"ერთმანეთი დაგვეჯაბნოს საქართველოს სიყვარულში" - კვირის პალიტრა

"ერთმანეთი დაგვეჯაბნოს საქართველოს სიყვარულში"

რომ სამყარო არ წალეკილიყო და არ აოხრებულიყო...

ლევან გოთუა ველისციხეში უახლოესი მეგობრის - გოგი ჭიაბრიშვილის დაკრძალვაზე ჩავიდა. უამრავ ადამიანს მოეყარა თავი. ყველას უნდოდა, პატივი მიეგო დიდებული ადამიანის ხსოვნისათვის. მდუმარედ მიჰყვებოდა პროცესიას ლევან გოთუა, ფიქრით ალბათ იმ ახალგაზრდულ წლებში იყო, როცა ის და გოგი ჭიაბრიშვილი ერთად ოცნებობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობაზე, მერე ერთად იხდიდნენ სასჯელს ვორკუტაში. კარგი ვაჟკაცი ყველგან დასაყრდენია.

ვინც იმ წლებს გადაურჩა და სულიც გადაირჩინა, იმიტომ, რომ უფლის ნებით, ყოველ ბანაკში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე ადამიანები, რომლებიც ბურჯებივით ედგნენ კაცობასა და სამართლიანობას. ასეთი იყო ლევან გოთუა, ასეთები იყვნენ მისი მეგობრებიც...

არც 30-იანი წლები იდგა და არც 50-იანი, როცა მასობრივად აპატიმრებდნენ და ხვრეტდნენ ხალხს არა მხოლოდ სახელდახელოდ შეთხზული "საიდუმლო საქმიანობისათვის", არამედ ფიქრისთვის... ოცნებისთვისაც კი უსწორდებოდნენ.

...პროცესია დამთავრდა. ტრადიციისამებრ, ქელეხი დაიწყო - ლუკმა გატყდა. ლევან გოთუა ფეხზე წამოდგა. ყველას გასაგონად წარმოთქვა ღირსეული კაცის შესანდობარი და დასძინა:  - რომ არა გოგი ჭიაბრიშვილი, "გმირთა ვარამი" არ დაიწერებოდაო.

ექოსავით გადაუარა გაშლილ ჭირის სუფრას კლასიკოსის სიტყვებმა. მაგრამ რა უნდა ეთქვა ლევან გოთუას და როგორ უნდა ეთქვა, რომ ბოლომდე გადმოეცა ის, რისი გადატანა უხდებოდათ. და თანაც რისთვის უხდებოდათ - სიყვარულისთვის!

"გმირთა ვარამი" ვორკუტაში იწერებოდა - სიმწრით ნაშოვნ ფურცლებსა და მუყაოს ნაგლეჯებზე, ხის დაფებსა და გაზეთის არშიებზე...

მოგვიანებით ვორკუტაში გატარებულ წლებზე პატარა წიგნი გამოქვეყნდა. მისი ავტორი შოთა შავგულიძე გახლდათ: "ლევან გოთუამ სიცოცხლის სამი მეოთხედი ციხეებში გაატარა. ჯერ იყო სოლოვკაში მოიხადა სასჯელი. დაბრუნდა. სული არ მოათქმევინეს და უფრო მძიმე და მკაცრ ნარიმში გადაასახლეს. დაბრუნებული მესამედ დააპატიმრეს და ვორკუტის კატორღელთა ბანაკში მიუჩინეს ბინა.

არ მეგულება ვორკუტაში გადანასახლები ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, რომლისთვისაც ლევანს არ ეთქვას, - ერთმანეთი დაგვეჯაბნოს საქართველოს სიყვარულშიო. მართლაც რომ ის ამ მხრივ ყველას გვჯაბნიდა, და დღეის დღითაც თუ ვიტყვით, ბატონი ლევანი ჯაბნიდა ყველას საქართველოში".

ლევან გოთუა ხმალამოღებული იბრძოდა, რომ სამყარო არ წალეკილიყო და აოხრებულიყო. იბრძოდა ფარულადაც და აშკარადაც: იბრძოდა სიტყვით, თავისი შემოქმედებით, იბრძოდა იმ პატარა ხელადა ღვინითაც, რომელსაც აუცილებლად გამოუტანდა სტუმარს და წიგნებით სავსე მაგიდის კუთხეში დაუდგამდა. იბრძოდა მეგობრების სიყვარულით და მოყვასის ერთგულებით...

როცა გადასახლებიდან დაბრუნდა, დაიბარეს "სადაც ჯერ არს". იცოდნენ, გაფიცულების თავკაცი რომ იყო და ბევრი სისასტიკე ჰქონდა ნანახი... სუფთა ფურცელი დაუდეს წინ: დაწერეთ, ვინ იძიებდა თქვენს საქმეს, ვინ როგორ გექცეოდათო...

- არაფერს არ დავწერო, - უპასუხია ლევან გოთუას, - თქვენ გინდათ, ჩემი ხელით ვიღაც მოიშოროთ და დასაჯოთ... ჩემგან ვერაფერს მიიღებთ. ბოროტებას ბოროტებით არ ვპასუხობო...

ისევ შოთა შავგულიძის მოგონებიდან, რომელსაც გარკვეული სიმბოლური დატვირთვაც აქვს: "პირველი და ერთადერთი წიგნი, რომელიც მერვე მაღაროს ბანაკში გაჩნდა, იყო ლევანის მიერ შემოგზავნილი ქართული ოთხთავის ორი ძველი რედაქცია სამი შატბერდული ხელნაწერის მიხედვით, გამოცემული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ.

ერთი თვის მერე სანდო პირის ხელით ისევ ლევანს დავუბრუნეთ. მართალია, "რეჩლაგში" შემავალ ბანაკებში მკაცრი რეჟიმი არსებობდა, მაგრამ კიდევ იყო ისეთი ბანაკები (დახურული), სადაც გაუგონარი სისასტიკე მძვინვარებდა. ამიტომ წიგნი ლევანმა დავით კვიტაიშვილს გადასცა. მას, როგორც მკურნალს, მეტი შესაძლებლობა ჰქონდა ქართველ პატიმრებთან შეხვედრისა. კატორღელები მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებიდან იწერდნენ მათთვის სასურველ ადგილებს. ქართულმა ოთხთავმა მოიარა ვორკუტის უზარმაზარ ტერიტორიაზე განლაგებული მკაცრი რეჟიმის ბანაკები"...

ისეთივე სისუფთავითა და იმედით, გადარჩენის სურვილითა და სამშობლოზე დარდ-ვარამით გახეთქილი გულების სალბუნად ლევან გოთუამ "შემოგზავნა" თავისი შემოქმედება საქართველოში. შემოგზავნა და ეროვნული შემართების სამჭედლოდ აქცია...