"მე სანისგან რადიკალურად გასხვავებული ცხოვრება მაქვს, არ ვერჩი ბიზნესმენებს, არც შეყვარებული ვარ" - კვირის პალიტრა

"მე სანისგან რადიკალურად გასხვავებული ცხოვრება მაქვს, არ ვერჩი ბიზნესმენებს, არც შეყვარებული ვარ"

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ჩიკას ვაჟის, სანის როლს 21 წლის თეატრალური უნივერსიტეტის მე-3 კურსელი გიორგი ტაბიძე ასრულებს. გიორგი ახალ წელს, ტრადიციულად - მშობლებთან და ძაღლ გესისთან ერთად შეხვდა.

- ჩცდ-ში ვიდრე დამიძახებდნენ, ნანა ექვთიმიშვილის ფილმში "ჩემი ბედნიერი ოჯახი" მთავარი როლი ვითამაშე - ია შუღლიაშვილისა და მერაბ ნინიძის ეკრანული გმირების შვილი განვასახიერე. პირველ კურსზე ვიყავი ამ ფილმში რომ გადამიღეს. ქასთინგ-მენეჯერმა ვიზუალით 5 ბიჭი აგვარჩია, 2 სინჯის შემდეგ კი ჩემზე შეაჩერეს არჩევანი. ხელახლა დაბადებას უდრიდა ჩემთვის სიტყვები - როლზე დაგამტკიცეთო. ფილმი რამდენიმე ფესტივალის გამარჯვებულია. ბედნიერი ვარ, რომ ასე წარმატებულად დავიწყე კარიერა.

- გამოდის "ჩემი ბედნიერი ოჯახიდან" მოხვდით "ჩემი ცოლის დაქალებში". სანი თავნება და თავხედი ბიჭია, თუმცა მის მოქმედებას ნებას აყოლილი არ ეთქმის, თავისი ლოგიკა აქვს...

- ვამართლებ ამ პერსონაჟს, იმის გამო, რომ ბავშვობიდან ბებიასთან იზრდებოდა - მამამისი საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას, დედამისი კი მეორე ქმართან ცხოვრობდა, მოკლედ, ბიჭი თავისით ჩამოყალიბდა, არავის უსწავლებია, თვითონ მიხვდა, რა არის ცუდი და რა - კარგი. ამის გამოა თავხედი. ბიზნესმენებს რომ ერჩის, ამაშიც თავისი სიმართლე აქვს, ჰგონია, რომ ბიზნესმენები ხალხის ფულებს ჭამენ. ამის გამო სურს გაამწაროს, მიახვედროს, რომ ცოტა ღირსეულად მოიქცნენ. მე სანისგან რადიკალურად გასხვავებული ცხოვრება მაქვს, არ ვერჩი ბიზნესმენებს, არც თავხედი ვარ და არც მშობლების ყურადღება მაკლია, პირიქით განებივრებულიც კი ვარ ამ თვალსაზრისით.

- სიყვარული რომ აკეთილშობილებს სანის მაგალითზე კიდევ ერთხელ დავინახეთ ბოლო სერიებში.

- მართლა გამოასწორა სიყვარულმა სანი, მგონია, რომ სითბო და სიყვარული აკლდა... ქრისტინეს სიყვარულმა სანის ცხოვრებაზე აზრი შეაცვლევინა. სხვა ადამიანი გახდა.

- წარმოიდგენდით რომ ქალთევზაშვილების გოგო შეგიყვარდებოდათ?

- ვერასოდეს. ჩიკა გვეხმარება...

რეალურ ცხოვრებაში ძალიან დატვირთული ვარ, სასიამოვნოა, რომ საყვარელი საქმით. ახლა, თავისუფალ თეატრში და ილიას სარდაფში ვმუშაობ 2 სპექტაკლზე, სულ გადარბენებზე ვარ. რაც შეეხება ჰობს, პიესების წერა მიყვარს. მინდა ამ საქმეს გავყვე. შეიძლება კარგი რამე გამომივიდეს. მეგობრებს გვაქვს იდეა, რომ ჩემი სცენარი გავაცოცხლოთ, მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადავიღოთ - ვნახოთ.

- თქვენს წინაპრებს და გვარსაც შევეხები, რომლის გაგონებაზე გონებაში, პირველ რიგში, პოეტები მოდიან.

- ჩემი დიდი ბაბუის ახლო მეგობარი ყოფილა დიდი გალაკტიონი, ისე სხვადასხვა შტო ვართ, ნათესაური კავშირი არ გვაქვს, არც მასთან და არც ტიციან ტაბიძესთან.

- მსახიობის ნიჭი ვისგან დაგყვათ?

- არც ვიცი, გვარში პირველი ტაბიძე მსახიობი ვარ. მშობლებს ძალიან უყვართ თეატრი და ბავშვობაში ყოველთვის დავდიოდით სპექტაკლებზე. ინტერესიც იმ პერიოდიდან გამიჩნდა. მაშინ გადავწყვიტე რომ სცენაზე მეცადა ბედი ... ვნახოთ, პირველი ნაბიჯები იმედის მომცემია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შემფასებელი ბებიაჩემია. ზუსტ შენიშვნებს იძლევა, რეალურად მეუბნება - რა იყო კარგი, რა - ცუდი.

- დღევანდელი თბილისი როგორია შენთვის?

- დღევანდელი თბილისი ჩემთვის ცოტა არეულია, ქუჩაში ჩაფიქრებული ხალხი დადის, მგონია ოდნავ აცდენილები ვართ სწორ ცხოვრებას.

სამწუხაროა, ონლაინკაზინოებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ბევრი არასრულწლოვანი მინახავს ტოტალიზატორსა და კაზინოში შესული, რატომღაც პრობლემა არ ექმნებათ იქ შესვლაზე. არ ვიცი, ეს როგორ ხერხდება. მადლობა ღმერთს, მე თამაშის მოყვარული არ ვარ. ონლაინკაზინოები ნამდვილად ასაკრძალია. კაზინოებს რაც შეეხება, არ ვამბობ, რომ საერთოდ უნდა აიკრძალოსო, - უნდა გამკაცრდეს კანონი ისე, რომ არასრულწლოვანმა ვერ მოახერხოს იქ მოხვედრა და თამაში.

- პირად ცხოვრებაში თუ გყავთ ქრისტინე ქალთევზაშვილის პროტოტიპი?

- არა, ამ ეტაპზე ჩემთვის კარიერაზე ზრუნვა გაცილებით პრიორიტეტულია. დავამთავრებ უნივერსიტეტს და მერე ვნახოთ. ოცნებად მაქვს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა. ვიცი ავისრულებ, ოღონდ დრო სჭირდება ახდენას.

- 10 წლის შემდეგ როგორ და სად ხედავ საკუთარ თავს?

- ამაზე ხშირად მიფიქრია, ალბათ საზღვარგარეთ ვიქნები 10 წლის შემდეგ, ოღონდ დარჩენას არ ვფიქრობ. საქართველოს გარდა ვერსად ვიცხოვრებ.

- პოპულარობამ შეგცვალათ?

- არა, რას ბრძანებთ, თავში ავარდნის მომენტები არ მაქვს ნამდვილად.

ეკა სალაღაია (სპეციალურად საიტისთვის)