"შერეკილებში" მოთხრობილი ამბავი ნამდვილია-მეთქი, რომ დავიჟინო, მკითხველი მაინც არ დამიჯერებს"
"შერეკილებში" მოთხრობილი ამბავი ნამდვილია-მეთქი, რომ დავიჟინო, მკითხველი მაინც არ დამიჯერებს"
გია ყანჩელს უთქვამს: "რეზო გაბრიაძის ნიჭიერებისა რომ ვიცი, მეშინია, მუსიკის წერაც არ დაიწყოს..."

ბავშვობაში რადიოთი გავიცანი "მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი" - რეზო გაბრიაძის პიესის არმაზ სანებლიძისეული ინსცენირება, რომელიც რეჟისორმა ზურაბ კანდელაკმა დადგა. მთავარი როლი (თავადი ვანო ფანტიაშვილი) მსახიობ ეროსი მანჯგალაძისთვის უკანასკნელი გამოდგა. მერე პროფესიად ჟურნალისტობა ავირჩიე­ და უნიკალურ შემოქმედს - მწერალ, დრამატურგ, მხატვარ, თეატრისა და კინოს რეჟისორ, მოქანდაკე და "მარიონეტების დიდოსტატ" რეზო გაბრიაძესაც შევხვდი. პირველ შეხვედრას მეორე მოჰყვა - გასაოცარი
და უფრო შთამბეჭდავი - მარიონეტების თეატრის პატარა დარბაზიდან დანახული "ჩემი გაზაფხულის შემოდგომა". მას შემდეგ რამდენი წელიწადი გავიდა და იმ საღამოს დაუფლებული შეგრძნება დღემდე არ გამნელებია.

1990-იანი წლების დასაწყისში, ომების გარიჟრაჟზე, ანჩისხატის ეკლესიის მრევ­ლის წევრი გავხდი. ეკლესიის გვერდით რეზო გაბრიაძის დაარსებული მარიონეტების თეატრი იყო, იქვე -
კაფე, სადაც ხშირად ვისხედით მეგობრები.­ არაერთხელ დამინახავს ბატონი რეზო, მაგრამ გასაუბრებას როგორ შევბედავდი სტუდენტი, არც მის შემოქმედებას ვიცნო­ბდი ხეირიანად...


ცოტა ხნის წინ შევხვდი ციდა დარბაზში­ რუსი თეატრის კრიტიკოსის - მარინა­ დმი­ტრევსკაიას წიგნის პრეზენტაციაზე. წიგნის ავტორის ავტოგრაფის გვერდით­, რეზო გაბრიაძის პირადად ჩემთვის შესრულებული ნახატი-ექსპრომტიც მივიღე საჩუქრად - სახელდახელოდ დამხატა... წინა საახალწლოდაც "შევხვდი", როცა მისი საშობაო მოთხრობების ახალი კრებული მაჩუქეს. გზადაგზა ვკითხულობდი, ხან ცრემლს ვყლაპავდი, ხან უხმოდ ვხარხარებდი, ხან სევდას მივყავდი და ხან "ჩიტოს "პაბედას" "სჩასტლივი" ნომრით 49-54, ფერით "კოფესმალაკომ" და ასე "დრმ-დრმ-ით" ბატონი რეზოს ბავშვობის დროინდელი ქუთაისი ლამის მთლიანად შემოვიარე...

