ზესტაფონელი ბიჭი, რომელიც "facebook"-მა თვის საუკეთესო მთარგმნელად დაასახელა - კვირის პალიტრა

ზესტაფონელი ბიჭი, რომელიც "facebook"-მა თვის საუკეთესო მთარგმნელად დაასახელა

რამაზ ლომიძე ზესტაფონელია, 18 წლისაა და სულ ცოტა ხნის წინ "facebook"-მა თვის საუკეთესო მთარგმნელად დაასახელა. რას ნიშნავს ეს წარმატება და სხვა რა საქმიანობითაა დაკავებული, ამაზე თავად რამაზი გვესაუბრება.

- ზესტაფონელი ვარ, ძალიან მიყვარს ფეხბურთი, ჩემი საყვარელი ფეხბურთის გუნდი "ბარსელონაა". თუმცა ახლა ერთადერთი, რაზეც ვმუშაობ ეს "ფეისბუკის" თარგმნაა.

- რატომ დაიწყე ეს საქმე ?

- "ფეისბუკზე" თარგმნა იმიტომ დავიწყე, რომ მსურს ჩემი თაობაც და მომავალიც იყენებდეს სოციალურ ქსელს ქართულად და ძალიან მინდა, რომ ამაში ჩემი წვლილიც იყოს.

- რას ნიშნავს "facebook"-ზე მთარგმნელობა?

- "ფეისბუკზე" არსებობს გვერდი, რომელიც გვაძლევს "ფეისბუკის" თარგმნის საშუალებას და ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია გაწევრდეს, ისევე, როგორც მე გავწევრდი გასული წლის ივნისში. მოკლედ, თავად "ფეისბუკს" აქვს აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც სპეციალურ ტერმინებს თარგმნი.

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს წარმატება არ ყოფილა მოულოდნელი, ვიცოდი ადრე თუ გვიან, რომ დამასახელებდა "ფეისბუკი", რადგან თითქმის ყოველდღე ვთარგმნი. ამ საქმეს ისევ ვაგრძელებ, მინდა, ანდროიდზე ქართული ენა დაემატოს და ვიდრე არ დაემატება, არ შევწყვეტ თარგმნას.

- რაიმე წამახალისებელი ჯილდო თუ მიიღეთ ამ გამარჯვებით?

- კი, მივიღე... "ფეისბუკის" თარგმნის ოფიციალურმა გვერდმაც მომილოცა, რაც ნამდვილად გასახარი და მისასალმებელი ამბავია.

- რა ფორმით ხდება თარგმნა და დღეში დაახლოებით რამდენ ხანს ანდომებ ამას?

- როგორც ზემოთ აღვნიშნე თარგმნა ყველას შეუძლია, ვისაც კი "ფეისბუკის" პროფილი აქვს. ხოლო რაც შეეხება დროს, როცა მცალია, ყოველთვის ვთარგმნი.

- სამომავლო გეგმები რა გაქვთ?

- უპირველეს ყოვლისა, მსურს უმაღლესი განათლება მივიღო, იმედი მაქვს, რომ წელს ჩავაბარებ. მომავალში ალბათ ვიმოგზაურებ ჩემ საყვარელ ქალაქ ბარსელონაში და ამით ბავშვობის ოცნებას ავიხდენ.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)