"გია ჭანტურიას დრო შეაფასებს და დააფასებს! ულევი ენერგიის და უბადლო იუმორის მქონე კაცი წავიდა" - კვირის პალიტრა

"გია ჭანტურიას დრო შეაფასებს და დააფასებს! ულევი ენერგიის და უბადლო იუმორის მქონე კაცი წავიდა"

"მახსოვს ყველა ნიუანსი როგორ დაიწყო უდიდესი პროექტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი... გია ჭანტურიას დრო შეაფასებს და დააფასებს! ულევი ენერგიის და უბადლო იუმორის მქონე კაცი წავიდა" - დაწერა "ფეისბუკის" პირად გვერდზე ჟურნალისტმა ბაია ცანავამ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელის გია ჭანტურიას გარდაცვალების თაობაზე, მანვე გამოაქვეყნა უნიკალური ფოტოები, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მშენებელობის დაწყებას ასახავს.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი არ ყოფილა პირველი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც გია ჭანტურიას უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა. ჯერ იყო ბაქო-სუფსის პროექტი, რომელსაც 1996 წლის მარტში მოეწერა ხელი და დაიწყო ინტენსიური მშენებლობა, რომელიც 1998 წელს დასრულდა. ედუარდ შევარდნაძე უკვე 1996 წლიდან ინტენსიურად მუშაობდა ბაქო-ჯეიჰანის პროექტზე და 2002 წელს ჭანტურიამ უკვე ხელი მოაწერა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გაყვანის შესახებ კონტრაქტს, 2003 წელს კი - კონტრაქტს ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის გაყვანის შესახებ.

მოკლედ, გია ჭანტურია იყო კაცი, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელების სათავეში იდგა, რომელთა წყალობითაც ავად თუ კარგად შედგა ახალი ქართული სახელმწიფო.

გია ჭანტურია საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას მისი დაარსების დღიდან 2004 წლის სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა და ამ ხნის განმავლობაში განხორციელებული ყველა პროექტის შესახებ მოლაპარაკებებსა და მათ განხორციელებას კურირებდა.

ის ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 60 წლის ასაკაში 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.

"კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მის ოჯახსა და მეგობრებს.