"რადგან ნახეს 23 600 ლარი, ამიტომ უნდა დაუკავშირონ ჩემი შვილი ტერორიზმს"?! - კვირის პალიტრა

"რადგან ნახეს 23 600 ლარი, ამიტომ უნდა დაუკავშირონ ჩემი შვილი ტერორიზმს"?!

რომ ეთქვათ ჩემთვის, შენი ბავშვი რაღაცაშია შემჩნეულიო, ხომ ჩემი ხელით მივიყვანდი პოლიციაში, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის, რომ მის შვილს ანგარიშზე გარკვეული თანხა ჰქონდა, არ ნიშნავს იმას, რომ ის ტერორიზმთანაა კავშირში. ამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განმარტა, თუ საიდან აქვს მის ოჯახს ის თანხა მიღებული, რომელზეც გამოძიება აპელირებს.

"რადგან ნახეს 23 600 ლარი, ამიტომ უნდა დაუკავშირონ ჩემი შვილი ტერორიზმს?! ჩემი შვილი 6 წელია გერმანიაში ცხოვრობს და იქიდან გამოატანა ჩემს უფროს შვილს ეს თანხა, რომ აქ ბინა გვეყიდა. ახლა ესენი იძახიან, ჩატაევს ანგარიში ჰქონია გახსნილი თემირლანზე და იქიდან ურიცხავდა ფულს. მინდა ვუთხრა საქართველოს მოსახლეობას, რომ ჩემს შვილს თემირლანს არავითარი შეხება და არავითარი მიდრეკილება ტერორიზმთან არ ჰქონია. როგორც სხვები იცნობდნენ, ისე იცნობდა ჩემი შვილი მაგათ. რომც ყოფილიყო და დავუშვათ იცნობდა მათ, ასეთი სისასტიკე შეიძლება?! რომ ეთქვათ ჩემთვის, შენი ბავშვი რაღაცაშია შემჩნეულიო, ხომ ჩემი ხელით მივიყვანდი პოლიციაში. ჩემი შვილი ტერორიზმთან რომ ყოფილიყო კავშირში, ჩემი ხელით დავახრჩობდი", - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.