მე, სესილი და "უხილავი" ბავშვები
მე, სესილი და "უხილავი" ბავშვები
"როცა გავიზარდე და მშობლები მოვიკითხე, მითხრეს, რომ ნაგვის ბუნკერთან მიპოვეს"

"რაც უფრო ვიზრდებოდი, სულ უფრო მეტი პასუხგაუცემელი კითხვა მიჩნდებოდა. ვერაფრით ვხსნიდი, რატომ არ მაკითხავდა ვინმე ქალი, რომლისთვისაც დედა უნდა დამეძახა. ან რას ნიშნავდა სიტყვა "დედა". გულჩათხრობილი ვიყავი და ჩემს ამოჩემებულ თოჯინასთან (რომელსაც სესილი შევარქვი) მერჩივნა დიალოგი, თამაში... ვიზრდებოდი და მაინც ყველაზე ერთგული და მესაიდუმლე მეგობარი ისევ სესილი რჩებოდა. ჩვენი დიდი სახლი წყნეთში მდებარეობდა. იქ ბევრი ბავშვი ვცხოვრობდით. უმეტესობას არც დედა
გვყავდა, არც მამა, არც ნათესავი. სხვების მსგავსად, ყველა სტუმარში მეც დედასა და მამას ვეძებდი. როცა გავიზარდე და მშობლები მოვიკითხე, მითხრეს, რომ ნაგვის ბუნკერთან მიპოვეს. ახლა 29 წლის ვარ და დღემდე ვერ ამიხსნია, რატომ მაინცდამაინც მე! ეს მხოლოდ ღმერთმა და დედაჩემმა იციან.

18 წლამდე ნაცნობ გარემოში
ვიზრდებოდი. მერე მოვიდა დღე, როცა იმ კედლებიდან უნდა წამოვსულიყავი და ახალი ცხოვრება დამეწყო, ოღონდ არ ვიცოდი, როგორ. რამდენიმე თვე ღია ცის ქვეშ გავატარე, სკვერში მეძინა. იქ გავიცანი ბევრი ჩემზე უმცროსი"ბავშვი. მათ არც ნამდვილი სახელი ჰქონდათ და არც გვარი. არარსებულ მისამართებსა და მშობლების სახელებს ამბობდნენ, როცა კი ვინმე ეკითხებოდა. მერე ბიჭი გავიცანი, ის თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას ასუფთავებდა. ადამიანურ სითბოს მონატრებული, პირველივე შეთავაზებაზე ცოლად გავყევი. გამიმართლა, ბედნიერი ოჯახი შევქმენით. დღეს ორი შვილის დედა ვარ. რა ბედი ეწიათ ჩემთან ერთად გაზრდილ წყნეთის აღსაზრდელებს, არ ვიცი. ზოგი რაიონში წავიდა, ზოგი დღემდე ქუჩა-ქუჩა მოწყალებას ითხოვს, ბევრი გზას ასცდა".

ნათიას გაუმართლა და დღეს ბედნიერი ოჯახი აქვს. არ გაუმართლა მის მეგობრებსა და სხვა ბენეფიციარებს, 18 წლისანი ქუჩაში აღმოჩნდნენ - სხვადასხვა თავშესაფარში, საოჯახო ტიპის დაწესებულებასა თუ მიმღებ ოჯახებში, სრულწლოვნებს აღარ აქვთ დარჩენის უფლება.

"აქ ყველაზე თბილი გარემოა"


თბილისში, ხილიანის ქუჩაზე, ბავშვთა ინფექციური კლინიკის ეზოში, წმინდა­ ბარბარეს სახელობის მონასტერია. მის გვერდით ძველი აგურით ნაშენი ნაგებობაა. ეს "ახალგაზრდული სახლია".
დაწესებულებაში იმ დროს მივედი, როცა მოზარდების ნაწილი ხელსაქმით, ნაწილი კი კულინარიით იყო დაკავებული. რვაოთახიანი კომპლექსი ასე გამოიყურება: სასწავლო სამკერვალო-სახელოსნო "ორნამენტი", სამუშაო ოთახი, მედიათეკა, სემინარებისა და ტრენინგების ოთახი, შემოქმედებითი, კრეატიული ოთახი "აღმოაჩინე რა შეგიძლია",""ჩემი ოთახი" (ბიჭებისა და გოგონებისთვის) და ადმინისტრაცია.