მწერალი აკა მორჩილაძე იხსენებს:
"ერთხელ კოტე ჯანდიერმა რეზო გაბრიაძესთან წამიყვანა... იჯდა და ხმადაბლა გვიამბობდა რაღაცებს... ეწეოდა ძალიან წვრილ სიგარეტებს, ჩასცქეროდა საფერფლეს და ხმადაბლა გვიყვებოდა, როგორ ჩამოვიდა ქუთაისიდან თბილისში, დაბალი და გამხდარი; როგორ დადიოდა საჯაროში, სად რომელი ბირჟა იყო რუსთაველზე და ამას ჰყვებოდა არა წარსულისადმი მისი თაობის თბილისელთათვის ჩვეული რომანტიკით და ლაღიძის წყლებზე აქცენტით, არამედ როგორც განვლილ ტკივილზე. ეს არ იყო ტკივილი წასული რომანტიზმის შესახებ, ეს სულ სხვა ტკივილი იყო. მე მინდოდა, ქუთაისზე მოეყოლა. ხომ არ დავუწყებდი გამოკითხვას. იმ ნაამბობში ქუთაისი ერთადერთხელ ახსენა და ისე, რომ არ უხსენებია. ასე თქვა: ჩამოვედი აქ, ბავშვი. სიყვარულის მეტი არაფერი მენახა და არაფერი ვიცოდი. ჰოდა, რაიმეს კითხვა ქუთაისის შესახებ რაღა საჭირო იყო. კაცმა თქვა, - სიყვარულიდან ჩამოვედიო".
ვინ არ იცის რეზო გაბრიაძის "მიმინო",­ "არაჩვეულებრივი გამოფენა", "სერენადა", "არ იდარდო", "ქვევრი", "ფეოლა", "შერეკილები", "ქინ-ძა-ძა"... მისი სცენარებისა და მოთხრობების სიუჟეტები, ძირითადად,­ ნამდვილ ამბებზეა აგებული და გმირებიც რეალური ადამიანები არიან.

რეზო გაბრიაძე "შერეკილებზე" ამბობს:­
"აქ მოთხრობილი ამბავი ნამდვილია-მეთქი, რომ დავიჟინო, მკითხველი მაინც არ დამიჯერებს. პირადად ჩემთვის კი ნამდვილზე უნამდვილესია - ბავშვობაში მაქვს მოსმენილი ბუხრის პირას ქუთაისში, გუმბრინში, საქარასა თუ ძუყნურში. მაშინ დავიჯერე­ მიზანასა და არისტოს, ერთაოზისა და მარგალიტას, ქრისტეფორესა და თამუნიას ამბავი და კაციშვილმა ვერ გადამათქმევინა. კინოს ხალხმაც ირწმუნა და გადაიღეს "შერეკილები". მე კი გულმა ვერ მომითმინა და ის ბუხრის პირას გაგონილი ამბავი ახლა უფრო წვრილად აღვიდგინე მეხსიერებაში. თანაც ბევრი წაკითხული დავუმატე, ბევრიც ჭკვიანი ხალხიდან განაგონი, ბევრიც მეცნიერული, ბევრიც ქუჩაში ან სუფრაზე მოსმენილი და ეგებ შენი ნათქვამიც, საყვარელო მკითხველო!"

ვალიკო (ვალერიან) მიზანდარი ბატონი­ რეზოს მასწავლებელი იყო, ქუთაისელი მოქანდაკე, სასაფლაოს ქვებს აკეთებდა. არადა, სამხატვრო აკადემიაში იაკობ ნიკოლაძის მოწაფე ყოფილა. ნიკოლაძე როდენის მოწაფე გახლდათ და ამიტომ ბატონი რეზო ასე ხსნიდა მათ "შემოქმედებით­ გენეალოგიას": ვალერიან ლევანის ძე როდენის შვილიშვილი იყო, თავად კი - შვილთაშვილად ერგებოდა როდენს"... ბატონი რეზო მოხვდა იმ საოცარ პარიზში, რომელზეც ვალერიან ლევანის ძეს მხოლოდ ოცნება შეეძლო, ვალერიან მიზანდარი კი ქუთაისსა და თბილისს არ გასცდენია. ერთადერთხელ ყოფილა მოსკოვში და ისიც თვალის ოპერაციის გასაკეთებლად, ასე რომ, მოსკოვიც არ უნახავს. ამიტომაც უწოდა ბატონმა რეზომ მისი სახელი და გვარი თავის მფრინავ გმირს - "მიმინოს", ფილმში მაინც რომ "შემოეფრინა" მსოფლიო...

კომპოზიტორ გია ყანჩელს უთქვამს:
"რეზო გაბრიაძე მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალობით არის დაჯილდოებული... მისი ნიჭიერებისა რომ ვიცი, მეშინია, მუსიკის წერაც არ დაიწყოს - მაშინ ხომ მისი უსაზღვრო ფანტაზიის რეალიზებაში მონაწილეობას ვეღარ მივიღებ".

