"ჩვენ საქართველოს ფსიქიატრიულ რესპუბლიკაში ვცხოვრობთ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ საქართველოს ფსიქიატრიულ რესპუბლიკაში ვცხოვრობთ"

"ცოტა ხანში არჩევნების გაყალბებაზე სრული სურათი დაიხატება და ეს საზოგადოებისათვის გამაოგნებელი იქნება"

ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ერთსულოვნად ამბობენ, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. რა ცვლილებები შეიძლება მოგვიტანოს ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალმა რეალობამ, ამის გარკვევა ფსიქოლოგ ზაზა შათირიშვილთან ერთად ვცადეთ:

- არჩევნების შეფასებით დავიწყოთ. ალბათ, გახსოვთ, 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გვქონდა განცდა, რომ საზოგადოებაზე პირდაპირი ძალადობა და ოქმების გადაწერა მოხდა. ხელისუფლების უკანონო ქმედებები თეთრი ძაფით იყო ნაკერი. 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში კი საზოგადოება შოკში იყო.

ხალხს ეგონა, ეს არჩევნები წესიერად ჩატარდა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ გამოვიდა ცნობა, რომ არცთუ ობიექტური და სამართლიანი არჩევნები ყოფილა. 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების შემდგომაც შოკი იმან გამოიწვია, რომ თითქოს ყველაფერი წესიერად ჩატარდა, მაგრამ ახლაც უკვე ნელ-ნელა მოდის ცნობები, რომ არცთუ ობიექტური ყოფილა. რამდენიმე უცხოელმა დამკვირვებელმა მომწერა, რა დარღვევები იყო არჩევნებზე.

არჩევნებიდან არჩევნებამდე აბსოლუტურად იცვლება გაყალბების ხელწერა. გაყალბების მეთოდები იმდენად მოულოდნელი და შოკისმომგვრელია, თავიდან ყველას ჰგონია, რომ ყველაფერი ნორმალურად არის და მერე აღმოაჩენენ ხოლმე, რაც მოხდა სინამდვილეში.

რამდენიმე კვირაში, მაქსიმუმ ერთ თვეში, ჩვენ ყველაფერი გვეცოდინება ამ არჩევნებზე.

- რა სახის დარღვევებს გულისხმობთ?

- როდესაც ერთ-ერთი სამსახურის წარმომადგენლები მიიყვანეს ხმის მისაცემად, ისე ჩანდა, რომ საარჩევნო კაბინას ვიდეოთვალი დაჰყურებდა. არ ვიცი, მართლა ასე იყო თუ არა, მაგრამ ასე მიიჩნია მოქალაქეთა ერთმა ნაწილმა და შეშინებულებმა ხმა ერთ კანდიდატს მისცეს. იყო შემთხვევა, რომ ლექტორმა სტუდენტებს არ დაუწერა ნიშანი, როდესაც მათ ხმა მისცეს კონკრეტულ კანდიდატს, არაფერს ვამბობ დამკვირვებლების "შეკერვაზე". ცოტა ხანში სრული სურათი დაიხატება  და ეს საზოგადოებისათვის გამაოგნებელი იქნება.

კიდევ ერთხელ გაგვიჩნდება განცდა, რომ მოგვატყუეს. ამ არჩევნებში ალასანია კი არ დამარცხდა და ვიღაცამ კი არ მოიგო, არამედ  კიდევ ერთხელ მოგვატყუეს. ამიტომაც ოპოზიციამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვას, რომ ეს გამარჯვება იყო. შუბი ხალთაში არ დაიმალება. რამდენიმე კვირაში არჩევნების შემდგომი შოკი და აპათია ხელისუფლებისადმი ზიზღით, გაბოროტებითა და გაბრაზებით შეიცვლება.

- ბრძანეთ, ოპოზიციამ არ უნდა თქვას, არჩევნებში გავიმარჯვეთო. არადა, "ალიანსის" ლიდერმა არჩევნებზე მიღწეულ შედეგს წარმატება უწოდა, ესეც შოკისაგან ხომ არ იყო?

- არ ვიტყოდი, რომ ალასანია შოკშია. ის იქცევა როგორც კულტურული  ადამიანი.

- ალასანიას ჩვენთან ინტერვიუში არაერთხელ უთქვამს, ხმებს დავიცავთო, მაგრამ ეს არ გააკეთა.

- ისეთი ტიპის გაყალბება იყო, წინასწარ ვერ გამოიცნობდი. ეს მერე და მერე გამოჩნდება და ამ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დადგება.  ნამდვილად არ მინდა საქართველოში არეულობა დაიწყოს, მაგრამ ბიშკეკის გამეორების საფრთხეს ვხედავ.