მარიამ გელაშვილი: -
ამ ყველაფრის იდეა სამი წლის წინ გაჩნდა, როდესაც საპატრიარქოს სოციალური დეპარტამენტის წევრებს უწმინდესთან გვქონდა შეხვედრა. პატრიარქმა თქვა, - ბავშვები, რომლებიც ტოვებენ ბავშვთა სახლებს, ჩემი დიდი ტკივილია. მას შემდეგ, რაც ტოვებენ დაწესებულებას, მათთვის ყველა კარი იკეტებაო. შემდეგ დავიწყეთ ამ პრობლემაზე მუშაობა. გვქონდა შეხვედრები თბილისის მერიასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან... შემუშავდა საპილოტე პროექტი, რომელიც განათლების სამინისტროს პატრონაჟით, ხუთი თვის წინ დაიწყო...

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ზრუნ­ვ­ის სისტემას წელიწადში 40-დან 60-მდე მოზარდი ტოვებს. "ახალგაზრდული სახლი" დროებითი საცხოვრებელია, რომელიც გათვლილია ექვს მოზარდზე. რამდენიმე წლის წინ გადავაწყდი გაეროს ბავშვთა კვლევას, სადაც ამ სეგმენტს "უხილავ" ბავშვებს უწოდებენ, მათ სისტემა­ ვეღარ ხედავს. "ახალგაზრდული სახლის" დანიშნულება სწორედ ის არის, რომ ის ბავშვები ნამდვილად არსებობენ და არ არიან "უხილავები". იცით, რატომ არის ეს პროექტი წარმატებული? მათ უხარიათ აქ მოსვლა და თანასწორად ვხვდებით. ჩვენ მათ გამოცდილებას ვუზიარებთ და მათგანაც ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობთ...

ზურაბ ვარაზი, საპატრიარქოს სოციალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი: -
გარდა იმისა, რომ აქ ექვსი მოზარდი მუდმივად ცხოვრობს, დღის განმავლობაში სხვებიც მოდიან და ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიას. მათ შორის კერვას, ქარგვას, მზარეულობას, ფლორისტიკას და ა.შ. გვაქვს ნათლიობის პროგრამაც, რომელიც გულისხმობს მოზარდების დახმარებას. სანამ ის სამსახურს იშოვის, ან თუ უკვე იშოვა, მაგრამ ხელფასის აღებამდე სჭირდება არსებობა, ჩვენი ახლობლების შემოწირულობით ერთი წლის განმავლობაში ვუხდით ბინის ქირას, კომუნალურ გადასახადებს.­ ის კი აკეთებს დანაზოგს და დაგროვილი თანხით უკვე შეეძლება გარკვეული საჭიროებები თვითონ დაიკმაყოფილოს. მზრუნველობის დაწესებულებიდან გამოსული მოზარდისთვის "ახალგაზრდული სახლი" ნუგეშია. რაც შეეხება პროფესიის დაუფლებას,­ უწმინდესის სურვილიც ის არის, რომ ასეთ მოზარდებს ისეთი პროფესიები შევასწავლოთ, რაც ცხოვრებაში გამოადგებათ.

- როგორ გიკავშირდებიან მოზარდები?

- ძირითადად, დაწესებულების ხელმძღვანელები გვატყობინებენ, მათ დაწესებულებაში რამდენი მოზარდი ხდება სრულ­წლოვანი და გვაკავშირებენ.

- რამდენმა მოზარდმა ისარგებლა თქვენი სერვისით?

- 32-მა. საპილოტე პროექტის ფარგლებში, სერვისით სარგებლობა მოზარდებს ხუთი თვით შეუძლიათ. ამის შემდეგაც ვაგრძელებთ მათთან ურთიერთობას. დღეს გვყავდა მოზარდი, რომელიც უკვე დასაქმებულია და მხოლოდ იმიტომ გვესტუმრა, რომ მოვენატრეთ.

