"საქართველოს აუცილებლად დავაყენებთ ფეხზე!"- ქართველი ახალგაზრდები, რომელთაც 2017 წელს განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს - კვირის პალიტრა

"საქართველოს აუცილებლად დავაყენებთ ფეხზე!"- ქართველი ახალგაზრდები, რომელთაც 2017 წელს განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს

2017 წელს საზოგადოებამ გაიცნო რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა, რომელთათვისაც 2017 წელი წარმატებული აღმოჩნდა. წარმოგიდგენთ და კიდევ ერთხელ გაგახსენებთ ამ ნიჭიერ ახალგაზრდებს და კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებთ მათ.

დღეს ამ გოგონას სახელი ყველამ იცის არა მარტო საქართველოში, არამედ გერმანიაშიც. ნათია თოდუასთვის 2017 წელი წარმატებული და ბედნიერი აღმოჩნდა. 21 წლის გოგონა გერმანული "ახალი ხმის" გამარჯვებული გახდა და საკუთარი თავი და ქვეყანა მსოფლიოს გააცნო.

"ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი თუ მე გავხდებოდი პროექტის გამარჯვებული. ეკრანზე ჩემი სახელი რომ დაეწერა, ისე გამიხარდა შოკში ჩავვარდი და ახლაც ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან" - ამბობს ნათია თოდუა. (იხილეთ სრულად)

კოლუმბიის საინჟინრო სკოლის სტუდენტმა, 22 წლის გიორგი მჭედლიშვილმა, 12-კაციან გუნდთან ერთად, სრულიად ახალი, მომავლის თვითმფრინავის მოდელი შეიმუშავა და NASA-ს კონკურსში გაიმარჯვა

"გრიფონი" არის სახელი იმ მომავალი კომერციული თვითმფრინავის მოდელისა, რომელიც თანაგუნდელებთან ერთად შევქმენი. გასულ სექტემბერს, ჩემმა მეგობარმა, ილონ გორდონმა გამაცნო NASA-ს გამოწვევა და მითხრა, რომ სტუდენტთა პატარა გუნდი აპირებდა ამ გამოწვევაში მონაწილეობას და შემომთავაზა, ერთად გვემუშავა პროექტზე. ძალიან სერიოზულად მოვეკიდეთ საქმეს, რადგან გვჯეროდა, რომ არსებობდა თეორიული შანსი - წვლილი შეგვეტანა მომავლის აერონავტიკის განვითარებაში.

"გრიფონზე" 12-კაციანი ჯგუფი ვმუშაობდით, რომელიც შედგებოდა სამი გუნდისგან: ძრავის, აეროდინამიკის და აეროდიზაინის. მე და ილონ გორდონი ძრავის გუნდის თანახელმძღვანელები ვიყავით. უშუალოდ ვმუშაობდი ძრავაში წვისა და გაგრილების სისტემების ოპტიმიზაციაზე. სწორედ წვის გაუმჯობესების შედეგად მავნე ნივთიერებების გამოშვება 80%-ზე მეტით შევამცირე და, შესაბამისად, დავაკმაყოფილეთ NASA-ს უმთავრესი მოთხოვნა. ამავდროულად, წვის სისტემის გაუმჯობესებამ შესაძლებლობა მოგვცა 50-60%-ით შეგვემცირებინა საწვავის მოხმარება.

ამ გამოწვევის მთავარი მიზანი იყო, შეგვექმნა კომერციული თვითმფრინავი, რომლის იმპლემენტაცია სავსებით რეალური იქნებოდა 2025-2035 წლებში. რა თქმა უნდა, ეს პროექტი მოიცავდა ძალიან სერიოზულ ფინანსურ გათვლას. ჩვენი თვითმფრინავის წარმოების ფასიც კონკურენტუნარიანი უნდა ყოფილიყო ბაზარზე არსებულ ფასებთან. ჩვენ ესეც შევძელით და, როგორც ირკვევა, ეს გამოწვევა ჩატარდა უკანასკნელად. შესაძლებელია, მოხდეს ამ დიზაინის სრული ან გარკვეული სისტემის (ძრავის ან აეროდინამიკის) იმპლემენტაცია მომავლის კომერციულ თვითმფრინავებში", - ამბობს ინტერვიუში გიორგი მჭედლიშვილი. (იხილეთ: "საქართველოს აუცილებლად დავაყენებთ ფეხზე!" - მომავლის თვითმფრინავის ქართველი გამომგონებელი)

16 წლის ამირან აფციაურისა და 15 წლის გიორგი შელეგიას ერთობლივმა გამოგონებებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდი მოწონება დაიმსახურა. მათ სულ ხუთი გამოგონება აქვთ. ბიჭები Intel ISEF-ის ახალგაზრდა მეცნიერთა პროექტების საერთაშორისო კონკურსზე მიიწვიეს.

"სულ ხუთი გამოგონება გვაქვს. პირველი სამაჯური და ქამარი იყო. თუ ადამიანი ორივეს ერთდროულად ატარებს, სიარულის დროს ელექტროენერგიის გენერირებას ახდენს და შეგროვებული ენერგიით ტელეფონის დამუხტვა შეუძლია. მოძრაობას არ აფერხებს, ხელს არაფერში უშლის და ლამაზი აქსესუარიცაა. ჩვენ ადამიანის ენერგიას ვიყენებთ, რომელიც აქამდე ტყუილად იხარჯებოდა... მეორე გამოგონებაა ყუთი, რომელიც ასევე ნებისმიერ ვიბრაციაზე იტენება.

მესამე და მეოთხე გამოგონებებია ჩაფხუტი და კეპი, რომლებსაც ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლიათ...", - ამბობს ამირან აფციაური. (იხილეთ სრულად)

23 წლის ნანო ლიკლიკაძე ანაპოლისში ცხოვრობს (აშშ, მერილენდის შტატი) და მეოთხე წელია, იმავე ქალაქის უნივერსიტეტში, St. John's College-ში სწავლობს. ქართველი სტუდენტი ნეპალში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური სახლის აშენებას აპირებს გრანტით, რომელიც მეგობრებთან ერთად მოიგო. (იხილეთ სრულად)