ღმერთი ადამიანს რომ გაწირავს, გონებას აკარგვინებს ხოლმე, რაღაც ასეთი სჭირს ჩვენს ხელისუფლებას. ისე იბრმავებს თავს, საკუთარი თავი თავად მიჰყავს ბიშკეკისაკენ.

- მაგრამ ისეც არ არის, რომ გიგი უგულავას მხარდამჭერები არ ჰყავდეს. ალბათ, გახსოვთ, არჩევნების ღამეს მომღერლებით, ჟურნალისტებითა და კომედიური ჟანრის მსახიობებით გადავსებული უგულავას შტაბი.

- ცნობილი ადამიანები წინასაარჩევნო კამპანიაში ყველა ქვეყანაში მონაწილეობენ.  გვინახავს,  წინასაარჩევნოდ როგორ უკრავდა ვუდი ალენი კლარნეტზე კლინტონისათვის, მაგრამ საქმე ის არის, რომ ქართველი მომღერლები და იუმორისტი მსახიობები ხელისუფლებისაგან იღებენ ფულს, ვუდი ალენს კი არ აუღია კლინტონისაგან.

საქართველოში შოუბიზნესი ისე ზის სახელმწიფო დოტაციაზე, როგორც რომში კოლოსეუმი ან საფრანგეთში ლუვრი. გასაოცარია, რომ შოუბიზნესი ჩვენთან სახელმწიფო დოტაციაზეა, თითქოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყოს! ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება.

- კონსტრუქციული ოპოზიცია იმედოვნებს, რომ ხელისუფლებას მშვიდობიანად შეცვლის. თქვენი აზრით, აქვს ოპოზიციას საამისო ძალა?

- ალასანია მაქსიმალურად კონსტრუქციული იყო, მაგრამ შეცდომებიც დაუშვა. ალასანიას შეცდომები ნორმალური ადამიანის ნორმალური შეცდომებია, მაგრამ ხელისუფლებას აქვს ისეთი შეცდომები, რასაც ადამიანი ადრეულ ბავშვობაში უშვებს.

მაგალითად, როდესაც რაღაცას გატეხს და მალავს. ხელისუფლება ლაპარაკობს სახელმწიფოზე, მერის არჩევნებზე, სინამდვილეში კი ჩვენ არც სახელმწიფო გვაქვს და არც ეს არჩევნები ყოფილა მერის არჩევნები.

- მაშ, რა იყო?

- მოჩვენება. მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, მოჩვენებები ბევრად მეტ სისხლს მოითხოვენ, ვიდრე ჩვეულებრივი ბოროტებაო. მაგალითად,

რუსეთი ბოროტი სახელმწიფოა, ამერიკა - რაციონალური, საქართველო კი არ არსებობს როგორც სახელმწიფო, ის სახელმწიფოს იმიტაცია, ანუ "მოდელირებული სახელმწიფოა".

რა შეიძლება ვთქვათ პრეზიდენტზე, რომელიც მილიონებს ხარჯავს სოფო ნიჟარაძის ევროვიზიაში გამარჯვებაზე და ახლა, რადგან ის მე-9 ადგილზე გავიდა, უცხოეთში საქართველოს ყველა საელჩო შიშსა და ძრწოლაშია?

- რატომ არის სახელმწიფო დონეზე აყვანილი ასეთი საკითხები?

- ეს ხელისუფლების მართვის სტილია. გაიხსენეთ განმუხური, მუხროვანი, კრიალაშვილის მოკვლა. იმის გამო, რომ მუხროვანში რაღაც მოხდა, კრიალაშვილი მოკლეს და ქართველი საზოგადოება არ შეგვზარა იმან, რომ ჩვენ თვალწინ სისხლიანი სპექტაკლი გაითამაშეს. რომის იმპერიაში დგამდნენ სპექტაკლებს. წარმოდგენა რეალისტური რომ ყოფილიყო, სცენაზე განსასჯელი შემოჰყავდათ და მას მაყურებლის თვალწინ თავს აჭრიდნენ. კრიალაშვილის შემთხვევაშიც იგივე მოხდა.

ხელისუფლებამ სპექტაკლი დადგა და მართლა მოკლეს კაცი! აი, სწორედ ეს არის მოჩვენება, რომელიც სისხლს მოითხოვს. ეს არის შიზოფრენიული რეალობა, რომელიც ერთხანს გვაჯადოებს და უცებ ისიც გვეჩვენება, რომ უგულავა არჩეული მერი გახდა, სინამდვილეში კი ეს იმიტაციაა(!).

