"სხვისი მიცვალებული მატირეს" - ორ ჭირისუფალ ოჯახს სხვადასხვა მიცვალებული გაატანეს - კვირის პალიტრა

"სხვისი მიცვალებული მატირეს" - ორ ჭირისუფალ ოჯახს სხვადასხვა მიცვალებული გაატანეს

ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში ტრაგიკული დაუდევრობა მოხდა - ორ ჭირისუფალ ოჯახს სხვადასხვა მიცვალებული გაატანეს. შეცდომა მხოლოდ რამდენიმე დღის დაგვიანებით, გასვენების წინ გამოვლინდა.

როგორც სიუჟეტიდან გახდა ცნობილი, ზესტაფონის რაიონში დაკრძალვამდე რამდენიმე საათით ადრე გაარკვიეს, რომ ცერცვაძეები და რუხაძეები დღეების განმავლობაში არა საკუთარ ოჯახის წევრს, არამედ ერთმანეთის მიცვალებულებს დასტიროდნენ.

გაუგებრობა საავადმყოფოდან დაიწყო. ქალაქ ზესტაფონსა და სოფელ საქარაში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული მამაკაცები 4 იანვარს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში დაიღუპნენ.

"სხვისი მიცვალებული მატირეს, ეს რა ენითაუწერელი უბედურობა დაგვემართა, საკუთარ ოჯახში გაეტარებინა ეს ხუთი დღე", - განაცხადა ერთ-ერთი გარდაცვლილის მეუღლემ. მისი თქმით, სამედიცინო ცენტრიდან მისი მეუღლის ნაცვლად შეცდომით, მეორე მიცვალებული გამოატანეს. ოჯახის ახლობლებს საკუთარი მიცვალებულის ნამდვილობაში ეჭვი იქვე შეეპარათ, თუმცა, მათი თქმით, დაარწმუნეს, რომ გარდაცვლილი სწორედ მათი ნათესავი იყო.

ოჯახის ახლობლები მომხდარზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ.

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში შეცვლილ მიცვალებულებზე კომენტარი არ გაკეთებულა. საბოლოოდ საქმეში პატრული ჩაერია და ჭირისუფლებმა გასვენების დღეს მიცვალებულები გაცვალეს.