მარინა დმიტრიევსკაიას უკითხავს რეზოსთვის, - საიდან გაჩნდნენ მარიონეტებიო. მიუგია: "20 წელი ქართულ კინოში ვიმუშავე. ძალიან დავიღალე. ერთხელ ბაღში დავჯექი იმის მოსაფიქრებლად, რა მეკეთებინა შემდეგ... ლიტერატურაში მიბრუნების ცდუნება იოლად დავთრგუნე... ფერწერა? სკულპტურა? იქნებ, თეატრში? არა, თეატრი კინოზე არანაკლებ ხმაურიანი და საჯაროა... უცებ გამახსენდა პატარა მარიონეტი, რომელიც ახალგაზრდობისას მინახავს... დავდიოდი ლენინგრადში, ვეძებდი ძველ თოჯინებს სხვენზე, სარდაფში..."

რეზო გაბრიაძემ მემარიონეტეთა ჯგუფი­ ჩამოაყალიბა, 1981-ში კი - თბილისის მარიონეტების თეატრი.

ინგლისელ რეჟისორ პიტერ ბრუკს უთქვამს:
"მისი ხელოვნება მხატვრული ძალითა და პოზიტიური ხედვით ამდიდრებს ევროპულ თეატრს".
რეზო გაბრიაძე ერთხანს მოსკოვის ობრაზცოვის სახ. თეატრის ხელმძღვანელიც იყო, მისი ქანდაკებები სხვადასხვა ქალაქში დაიდგა, არის მრავალი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი. დიდი დრო დაჰყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ მისი სამყარო საქართველოა. რუსი მწერალი ანდრეი ბიტოვი მას "საქართველოს ეროვნულ სიმდიდრეს" უწოდებს - ის თვითონ არის თეატრიო.

რეზო გაბრიაძე წერს პიესებს, ქმნის თოჯინებს და თავისი თეატრის სცენაზე აცოცხლებს. თეატრის ფასადზე ოქროს ასოებით წერია შემოქმედის დევიზი: Extra­ Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare (დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისგან გვდიოდეს).
თბილისის ღირსშესანიშნაობად იქცა თეატრის საათიანი კოშკი, რომელიც რეზო გაბრიაძემ 2010 წელს ააგო. კოშკის­ ქვედა­ ნაწილში ორი კერამიკული პანოა, რომლის ფილები საკუთარი ხელით დაამზადა. საათზე კი მოხატული კარიდან გამოდის ანგელოზი და პატარა ჩაქუჩით ზარს რეკავს. მცირე თოჯინების თეატრი კოშკშიც­ არის და დღეში ორჯერ, 12:00-სა და 19:00 საათზე შესაძლებელია საოცარი თოჯინური წარმოდგენის - ცხოვრების წრებრუნვის ნახვა. იქვე, თეატრის გვერდით, VI საუკუნის ანჩისხატის ბაზილიკაა...

"ელდარი მეხვეწებოდა: აკოცე, კაცო, ნუ გერიდებაო" - ერთაოზ ბერგვაძე "შერეკილებიდან" და "ცაში აფრენილი" ოზურგეთელი ბიჭის თავგადასავალი

ირმა ხარშილაძე
ია
29 იანვარი 2018 15:24
დიდი მადლობა ბატონო რეზო, რომ თანაზიარი გაგვხადეთ თქვენი ნიჭის.....
თამაზი
26 იანვარი 2018 21:52
ასეთი ინდივიდუალიზმით და მრავალფეროვანი ნიჭით,დაჯილდოებული ადამიანი ხელოვნების დარგში ,მხოლოდ ჩარლი ჩაპლინი გახლდათ. ალბათ ჩვენ სათანადოთ ვერ ვაფასებტ
ვახტანგი კოტრიკადზე
26 იანვარი 2018 18:03
გმერტო დიდხანს ატსოტსხლე ტუმტსა იგი ისედატს უკვდავია .
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები