თამარ მეფე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ვიდეოთამაშში "Civilization" - კვირის პალიტრა

თამარ მეფე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ვიდეოთამაშში "Civilization"

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვიდეო თამაშის, Civilization-ის ოფიციალურ გვერდზე- www.civilization.com- ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, თამაშის მეექვსე ნაწილში თამარ მეფე გამოჩნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ Civilization VI: Rise and Fall-ში საქართველო ცივილიზაციად ემატება და ნებისმიერ მოთამაშეს ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მეფის როლის მორგების შესაძლებლობა ექნება.

თამაშისას გათვალისწინებულია საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, ისტორია, რელიგია და ის მახასიათებლები, რომლითაც თამარ მეფე იყო ცნობილი, მაგალითად, ჯარისთვის მოტივაციის ამაღლებისა და რწმენის გაჩენის უნარი. თამაშის ტრეილერში ისმის ქართული მუსიკა და თამარ მეფის საუბარი ქართულ ენაზე.

სტრატეგიული ჟანრის კომპიუტერული თამაში Civilization პირველად 1991 წელს გამოვიდა და გეიმერების გული მალევე დაიპყრო.

"ცივილიზაციაში" მოთამაშე იღებს ცივილიზაციის მმართველის როლს, რომელიც ცდილობს იმპერიის აშენებას. დაზვერვის, ომისა და დიპლომატიის უფრო დიდ ამოცანასთან ერთად, მოთამაშემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ სად უნდა ააშენოს ახალი ქალაქები.