- რის გამო, რატომ უწევს ქართველ ერს ამ მოდელირებულ რეალობაში ცხოვრება?

- ზოგი გეტყვით, რომ ჩვენი ცოდვების გამო, ზოგი - ჩვენი მოუმწიფებლობის გამოო, ზოგიც, იმის გამო, რომ თავის დროზე როგორც საზოგადოება ვერ შევდექითო. გარკვეულწილად მართლაც ამ ყველაფრის გამო ვართ ასეთ მდგომარეობაში. დასკვნა ვერ გამოვიტანეთ და იმიტომ ხდება აქ ის, რაც ხდება. რეალური არჩევნები იმ ქვეყნებში ტარდება, სადაც ძალაუფლების გაყოფა ხდება, სასამართლო, პარლამენტია. სანამ ჩვენ ეს ყველაფერი არა გვაქვს, არჩევნებიც მუდამ იმიტაცია იქნება.

დღეს ქართველი ხალხი იმიტაციაშია და არა ნამდვილ რეალობაში. ქართველი ხალხი ცხოვრობს თეატრში, სადაც რეჟისორები ნამდვილად ღვრიან ადამიანების სისხლს. ამ ხელისუფლების ქმედებების ასახსნელად ფსიქიატრებია საჭირო, ჩვენ საქართველოს ფსიქიატრიულ რესპუბლიკაში ვცხოვრობთ.

საქართველოს ბედი საქართველოში უნდა გადაწყდეს. ქართველმა საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს ჩვენი ნაციონალური პოლიტიკა და მისი შესრულება პოლიტიკოსებს შეუკვეთოს. მოაზროვნე ადამიანებმა უნდა ჩამოაყალიბონ პროექტი, რა გვინდა, რა უმჯობესია ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. ამისთვის საუბრები, ფიქრი და ქმედებები უკვე დაწყებულია. ამ საქმეში ჩართული არიან ქართველი მეცნიერები (ძირითადად, ფიზიკოსები და მათემატიკოსები, მაგალითად, გია დვალი), რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ. მათი იდეები შეიძLლება გადაიკვეთოს სხვა ქართველ ინტელექტუალებთან და შეიქმნას ახალი ნაციონალური პროექტი.

ახალი ნაციონალური ქართული პროექტი, რომელსაც პირობითად შეიძლება "ქართული კოლაიდერი" დავარქვათ, ძალიან საინტერესო იდეაა. დღეს საქართველო უიდეო და უფუნქციოა. "ქართული ისრაელის" შექმნა დამარცხებული პროექტია, ასევე დამარცხებისათვის არის განწირული პროექტი "ახალი სინგაპური".

საქართველოში არავინ ფულს არ ჩადებს. ამიტომაც ჩვენ მეცნიერება და ხელოვნება უნდა გავყიდოთ. ილია ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ამბობდა, საუკუნეების განმავლობაში მტერი ხმლით მოდიოდა და ჩვენც ხმლით ვეგებებოდით. ახლა დროა, ხმალი გვერდზე გადავდოთ, რადგან მტერი გარჯით მოდის და ჩვენც გარჯით შევეგებოთო.

ილიას ნათქვამს უნდა მივყვეთ და ავამოქმედოთ ის ინტელექტუალური პოტენციალი, რაც არის ქართველ ხალხში. ილიასეული ენა, მამული, სარწმუნოების თანამედროვე ვარიანტი შეიძლება იყოს ქართული მუსიკა, კინო და ფუნდამენტური მეცნიერება (მათემატიკა და ფიზიკა). "ქართული კოლაიდერი" იქნება ის ნაციონალური პროექტი, რომელიც ჭაობიდან ამოიყვანს საქართველოს.  საქართველო გახდება არა ახალი ისრაელი, არამედ ახალი შვეიცარია. ეს პროექტი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, არ დაგვაპირისპირებს არავის - არც დასავლეთს, არც ევროპას, არც რუსეთსა და არც აღმოსავლეთს.

ეს იდეა დამოუკიდებლად გაჩნდა ქართველ მეცნიერებსა და ინტელექტუალებში. არ არის სხვისი და გარედან ნაკარნახები. ამ იდეაზე მთელი საზოგადოების კონსენსუსი უნდა მოხდეს, მერე კი მისი შესრულება პოლიტიკოსებს უნდა დავუკვეთოთ.

თუ ეს მოხდა, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და პოლიტიკოსები იქნებიან მხოლოდ ინსტრუმენტი და იარაღი ჩვენს ხელში. სანამ პოლიტიკოსები არ იქცევიან საზოგადოების იარაღად, ვერ ვიტყვით, რომ ქართველი საზოგადოება ჩამოყალიბდა.