იოსებ ჯუღაშვილი: "მე სტალინის შთამომავალი ვარ!" - კვირის პალიტრა

იოსებ ჯუღაშვილი: "მე სტალინის შთამომავალი ვარ!"

"ის მორწმუნე ადამიანი გახლდათ, მოძღვარიც ჰყავდა"

"ევგენი ბაბუა იოსებ ჯუღაშვილის ასლი იყო. პირველი შვილიშვილი ვიყავი ოჯახში და მე მერგო საპატიო მისია, ჩემი დიდი წინაპრის მოსახელე ვყოფილიყავი"

"ჩემი სახელისა და გვარის გაგონება ყოველთვის ყურადღებას იქცევდა" - ამბობს 23 წლის კონსერვატორიის სტუდენტი იოსებ ჯუღაშვილი და აღნიშნავს, რომ ერთადერთია ჯუღაშვილების გვარში, ვინც მუსიკოსის გზა აირჩია.

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი მუსიკალური ნიჭი დედამ აღმოაჩინა, როცა 9 წლის ვიყავი. 2006 წელს პირველად დავუკარი ორკესტრთან ერთად და მაშინ მივხვდი, მუსიკა ჩემი გზა იყო.

ამბობენ, რომ მუსიკალური ნიჭი დედისგან მერგო, თუმცა არ არის გამორიცხული, ამაში ჩემს დიდ წინაპარსაც მიუძღოდეს "ბრალი" - ცნობილია, რომ იოსებ სტალინიც კარგად მღეროდა. მისი საყვარელი სიმღერა - "გაფრინდი შავო მერცხალო" - მეც ძალიან მიყვარს.

- როგორი ნათესავი ხართ სტალინის?

- მე სტალინის მეოთხე თაობის წარმომადგენელი ვარ. სტალინის უფროსი ვაჟი იაკობი, რომელიც ომში დაიღუპა, ბაბუაჩემის, ევგენი ჯუღაშვილის მამა გახლდათ. იაკობს ორი შვილი ჰყავდა - ევგენი და გალინა.

- იაკობი ტყვეობიდან თავის დაღწევისას გარდაიცვალა...

- ასე არ ყოფილა. ის ომში დაიღუპა ბელორუსიის ტერიტორიაზე. ეს ჩემი ოჯახის წევრებმა გამოიძიეს. ის, რომ თითქოს ფაშისტებს ტყვედ ჩაუვარდა, გერმანელების შეთითხნილია.

- ტყვეობაში გადაღებული ფოტოები რომ არის გავრცელებული?

- ეგ ფოტომონტაჟია.

- როცა სტალინი გარდაიცვალა და ტანისამოსი გახადეს, ბელადს კიტელქვეშ შავი მაისური სცმია. მომვლელი ქალი ამბობდა, შავი მაისური იაკობის დაღუპვის შემდეგ მუდმივად ეცვაო.

- დიახ, ასე გლოვობდა... ისე, რამდენად წინააღმდეგობრივადაც უნდა ჟღერდეს,

ის მორწმუნე ადამიანი გახლდათ, მოძღვარიც ჰყავდა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ მოძღვარი დაკითხვებზეც დაჰყავდათ, მაგრამ არ გათქვა აღსარების საიდუმლო.

- ურთიერთობა გაქვთ იაკობ ჯუღაშვილის ნახევარი და-ძმის შთამომავლებთან?

- ბაბუას ურთიერთობების შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, მე ურთიერთობა არავისთან მაქვს.

ჩვენს ოჯახში არის სტალინის ხელით დაწერილი წერილი, რომელიც იმერეთში თავის მასწავლებელს, პეტია კაპანაძეს გამოუგზავნა მოსკოვიდან: როგორც შეგპირდი, დახმარებას - 200 მანეთს გიგზავნიო. ეს წერილი ჩემთვის შეუფასებელი განძია. ვერ ვიმეტებ, რომ მუზეუმს გადავცე.

- ცნობილია, რომ სტალინის პირველი მეუღლე ეკატერინე სვანიძე იოსებ ჯუღაშვილის დიდი სიყვარული იყო.

- სტალინმა ორივე მეუღლე დიდი სიყვარულით შეირთო.

- სტალინის რომელიმე შთამომავალი თუ ჰგავს მას?

- მე რომ მკითხოთ, ევგენი ბაბუა იოსებ ჯუღაშვილის ასლი იყო. პირველი შვილიშვილი ვიყავი ოჯახში და მე მერგო საპატიო მისია, ჩემი დიდი წინაპრის მოსახელე ვყოფილიყავი. ჩემს ძმას ვასილი ჰქვია. იოსებ სტალინზე, როგორც უდიდეს ისტორიულ ფიგურასა და ოჯახის წევრზე, კარგი აზრის ვარ. როდესაც ჩემს სახელსა და გვარს იგებენ, პოზიტიურად განეწყობიან, როგორც აქ, ისე საზღვარგარეთ.

- ბატონო ევგენი როგორი ბაბუა იყო?

- გადასარევი. ექვსი წლის იყო, როდესაც დაობლდა. იაკობის მეუღლე, ანუ ევგენის დედა, ოლგა გოლიშჩევა გახლდათ. ევგენი ბაბუა 60-იან წლებში ჩამოვიდა თბილისში, აქ იქორწინა ნანა ნოზაძეზე და ორი ვაჟი შეეძინათ - მამაჩემი ბესარიონი, რომელიც კინორეჟისორია და ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და იაკობი (მხატვარი).

- ევგენი ჯუღაშვილს თუ ჰყავდა ნანახი სტალინი?

- მოყოლილი აქვს და წიგნშიც არის მოთხრობილი, როგორ ნახა ბელადი აღლუმის მსვლელობისას წითელ მოედანზე, მეორედ კი - გარდაცვალების შემდეგ... როგორც ვიცი, 80-იან წლებში თბილისში სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ცხოვრობდა ქალიშვილთან ერთად. ამ პერიოდში რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს ბაბუაჩემი ევგენი და ქალბატონი სვეტლანა...

- თქვენი მუსიკალური გეგმებიც გაგვიზიარეთ...

- მეოთხე კურსზე ვსწავლობ, საფორტეპიანო ფაკულტეტზე, მაგრამ სამომავლოდ დირიჟორობა მსურს - უცხოეთში მასტერკლასებიც გავიარე. ერთი თვის წინ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სიმფონიურ ორკესტრს ვუდირიჟორე. ვაპირებ, საზღვარგარეთ გავაგრძელო სწავლა.

- როგორც დიდი ბელადის შთამომავალს, სატელევიზიო შოუებში თუ გეპატიჟებიან?

- ხშირად მთავაზობენ მონაწილეობას, თუმცა იშვიათად ვთანხმდები.

ეკა სალაღაია