- თუ თქვენი ხუთთვიანი სერვისით სარგებლობის შემდეგ მოზარდი ვერ დასაქმდა, მაშინ რა ხდება?

- ამ სახლის მიზანი სწორედ ის არის, რომ ხელი შევუწყოთ დასაქმებით თუ საცხოვრისით. გვინდა, რომ ავაშენოთ დიდი სტუდენტური საცხოვრისი, სადაც მოზარდები იცხოვრებენ მანამ, სანამ საკუთარი ჭერი ექნებათ. ღია ცის ქვეშ დარჩენილ ახალგაზრდებს მხოლოდ ქუჩა იტევს, დამოუკიდებლად თავის გასატანად ბევრი ბრძოლა უწევთ. ახლა, როცა საქართველოში სერვისი "18-ს პლუსი" ამოქმედდა, ახალგაზრდებისთვის ძალიან სასარგებლო ეტაპი დადგა, ისინი სხვადასხვა პროფესიას დაეუფლებიან და დამოუკიდებლად გააგრძელებენ ცხოვრებას. ბავშვთა სახლებს უამრავი მოზარდი ტოვებს, "ახალგაზრდული სახლი" მხოლოდ მათ ნაწილს უზრუნველყოფს. დიდი ნაწილი გაურკვეველი მომავლის წინაშე რჩება. თუ თბილისსა და სხვა რაიონებს მსგავსი ტიპის დაწესებულებები დაემატება, სრულწლოვან მოქალაქეებს მიეცემათ ცხოვრების შანსი, რომელიც წაართვა ქვეყანაში არსებულმა სოციალურმა პოლიტიკამ.

"ჩვენი თვალით ყველაფერი სხვანაირად ჩანს"


ლევან ჩახაია 13 წლის ასაკიდან კოჯრის ბავშვთა სახლში იზრდებოდა. დაწესებულებაში განთავსების მიზეზი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სოციალური სიდუხჭირე გახდა. 18 წლის შესრულების შემდეგ, როცა დაწესებულების დატოვების დრო მოვიდა, მას გაუმართლა - ისე, რომ რეპეტიტორებთან არ მომზადებულა, ეროვნულ გამოცდებზე გავიდა და ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. დღეს ლევანი ოპერისა და ბალეტის თეატრის იურისტია.

ლევან ჩახაია:
- დავუკავშირდი ერთ-ერთ ორგანიზაციას და ავუხსენი ჩემი მდგო­მარეობა. ამ ორგანიზაციამ დამაკავშირა უცხოელ ქალს, რომელმაც ჩემი პატრონაჟი ითავა და ოთხი წლის განმავლობაში ბინის ქირა დამიფინანსა. დამიდო ხელშეკრულება, სადაც ჩადებული იყო შემდეგი პუნქტი: აუცილებლად წარჩინებით უნდა მესწავლა და სწავლის საფასური დამიფინანსდა. ასევე დამეხმარა ადამიანი, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში ჯიბის ფულს მაძლევდა. სწავლის დამთავრების შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის იურისტი ვარ. გარდა ამისა, "ახალგაზრდულ სახლში" მენტორად ვმუშაობ. ვეხმარები მოზარდებს CV-ისა და სამოტივაციო წერილის დაწერაში, როგორ უნდა მოიქცნენ გასაუბრებაზე და ა.შ. მე მათი კარგად მესმის, რადგან მეც იგივე გზა მაქვს გამოვლილი. ხშირია შემთხვევა, როცა მათ შრომით ექსპლუატაციას უწევენ, ამათხოვრებენ და ა.შ. ხშირად ვაკეთებ ჩანაწერებს­ იმ ემოციებზე, რაც ბავშვთა სახლში განმიცდია. ჩვენი თვალით ყველაფერი სხვანაირად ჩანს.

- შენს ოჯახთან გაქვს ურთიერთობა?

- დედა სამეგრელოში მყავს. მასთან ურთიერთობა არასდროს გამიწყვეტია, მისი სოციალური მდგომარეობა დღესაც არასახარბიელოა. ხანდახან ჩავდივარ მასთან.

თორნიკე ყაჯრიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები