"ბიოპლანს" ნარკოტესტი არ უჩვენებს?! - კვირის პალიტრა

"ბიოპლანს" ნარკოტესტი არ უჩვენებს?!

მართალია, საქართველოში ჰეროინისა და "სუბოტექსის" შოვნა გართულდა, მაგრამ სამაგიეროდ, ახალ-ახალი ნარკოსაშუალებები სხვადასხვა გზითა და ხერხით შემოდის. შემოდის წამლების, საკონდიტრო ნაწარმის სახით ან პირველადი მოხმარების ნაწარმად შენიღბული.

ალბათ, ყველას კარგად ახსოვს ხაშხაშის ამბავი, ქვეყანაში დაუბრკოლებლად, საკონდიტრო ნაწარმად რომ შემოდიოდა და თავისუფლად იყიდებოდა. როგორც აღმოჩნდა, საკონდიტრო ხაშხაში (ყაყაჩოს თესლი) სინამდვილეში ოპიუმით ყოფილა გამდიდრებული. ხელმისაწვდომობის გამო (მისი ყიდვა პროდუქტების ბაზრობაზე ყველას შეეძლო) მას მოზარდებიც ეტანებოდნენ და საბოლოოდ "საკონდიტრო" ხაშხაშმა რამდენიმე ახალგაზრდა იმსხვერპლა.

საკონდიტრო ოპიუმის შემოტანა აიკრძალა, მაგრამ ნარკომოვაჭრეებმა გამოსავალი მაინც იპოვეს. ცოტა ხნის წინ ქართულ ბაზარზე გამოჩნდა თითქოს სრულიად უწყინარი ჩაი "სპაისი", რომელიც ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის ცნობილია "ბიოპლანის" სახელით. თუ ჩაის პაკეტზე მითითებულ წარწერას დავუჯერებთ, ეს არის "ეგზოტიკური, მატონიზებელი არომატული ნაზავი" და მოგვიწოდებენ, ისიამოვნეთ "სპაისის" ეგზოტიკური არომატითო.

"სპაისის" ერთგრამიანი ეგზოტიკური არომატით "სიამოვნება" კი თურმე ოთხ კაცს შეუძლია. ინსტრუქციის თანახმად (რომელსაც ზეპირად გასცემენ მისი დისტრიბუტორები), ჩაის დალევა საჭირო არ არის. ის იმავე რაოდენობის თუთუნს უნდა შეურიოთ და ეს საკმარისია, რომ 4 კაცი ნარკოტიკულ თრობას მიეცეს(!). "სპაისის" დისტრიბუტორები ჩაის მოყვარულებს აფრთხილებენ, რომ ერთი პაკეტი ერთმა კაცმა არ უნდა მოიხმაროს, თორემ შესაძლებელია დებილიზმი ან სხვა მძიმე შედეგი განვითარდეს. ახლა ვნახოთ, რა შუაშია ამ "ეგზოტიკურ ჩაისთან" სიტყვა "ბიო". მოგეხსენებათ, სიტყვა "ბიო" ეკოლოგიურად სუფთას ნიშნავს.

ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის გავრცელდა აზრი, რომ ბიოპლანი არის ეკოლოგიურად სუფთა, შედარებით უვნებელი მარიხუანა, რის გამოც მას ნარკოტესტი არ უჩვენებს (როგორც ჩანს, ასეთ რეკლამას გამსაღებლები უკეთებენ). საქმე ის არის, რომ ეგრეთ წოდებული ბიოპლანი სულაც არ არის ეკოლოგიურად სუფთა მარიხუანა. სინამდვილეში "სპაისს" საერთო არაფერი აქვს მარიხუანასთან.

ეს არის უცნობი წარმოშობის ნივთიერება, რომელიც ქართველმა მომხმარებელმა თუ გამსაღებელმა "ბიოპლანად" იმიტომ მონათლა, რომ მისი მოხმარების შემდეგ არც ერთი ნარკოტესტი ნარკოტიკულ თრობას არ უჩვენებს.

სამართალდამცველები მეტად შეშფოთებული არიან, რადგან ელვის სისწრაფით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში შემოვიდა მარიხუანა, რომელთანაც უძლურია ნარკოტესტი და შესაბამისად, პოლიცია და ყველანაირი სანქცია. ამ "მატონიზებელი" ჩაის შოვნა არც ისე ძნელია. მისი გამოწერა შეიძლება ინტერნეტით. ჩაის პაკეტის უკანა მხარეს მითითებულია ტელეფონის ნომერიც, დარეკავ და შინ მოგართმევენ! ოღონდ გასაყიდი პაკეტის მინიმალური რაოდენობა 5 ცალია. ჩაი საკმაოდ ძვირი - 50 ლარი ღირს. ამ სიახლით მეტად დაინტერესდნენ სპეციალური ორგანოები, მაგრამ ამაოდ.

საქმე ის არის, რომ ექსპერტიზამ დღემდე ვერ დაადგინა, რა სახის ნარკოტიკთან გვაქვს საქმე. სავარაუდოდ, ბალახი, რომელიც ამ ვითომდა ჩაის შემადგენელი ნაწილია, უწყინარი მცენარეა, ნარკოტიკული თრობის ეფექტს კი ჯერჯერობით უცნობი ქიმიური შენაერთი იძლევა, რომლითაც ეს ბალახია გამდიდრებული.

მამუკა ლეჟავა, ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი: - ამ საკითხზე სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტიდანაც დამიკავშირდნენ, მაგრამ პასუხი არა გვაქვს. ეტყობა, ეს ახალი პროდუქტია და ამიტომაც მასზე ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი. ვიცით მხოლოდ ის, რომ ამ ჩაის ინტერნეტით უკვეთენ.

ჩვენ გავესაუბრეთ ეგზოტიკური ჩაის მომხმარებელს (რომელმაც ამ ე.წ. ჩაის კოლოფის ფოტოები მოგვაწოდა. - ავტ.), რომელმაც გამიმხილა, რომ ეგრეთ წოდებული "ბიოპლანის" მოწევის შემდეგ თავი ძალზე უცნაურად იგრძნო:

- კაიფის დასრულების შემდეგ ისეთი შეგრძნება მქონდა, როგორც კარგად დაბეგვილ კაცს აქვს ორი დღის შემდეგ.

KvirisPalitra.Geგადავწყვიტეთ, "სპაისის" პაკეტზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე კიდევ ერთხელ დაგვერეკა, მაგრამ ამჯერად  ტელეფონი გათიშული აღმოჩნდა. სანდო წყაროს ინფორმაციით, დაუკავებიათ დისტრიბუტორი, მაგრამ გაუგებარია, რა ბრალდება შეიძლება წაუყენონ მას, რადგან ეგრეთ წოდებული "ბიოპლანის" შემადგენლობა აქამდე ცნობილ ნარკოტიკთა ჩამონათვალში არ შედის.

ცნობილი  არც ჩაის წარმომავლობაა. პაკეტს უკანა მხარეს რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს დროშები ამშვენებს. მითითებულია მწარმოებელიც, - რუსეთის ერთ-ერთი ქიმიური ქარხანა, მაგრამ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ქიმიურ ქარხანას ჩაისთან, ჯერჯერობით გაუგებარია.