"გურამი ყოველი გადაღების წინ შეახსენებდა ციალას, - არ დამღუპო, ხომ იცი, მაწაკი მეგრელი ქალი უნდა ითამაშოო" - კვირის პალიტრა

"გურამი ყოველი გადაღების წინ შეახსენებდა ციალას, - არ დამღუპო, ხომ იცი, მაწაკი მეგრელი ქალი უნდა ითამაშოო"

"როგორც ახალი წელი არ არსებობს უსაცივოდ, ისე ქართული ტელევიზიები ამ ფილმის გარეშე. ფილმი 1978 წელს გამოვიდა, მას შემდეგ მე დავბერდი და "კუჩხი ბედინერი" - არა"

ახალი წელი როგორ იქნება ნაძვის ხის, თოვლის პაპის, გოზინაყის, "კუჩხი ბედინერისა" გარეშე. "ვინც არ უნდა იყო მანდ - ღარიბი თუ მაშვრალი, მდიდარი თუ მათხოვარი, მტერი თუ მოყვარე, მეზობელი თუ ნათესავი - სიხარულით გიღებ კარს - შენი ბედი დამებედოს!"- კოჩიას ეს სიტყვები მაყურებელს არ ჰბეზრდება.

"კუჩხი ბედინერი"

კოჩიას როლს გოვენ ჭეიშვილი თამაშობს. ხუმრობს - როგორც ახალი წელი არ არსებობს უსაცივოდ, ისე ქართული ტელევიზიები ამ ფილმის გარეშე. ფილმი 1978 წელს გამოვიდა, მას შემდეგ მე დავბერდი და "კუჩხი ბედინერი" - არაო.

- ჩემს შემოქმედებას და ხშირად ცხოვრებასაც შემთხვევა განაგებდა. ისტორიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და ლექტორთან შეკამათების გამო მესამე კურსზე ინსტიტუტი რომ არ მიმეტოვებინა, მსახიობობაზე ალბათ, არც ვიფიქრებდი. გურამ პატარაიას ორ ფილმში ვარ გადაღებული - "რეკორდი" და "კუჩხი ბედინერი".

ხუტა უფროსი ჩემი პირველი კინოროლია, მეორე ფილმში კოჩია რომ ვიქნებოდი, თავიდანვე იყო გადაწყვეტილი, ჩემი ცოლის, ცუცას როლის განმასახიერებელს კი კარგა ხანს ეძებდა რეჟისორი. ერთხელ ვუთხარი, - აგერ არაა ციალა გურგენიძე, სახასიათო როლისთვის არაჩვეულებრივი გარეგნობა აქვს-მეთქი. ციალაც ჩემსავით ქუთაისელია, მუსიკალურში ერთად ვსწავლობდით. პირველივე სინჯის შემდეგ დაამტკიცა; მაგრამ ეკრანულმა მეგრელმა ცოლ-ქმარმა მეგრული არ ვიცოდით. ამიტომ გურამი სულ მეგრელების გარემოცვაში გვამყოფებდა, რამაც შედეგი გამოიღო - ბოლოს ისე ავლაპარაკდით, მეგრელები გეგონებოდით. არ მავიწყდება - გურამი ყოველი გადაღების წინ შეახსენებდა ციალას, - არ დამღუპო, ხომ იცი, მაწაკი მეგრელი ქალი უნდა ითამაშოო.

(უპასუხეთ სახალისო კითხვებს ფილმიდან ჩვენს ინტერაქტიულ ვიდეოში)

- სად იღებდით ფილმს?

- ჩვენ რომ გვჭირდებოდა, ისეთი თოვლი თბილისში იშვიათობა იყო, ამიტომ ფიქრი დავიწყეთ, საითკენ აგვეღო გეზი და უცბად არ ჩამოთოვა - თეთრად გადაიპენტა დედაქალაქი. გავიხარეთ, მთელი ფილმი ეთნოგრაფიის მუზეუმის ტერიტორიაზე გადავიღეთ.

- ბროლია სად იპოვეთ?

- ბროლია შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოიყვანეს, ნარკოტიკების მაძებარი ძაღლი გახლდათ, მოვლილი, გაწვრთნილი. გადაღებისას ჩვენ რომ 5-6 დუბლი გვჭირდებოდა, მას ერთი ჰყოფნიდა...

ფილმი თუ ასეთი დღეგრძელი იქნებოდა, არ მეგონა. "კვირის პალიტრის" მკითხველს მინდა სიკეთე, სიმხნევე, სიყვარული, სიხარული, ხვავი და ბარაქა ვუსურვო. გკოცნით, თქვენი გოვენ ჭეიშვილი.

ეკა სალაღაია