წაქცეული ხეები, დაზიანებული საცხოვრებელი სახლები და ელექტროსადენები - ძლიერი ქარი საქართველოში - კვირის პალიტრა

წაქცეული ხეები, დაზიანებული საცხოვრებელი სახლები და ელექტროსადენები - ძლიერი ქარი საქართველოში

ამინდი საქართველოს მასშტაბით გუშინ საღამოს გაუარესდა. ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა დედაქალაქსა და ქვეყნის რეგიონებში. ქარმა თბილისის სხვადასხვა რაიონში რამდენიმე ხე მოგლიჯა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი სადენები და რამდენიმე ავტომანქანა.

უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ორი რეისი არ შესრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, თურქეთის მიმართულებით დაგეგმილი „თურქიშ ეარლაინსის“ მიერ დაგეგმილი ორი რეისიდან ერთი გადაიდო, ერთი კი გაუქმდა. აეროპორტში განმარტავენ, რომ რეისების გადადებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება თავად ავიაკომპანიამ მიიღო.

რაც შეეხება სხვა რეისებს, როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აღნიშნავენ, ყველა რეისი გეგმის მიხედვით შესრულდა.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გამგებლებს სთხოვა, თბილისის სხვადასხვა რაიონში ძლიერი ქარის შედეგად, მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მაქსიმალურად მოკლე დროში შეისწავლონ.

„ვიცი, რომ მთელი ღამის განმავლობაში, გამგეობის ყველა თანამშრომელი და თქვენც -გამგებლები, პროცესში აქტიურად იყავით ჩართული. საცხოვრებელ სახლებზე სახურავებია გადახდილი. მინდა გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად შევისწავლოთ ყველა დაზიანება და მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ. ასევე, უმოკლეს დროში შემუშავდეს კონკრეტული გეგმები, რომ ის პროექტები განხორციელდეს, რაც გასაკეთებელია“, - მიმართა კახა კალაძემ თბილისის რაიონების გამგებლებს.

ძლიერმა ქარმა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა თელავში. ქარის შედეგად ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. ასევე მოგლეჯილია ხეები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

თელავის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, ძლიერი ქარის შედეგად ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხეა წაქცეული.

ძლიერმა ქარიშხალმა გურჯაანის მუნიციპალიტიც დააზარალა. ახტალის მიმდებარედ წაქცეულია მრავალწლოვანი ნაძვი. სახურავი აქვს ახდილი რამდენიმე ობიექტს და საცხოვრებელ სახლს. ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. გურჯაანის მერიის შესაბამისი სამსახურები შემთხვევის ადგილებზე დილიდან მუშაობენ.

ძლიერმა ქარმა გარკვეული პრობლემები შექმნა რუსთავშიც. რამდენიმე მისამართზე ქარმა შენობების სახურავები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა.

4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება შავი ზღვის სანაპიროზე. მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაციით, ზღვაში საშტორმო მდგომარეობა დღის ბოლომდე შენარჩუნდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელების გამო, მთაში თოვდა, ქროდა ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4 – 5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით