაბადებამდე სიზმარი ნახა - მის ვაჟს გულზე წითელი ჯვარი ჰქონდა გამოსახული და ასეთსავე გულჯვრიან ბიჭუნებს მიუძღოდა. დედის გარდაცვალების შემდეგ მამამისმა შვილი თურქებთან საომრად წაიყვანა, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. კამილო ბრძოლაში ფეხში მძიმედ დაიჭრა. ბიძის, პადრე პაოლოს რჩევით, წმინდა იაკობის საავადმყოფოში წავიდა. ოდესღაც ავარდნილი ყმაწვილი სასნეულოში მღვდლის საუბრებმა ჩააფიქრა და ბერულ ცხოვრებას შეუდგა. გადაწყვიტა, უანგაროდ მოევლო სნეულთათვის... მას სხვებმაც მიბაძეს. 1586 წელს კამილოს მკერდზე წითელი ჯვრის ტარების უფლება მიანიჭეს... კამილო დე ლელისი 64 წლისა გარდაიცვალა. საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ წმინდანად შერაცხეს და 1886 წელს, პაპმა ლეონ XIII-მ მას სნეულთა და საავადმყოფოების მფარველი უწოდა. ასე დაიბადა წმინდა კამილოს ორდენი, ანუ კამილიელები. ისინი მსოფლიოს 5 კონტინენტზე, 36 ქვეყანაში მოღვაწეობენ, მათ შორის საქართველოშიც.

თეა ხურცილავა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით