როგორია ახალშობილის მდგომარეობა, რომელიც რუსთავში კორპუსის სადარბაზოში იპოვეს - კვირის პალიტრა

როგორია ახალშობილის მდგომარეობა, რომელიც რუსთავში კორპუსის სადარბაზოში იპოვეს

რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, კართან ახალშობილი ჩვილი ნახეს. ბავშვი სამართალდამცავებმა სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მიზნით კლინიკა "რუსთავის" ჩვილ ბავშვთა განყოფილებაში გადაიყვანეს.

კლინიკის სამშობიარო განყოფილების უფროსის ბადრი გელენავას განცხადებით, ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ბადრი გელენავამ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, ჩვილს ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა, კლინიკაში მიყვანისას სხეულის ტემპერატურა ნორმაში იყო.

„ჩვილი ამ დროისთვის ჩვენთან რჩება, ველოდებით სოციალურ სამსახურს და უახლოეს პერიოდში მოხდება ალბათ მისი გადაყვანა ჩვილ ბავშვთა სახლში", - განაცხადა ბადრი გელენავამ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენებას გულისხმობს, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

"ინტერპრესნიუსი"