"წინა ხელისუფლების დროს ვმუშაობდით, მაგრამ მერე..." - როგორ გახდნენ წყალტუბოელი ტყუპები ძმები ქალთევზაშვილები? - კვირის პალიტრა

"წინა ხელისუფლების დროს ვმუშაობდით, მაგრამ მერე..." - როგორ გახდნენ წყალტუბოელი ტყუპები ძმები ქალთევზაშვილები?

ტყუპი ძმა - დათო და თენგიზ ხიდეშელები წარმოშობით რაჭველები არიან, თუმცა წყალტუბოში დაიბადნენ და გაიზარდნენ. დღესაც იქ ცხოვრობენ. დათო ინჟინერია, თენგიზი - ეკონომისტი, მსახიობობაზე არასდროს უფიქრიათ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღე, გადაწყვიტეს პოპუარული სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალების" მიერ გამოცხადებულ კონკურში მიეღოთ მონაწილეობა. გადამღები ჯგუფი 40-დან 50 წლამდე ასაკის ტყუპ ძმას ეძებდა.

ხიდეშელებმა კასტინგში გაიმარჯვეს, როლზე დაამტკიცეს და ასე მოევლინენ სერიალის მაყურებელს ბიზნესმენი ქალთევზაშვილები. თავიდან თითქმის უხმოდ მონაწილეობდნენ, მაგრამ ვინაიდან მათი ხაზი ბოლო სერიებში გააქტიურდა, პერიოდულად

ალაპარაკდნენ კიდეც. ჯიმი ქალთევზაშვილის ულამაზესი ქრისტინე, ჩიკას უფროს ვაჟ სანის შეუყვარდა და ცოლადაც მოიყვანა...

ბიზნესმენ ქალთევზაშვილების ახლოს გაცნობა გადავწყვიტეთ და ქრისტინეს მამას, ჯიმის, ანუ დათო ხიდეშელს დავუკავშირდით.

"მე და ჩემს ძმას მსახიობობაზე არასდროს გვიოცნებია. დამთავრებული მაქვს ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინტრო ფაკულტეტი, თენგიზს - ეკონომიური, მაგრამ პროფესიით არ ვმუშაობთ. წინა ხელისუფლების დროს ვმუშაობდით, მაგრამ მერე გამოგვიშვეს სამსახურებიდან, - წინა მთავრობის ხალხი ხართო," - გვეუბნება დათო ხიდეშელი.

- და მალე სერიალში აღმოჩნდით, ხომ?

- დიახ, კონკურსი გამოცხადდა, მონაწილეობა მივიღეთ და გაგვიმართლა, დაგვამტკიცეს. ვართ ბიზნესმენები, ჯიმი და ჯონი. იცით, რომ სატირული სერიალია და ჩვენი პერსონაჟების სახით ნაჩვენებია ბიზნესმენების რეალური ტიპაჟები, თუ როგორები არიან. პიროვნულად ყველა შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ უმეტესად, მაინც ერთნაირები არიან - უჭირთ ფულის გაცემა. ნაჩვენებია მათი ყოველდღიური ცხოვრების წესი. მოკლედ, ყველაფერი ცხოვრებიდან არის აღებული. ჩვენი პერსონაჟები სიტყვაძუნწი ბიზნესმენები არიან, ლაპარაკი არ უყვართ.

- თქვენ შორის საოცარი მსგავსებაა, ერთმანეთს ძალიან გავხართ.

- თავიდანვე ასე იყო, ერთმანეთს ვერ გვაშორებდნენ. სკოლაში, სასწავლებელში, ისეც სულ ერთად ვიყავით. ეს ამბავი რაღაცნაირად გამოგვადგა კიდეც. ბევრი შემთხვევა გვქონია, როცა უნივერსიტეტში გამოცდებზე ერთმანეთის ნაცვლად გავსულვართ. არ მინდოდა ყველა საგნის სწავალა, ამიტომ ორ-ორს ვსწავლობდით და ერთმანეთის ნაცვლად ვაბარებდით. ლექტორები ვერ ხვდებოდნენ. მართვის მოწმობაც არასდროს მქონია, ჩემი ძმის მართვის მოწმობით დავდიოდი, მაჩერებდა პატრული და ვერც ის ხვდებოდა ვერაფერს.

- ამბობენ, რომ ტყუპი ძალიან მგრძნობიარეა. ერთ ცუდად რომ ხდება, მეორეც შეუძლოდ არის. ამას წინათ, 60 წლამდე ტყუპი გავიცანი ერთი და იმავე პრობლემით, ერთდროულად ორივე ცუდად იყო.

- კი, ტყუპების ფენომენი მართლა უცნაური რამ არის. თენგიზი ჩემზე 2 წუთით უფროსია. ბავშვობიდან მოყოლებულია, ცუდად რომ ვხდებოდი, ისიც ცუდად იყო. ახლაც, თავი თუ ამტკივდა, ან კბილმა შემაწუხა, თენგიზსაც იგივე პრობლემები ექმნება... ბავშვობაში, ერთხელ ავად გავხდით. მამა ექიმი გვყავს, თენგიზს რომ გაუკეთა ნემსი, ჩემთვისაც უნდა გაეკეთებნა. ისე, მოხდა, რომ ავერიეთ და მეორედ ისევ იმას უკეთებდა. კინაღამ მასაც აერია... ბოლოს მიხვდა. გაგრძელება